“ინტერპრესნიუსი” განცხადებას ავრცელებს:
“პალიტრა მედიის” ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, “ინტერპრესნიუსის” რედაქტორი, რომელიც პასუხისმგებელი იყო დღეს გავრცელებული პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის ვებგვერდზე განთავსებაზე, თანამდებობიდან გათავისუფლდა.
“პალიტრა მედია” გმობს პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების ნებისმიერი ფორმით გავრცელებას და იმედს გამოთქვამს, რომ უმოკლეს დროში მოხდება იმ პირის (თუ პირთა) დადგენა, რომელმაც ინტერნეტსივრცეში ვიდეო ატვირთა და გაავრცელა.
სააგენტო “ინტერპრესნიუსმა” დღეს, რამდენიმე წუთით განათავსა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ yourube-ზე გავრცელდა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა. მიუხედავად იმისა, რომ სააგენტოს ინფორმაციას თან არ ახლდა არც ვიდეომასალა და არც მასზე გადასასვლელი ბმული, დასახელებული იყო ვიდეოს სახელწოდება, რაც საშუალებას იძლეოდა მომხდარიყო პირის იდენტიფიცირება.”
შეგახსენებთ, რომ დღეს ინტერნეტში ერთ-ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდა, რის შესახებაც ინფორმაცია „ინტერპრესნიუსმა“ საიტზე ატვირთა. სააგენტომ მალევე წაშალა დადებული მასალა. თავდაცვის და იუსტიციის სამინისტრომ უკვე გაავრცელა განცხადება, რომ „ინტერპრესნიუსთან“ თანამშრომლობას წყვეტს. უკანონო ვიდეომასალა „იუთუბმა“ სუსთან თანამშრომლობის შედეგად დაბლოკა. მიმდინარეობს გამოძიება.