ახალი ამბები მედია მთავარი პოლიტიკა

“ინტერპრესნიუსში” 4 წელი ვიმუშავე და დღეს ვტოვებ ამ უთავმოყვარეო სააგენტოს!“: 2 სამინისტროც სააგენტოსთან თანამშრომლობას წყვეტს

იუსტიციის და თავდაცვის სამინისტრო სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“ თანამშრომლობას წყვეტს.

იუსტიციის  მინისტრი თეა წულუკიანი ერთ-ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდომასალის სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ და რადიო „ფორტუნას“  მიერ გავრცელების შესახებ სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. თეა წულუკიანი აღნიშნავს, რომ იუსტიციის სამინისტრო ზემოთხსენებულ მედიაარხებთან თანამშრომლობას წყვეტს:

„როგორც ყოფილი ოპოზიციონერი, როგორც ქალი და შესაბამისად ადამიანი (მეტი სხვა სტატუსი არც მინდა ამის წერისას რომ მქონდეს და მძულს ისიც კი, რომ ამის წერა მიწევს), საჯაროდ ვაცხადებ, რომ სამინისტროს სისტემა ipn.ge-თან და ასევე რადიო ფორტუნასთან, მომხდარის გამო, აღარ ითანამშრომლებს. ეს ნიშნავს იმას, რომ ნიუსებს ჩვენგან ოფიციალური რელიზების თუ ინფორმაციების სახით, აღარ მიიღებთ. ინსტრუქცია უკვე ჩაშვებულია აპარატში და სამინისტროს 11-ვე სსიპ-ში და პირადად გავაკონტროლებ ყველა ჩემი სტრუქტურის ყველა პიართანამშრომელს, რომელიც ამ ინსტრუქციის დარღვევისათვის მკაცრად დაისჯება.

მედიამ, მათ შორის პოპულარულმა, მაუწყებლობის ელემენტარული წესები უნდა იცოდეს.

45-50 წუთი დასჭირდათ სპეცსამსახურებსა და აიტისპეციალისტებს, პარტნიორებს, რეაგირებისა და დაბლოკვისათვის, ტირაჟირება კი ზოგიერთს ამ პერიოდში ვერავინ დაასწრო. გულისრევის სმაილი.“-წერს თეა წულუკიანი.

თავდაცვის მინისტრი თინდათინ ხიდაშელი კი სოციალურ ქსელში წერს:

„სრულიად მიუღებელი, უზნეო და ამორალური ფაქტის მოწმე გავხდით მორიგ ჯერზე.

ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვაჩვენოთ მსგავსი ქმედების მიუღებლობა და შეურიგებლობა. პროტესტი უნდა იყოს ქმედითი.

თავდაცვის სამინისტრო და ყველა ჩვენს დაქმვემდებარებაში მყოფი სუბიექტი წყვეტს ამ სააგენტოსთან ურთიერთობას.

არ შეიძლება, აღარ უნდა დავუშვათ, არ უნდა შევეგუოთ!“.

შეგახსენებთ, რომ დღეს „იუთუბზე“ აიტვირთა ერთ-ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები. ამის შესახებ სააგენტო „ინტერპრესნიუსმა“ და რადიო „ფორტუნამ“ მასალა გაავრცელეს.

ვიდეომასალა ინტერნეტსივრცეში გავრცელებიდან დაახლოებით ერთ საათში სუს-თან თანამშრომლობის შედეგად youtube-მა დაბლოკა. მიმდინარეობს გამოძიება.

პ.ს. სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი, რომან ქევხიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ ოთხი წელი თანამშრომლობდა ამ სააგენტოსთან და მომხდარის გამო სამსახურს ტოვებს:

“ინტერპრესნიუსში” 4 წელი ვიმუშავე და დღეს ვტოვებ ამ უთავმოყვარეო სააგენტოს!“ – წერს ჟურნალისტი.

იტვირთბა....