„სააგენტო ინტერპრესნიუსმა 16:11 სთზე გაავრცელა ინფორმაცია ამ ფაქტის შესახებ, რომელიც აღნიშნული პირის, ასევე გავრცელების არხის იდენტიფიცირების შესაძლობლობას იძლეოდა“ – ამის შესახებ მედიის განვითარების ფონდი წერს.
საუბარია ერთ-ერთი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეომასალაზე, რომელიც ინტერნეტში ცოტა ხნის წინ გავრცელდა. საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსმა“ აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა, სახელისა და გვარის მითითებით, რამდენიმე წუთში კი ეს ინფორმაცია წაშალა. თუმცა, მისი ეს ქმედება უყურადღებოდ არ დარჩენილა.
„11 მარტს სოციალურ ქსელებში გავრცელდა ერთ-ერთი პოლიტიკური პირის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო მასალა. სააგენტო ინტერპრესნიუსმა 16:11 სთზე გაავრცელა ინფორმაცია ამ ფაქტის შესახებ, რომელიც აღნიშნული პირის, ასევე გავრცელების არხის იდენტიფიცირების შესაძლობლობას იძლეოდა.
მედიის განვითარების ფონდი მოუწოდებს სააგენტო ინტერპრესნიუსს, ასევე სხვა მედია საშუალებებს, არ დაუშვან პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ტირაჟირება, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად სანდოა ან საეჭვოა ასეთი კადრების წარმომავლობა“- წერს მედიის განვითარების ფონდი.
ამასთან, „საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოცოაცია“, რომელიც ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის წევრია საქართველოში, მოუწოდებს, როგორც ინტერპრესნიუსს, ასევე სხვა მედიასაშუალებებს თავი შეიკავონ მსგავსი მასალების ტირაჟირებისაგან.