ახალი ამბები მთავარი სამართალი

13 მილიონი ლარის უძრავი ქონების მითვისება – საგამოძიებო სამსახურმა თაღლოითობისთვის სამი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების გზით, წინასწარი შეთანხმებით განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე, სამი პირი დააკავეს, მათ შორის, ერთ-ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

უწყების განცხადებით, დანაშაული სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-იდან 9-წლამდე ითვალისწინებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, საქართველოში რეგისტრირებული ერთ-ერთი კომპანიის დაახლოებით 13 მილიონი ლარის ღირებულების უძრავი ქონების მოტყუებით დაუფლების მიზნით, გააყალბეს საზღვარგარეთ მოქმედი ნოტარიუსის სახელით დამოწმებული მინდობილობა, რომლითაც კომპანიის დამფუძნებელი თითქოსდა აძლევდა ერთ-ერთ ბრალდებულს უფლებამოსილებას მისი წარმომადგენლობის თაობაზე.

აღნიშნული ყალბი მინდობილობის გამოყენებით, ბრალდებულებმა იუსტიციის სახლში წარადგინეს განცხადება, რომლითაც მოითხოვეს კომპანიის სადამფუძნებლო კაპიტალის, მათივე დანაშაულებრივი ჯგუფის წევრზე გადაფორმება და დირექტორის ცვლილება, რაც ვერ განახორციელეს საგამოძიებო სამსახურისა და იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კოორდინირებული მოქმედებების შედეგად.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე და 180-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით” – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იტვირთბა....