ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ბაჩალიაშვილის ოჯახი ამტკიცებს, რომ ყოფილ გამომძიებელზე ზეწოლა განხორციელდა

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვს, რადგან 23 წლის პროგრამისტის დედა დარწმუნებულია, რომ საქმის ყოფილმა გამომძიებელმა დანაშაული ზეწოლის შედეგად აღიარა.

“მაშინვე ველოდებოდი, რომ დააკავებდნენ და მერე ისე შეაცვლევინებდნენ. ეცადნენ, ჯერ ისე მიუდგნენ, რომ თავისით გადაეთქვა და სამჯერ დააფიქსირა კაცმა, რომ არ გადავთქვამო. მერე დაიჭირეს და რავიცი ეხლა რა ზეწოლა მოახდინეს, რა დაალევინეს ან რითი დაემუქრნენ. ალბათ, ჩემი თამარ ბაჩალიაშვილივით დაგიხოცავთ შვილებსო და ეხლა რომელი მშობელი გაუძლებს ასეთ ზეწოლას. თავიანთი სტრუქტურის ადამიანი იყო. ესე გამოვიდა და იმდენი ვეღარ იცოდა ტელეფონი შეეშალა თუ არ შეეშალა. ან თამუნაზე, თამარ ბაჩალიაშვილზე იყო საუბარი თუ ვისზე იყო, აღარ იცოდა?,” – ამბობს
თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი.

​ბაჩალიაშვილის მამა, ჯუმბერ ბაჩალიაშვილი კი კვლავ თვლის, რომ მისი შვილი ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეს შეეწირა.

“რაც მან [ყოფილმა გამომძიებელმა, სერგო შუბითიძემ] თქვა, ეს სიმართლეა. სანამ იტყოდა, ჩვენ ვიცოდით. ამანაც რომ თქვა, ზუსტად დამტკიცდა ის საქმე. აქამდე ჩვენ ვიცოდით ესა. ამდენი მკვლელობით როგორ უნდა გაიხაროს შოთაძემ. რაც საქართველოში ხდება მკვლელობა, ყველა მკვლელობაში ხელი აქვს ამ არაკაც უნამუსოს, ყველა მკვლელობაში. ხალხის შვილების სისხლის ხარჯზე ფულიანდება და ქონებას იმატებს. როდემდე უნდა იცხოვროს ესეთმა ნაგავმა. აი, ამიტომაც ხალხი უნდა გამოვიდეს. მანიაკების ხელში ვართ. თავიანთ თავს ხომ არ დაიჭერენ. მომიკლეს შვილი. თამარ ბაჩალიაშვილი მოკლეს. ქოლ-ცენტრის ამბავზე მოკლეს ეს ბავშვი,” – ამბობს ჯუმბერ ბაჩალიაშვილი.

ცნობისთვის, 29 აპრილს, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ერთ-ერთმა ყოფილმა გამომძიებელმა საქმეზე ტელეკომპანია “ფორმულას” ვრცელი ინტერვიუ მისცა. სერგო შუბითიძე აცხადებდა, რომ მტკიცებულებები გაყალბებულია.

25 ივნისს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ სერგო შუბითიძე დააკავეს. პროკურატურა ამტკიცებდა, რომ ყოფილმა გამომძიებელმა სასამართლოში მოწმედ დაკითხვისას ცრუ ჩვენება მისცა. დღეს მისმა ადვოკატმა განაცხადა, რომ შუბითიძე ბრალს აღიარებს.

იტვირთბა....