„ვთქვათ, ახლა 19 საათია. რამდენი საათის შემდეგ იქნება ხვალინდელი დღის 13 საათი?“- ეს კითხვა დაწყებითი საფეხურის მასწავლებლების ტესტიდან ერთ-ერთია.
სკოლის მასწავლებელთა 83%-მა პროფესიული გამოცდის მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა. ოფიციალური მონაცემების თანახმად კი ყველაზე სავალალო შედეგი დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებს აქვთ. კერძოდ, გამოცდაზე მისული 1 167 პედაგოგიდან პროფესიული გამოცდის მინიმალური ზღვარი მხოლოდ 94-მა პედაგოგმა, ანუ დაახლოებით 8%-მა გადალახა.
გთავაზობთ რამდენიმე კითხვას დაწყებითი საფეხურის მასწავლებლების ტესტებიდან:
ვთქვათ, ახლა 19 საათია. რამდენი საათის შემდეგ იქნება ხვალინდელი დღის 13 საათი?: (ა) 6 (ბ) 14 (გ) 18 (დ) 32;
ორნიშნა რიცხვის ციფრები ერთმანეთის მომდევნო ნატურალური რიცხვებია. მეორე ორნიშნა რიცხვი ჩაწერილია იმავე ციფრებით, ოღონდ შებრუნებული რიგით. ამ რიცხვებიდან ერთ-ერთი მეტია მეორეზე: (ა) 7-ით (ბ) 9-ით (გ) 10-ით (დ) 11-ით;
რომელი ქიმიური ელემენტის დეფიციტი იწვევს ადამიანის ორგანიზმში ძვლების სიმყიფეს? (ა) რკინის (ბ) კალციუმის (გ) ფოსფორის (დ) კალიუმის;
დაადგინეთ შესაბამისობა გეოგრაფიულ ობიექტებსა და კონტინენტებს შორის. ქვემოთ მოცემულ ცხრილში გეოგრაფიული ობიექტის აღმნიშვნელ ასოს მიუწერეთ შესაბამისი კონტინენტის ნომერი (გაითვალისწინეთ, ერთი შესაძლო პასუხი ზედმეტია).
(ა) გრენლანდია 1. ავსტრალია
(ბ) ტიბეტის ზეგანი 2. აზია
(გ) ამაზონი 3. აფრიკა
(დ) საჰარა 4. სამხრეთი ამერიკა
- ჩრდილოეთი ამერიკა
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი არ არის ნაწილაკდართული სიტყვა?: (ა) ჩემებრ (ბ) ცოტაღა (გ) იმგვარივე (დ) ხუთიოდე
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელ წინადადებებშია ზმნა მოცემული სწორი
ფორმით?
- შემოდგომაზე მოვკრეფ ყურძენს.
- წიგნიდან ამოვკრეფ არსებით სახელებს.
III. ხშირად ვკრებ მეექვსე კლასის მოსწავლეთა მშობლებს.
- მალე შევკრეფ ლიტერატურის მოყვარულებს.
(ა) პირველსა და მესამეში
(ბ) მეორესა და მესამეში
(გ) მეორესა და მეოთხეში
(დ) მესამესა და მეოთხეში;
როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ განაცხადა, მასწავლებელთა პროფესიული გამოცდების შედეგები სახარბიელო არ არის, თუმცა არც ისე სავალალო მდგომარეობაში ვართ.
“მასწავლებლები სხვადასხვა მიმართულებით გადიან სხვადასხვა შედეგებს. მაგალითისთვის გეტყვით საკლასო დაკვირვების შესახებ, სადაც პედაგოგებს გაცილებით უკეთესი შედეგები აქვთ. ეს რამდენიმე ფაქტორთან არის დაკავშირებული, რამდენად შეუძლია მასწავლებელს დაადასტუროს თავისი ცოდნა იმ ფორმატით, რასაც ტესტით ვთავაზობთ, რამდენად მორგებულია და ადაპტირებულია თანამედროვე ტექნოლოგიებთან და ა.შ. ეს პრობლემა, რომელზეც ვსაუბრობთ ბევრი წლის წინ დაიწყო, მხოლოდ შარშანწინ მოხდა ამ პრობლემის მოსაგვარებლად იმ სისტემის შეთავაზება, რომლითაც უნდა დავძლიოთ ეს პრობლემა. ეს რომ ხუთი წლის წინ დაწყებულიყო, სხვა შედეგი გვექნებოდა. შედეგები გარკვეულ პერიოდში გვექნება და არც თუ ისე შორს”, – აღნიშნა მინისტრმა.
ცნობისთვის, პედაგოგთა ბოლო საგნობრივი გამოცდა მიმდინარე წლის იანვარში ჩატარდა, სადაც სულ 10 552 პრაქტიკოსი პედაგოგი დარეგისტრირდა, მათგან ტესტირება 6 477-მა გაიარა, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი კი რომელიც 60%-ით განისაზღვრებოდა, 1 101-მა ანუ საერთო რაოდენობის თითქმის 17%-მა გადალახა.