ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მედიაციის პროცესი უფრო აქტიურად უნდა წარიმართოს და კომპანიამ მაქსიმალურად გაითვალისწინოს დასაქმებულების სამართლიანი მოთხოვნები – ლევან იოსელიანი

საქართველოს სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის განცხადებით, კომპანიამ მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს გაფიცული მაღაროელების სამართლიანი მოთხოვნები და შემჭიდროებულ ვადებში მოხდეს მათთვის მისაღები პირობების შეთავაზება.

“საქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება ჭიათურელი მაღაროელების პროტესტს, რომლებიც ღირსეული სამუშაო პირობების უზრუნველყოფას ითხოვენ. სახალხო დამცველი უშუალოდ შეხვდა მაღაროელებს და მოისმინა მათი პრობლემები, ასევე მისი წარმომადგენლები იმყოფებოდნენ მათ მიერ ორგანიზებულ აქციებზე როგორც ჭიათურაში, ისე თბილისში.

ჭიათურელი მაღაროელები თავიანთი უფლებების დასაცავად უკვე ათ დღეზე მეტია შიმშილობენ. ასევე კომპანიასა და დასაქმებულებს შორის არსებული შეუთანხმებლობა მწვავე დაძაბულობას აღწევს და დასაქმებულები მიმართავენ პროტესტის სხვა უკიდურესი ფორმებს. გავრცელებული ინფორმაციით, მათ შორის, გუშინაც ერთ-ერთ მაღაროელს, ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო კლინიკაში გადაყვანა დასჭირდა.

საქართველოს სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ შრომითი უფლებების დაცვა, უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა არსებითია როგორც ღირსეული სამუშაოს, ასევე მდგრადი ეკონომიკური ზრდისა და პროდუქტიული დასაქმების ხელშეწყობისთვის.

სახალხო დამცველს აუცილებლად მიაჩნია, რომ უფრო აქტიურად წარიმართოს მედიაციის პროცესი, კომპანიამ მაქსიმალურად გაითვალისწინოს დასაქმებულების სამართლიანი მოთხოვნები და მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში მოხდეს მათთვის მისაღები პირობების შეთავაზება, შეთანხმების მიღწევის მიზნით” – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.

იტვირთბა....