შენობა, ჟურნალისტები, ტექნიკა და სახელი „მაესტრო“ მაკა ასათიანს, კიკაბიძეს და ღლონტს მიაქვთ, ხოლო ვალები, რომელიც ტელეკომპანიას ჰქონდა ძმებმა გაჩეჩილაძეებმა უნდა გადაიხადონ და ხელში რეალურად არაფერი რჩებათ…
მას შემდეგ რაც „სტუდია მაესტროს“ დირექტორმა ლევან გაჩეჩილაძემ ღიად განაცხადა, რომ შესაძლოა ტელეკომპანია „მაესტრო“ „მეცხრე არხის“ შენობაში განთავსდეს, უფრო რეალური გახდა ეჭვები, რომ „მაესტროს“ მოვლენების უკან ხელისუფლება დგას.
„ტაბულას“ მფლობელი თამარ ჩერგოლეიშვილი „მეტრონომთან“ საუბარში აცხადებს, რომ წინასაარჩევნოდ ხელისუფლებას სურს მედიაზე გავლენის მოპოვება და გაჩეჩილაძეების უკან ხელისუფლება დგას.
„გაჩეჩილაძის განცხადება არ მჭირდებოდა იმისთვის, რათა მივხვედრილიყავი, რომ ამ მოვლენების უკან ხელისუფლება დგას. ის, რომ არჩევნების წინ ხელისუფლება გავლენის მოპოვებას ცდილობს მედიაზე, ისეთ მედიაზეც კი, რომელიც მის კონტროლქვეშ არაა, მკვეთრად ანტისახელისუფლებო არ არის, ოღონდ არც მის კონტროლქვეშ არ არის. ამის მაგალითი იყო ინგა გრიგოლიას გადაცემის დახურვა. იგივე მოხდა „მაესტროს“ შემთხვევაში მთლიანად ვერ აკონტროლებდა და ცდილობენ კონცენტრაცია გააკეთონ ყველა იმ ტელევიზიის, რომ ვიღაცამ სრული კონტროლი მოიპოვოს მედიაზე. „რუსთავი2“-ის შემთხვევაში ამ ეტაპზე კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ, საზოგადოებრივი პროტესტისა და მის კონტროლს მიღმა დარჩენილი საკონსტიტუციო სასამართლოსა და დასავლური მხარდაჭერის მეშვეობით, მაგრამ სადაც გასდით გასდით. მთავარი სისულელე ბიძინა ივანიშვილის იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანები არჩევნებზე გადაწყვეტილებებს იღებენ არა იმის მიხედვით ტელევიზორში რას ხედავენ, არამედ იმით, ჯიბეში და მაცივარში რა უდევთ. რასაკვირველია, მედიის გავლენა დიდია, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე და დაპირებების შესრულებებიდან გამომდინარე და არა იქიდან გამომდინარე რას ხედავენ ტელევიზორში. მედიას გავლენა აქვს, მაგრამ რაც არ უნდა ქნას ივანიშვილმა არჩევნებში, წარმატებას მაინც ვერ მიაღწევს. ეს ჩვენ წინა არჩევნებზეც დავინახეთ, სამი მსხვილი ტელეკომპანია იყო, სამივე „ნაციონალური მოძრაობის“ კონტროლის ქვეშ მაგრამ რა?“ – აცხადებს ჩერგოლეიშვილი.
„მეტრონომი“: საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ მედიის მისაკუთრების საკითხში ეს ხელისუფლება უფრო მოხერხებულია, ვიდრე წინა ხელისუფლება იყო. იზიარებთ ამ აზრს?
-„უფრო მოხერხებული რომ ყოფილიყო „რუსთავი 2“ მითვისებული ექნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ პარალელები არასწორია, ფაქტია, რომ ხელისუფლება შეიჭრა „იმედში“ და მის კონტროლქვეშ გადავიდა ტელევიზია. „რუსთავი 2“ მის მიღმა რჩება შესაბამისად, მოხერხებულობას ვერ დავარქმევთ . უბრალოდ ცდილობენ იგივე არ გაიმეორონ, რაც მოხდა, რადგან მაგ შემთხვევაში უკვე ძალიან აშკარა იქნება, ის რომ იგივეს აკეთებენ რის გამოც წინას აკრიტიკებენ. ამ შემთხვევაში ცდილობენ მესაკუთრეთა დავად წარმოგვიდგინონ საკითხი“. – ამბობს ჩერგოლეიშვილი.
„მაესტროს“ საკითხს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ინგი გრიგოლიაც ეხმაურება.
“აბა რა საერთოდ არაა ,,მაესტროს,, ამბავი პოლიტიკური და ასე შემდეგ, დაჯდებიან „მეცხრე არხის“ შენობაში და იჯდეი რაო……რა შუაშია პოლიტიკა”- წერს გრიგოლია სოციალურ ქსელში, რითაც ფაქტობრივად მიანიშნებს, რომ „მაესტროში“ მიმდინარე მოვლენები პოლიტიკასთან პირდაპირ კავშირშია.
გრიგოლიას პათოსს აგრძელებს „მაესტროს“ ყოფილი გენერალური დირექტორი ბაია გადაბაძეც. „ვაგრძელებ ინგა ინგა გრიგოლიას ინიციატივას, ბევრი გული და ლაიქი ამ ინფორმაციას“ – წერს გადაბაძე.
მოგვიანებით, „მაესტრო 24“-ის გენერალურმა დირექტორმა, ილია კიკაბიძემ სპეციალური ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით, უახლოეს მომავალში, როგორც სავაჭრო ნიშან „მაესტროს“ ავტორი და დამფუძნებელი, „მაესტროს“ ბრენდის ქვეშ მაუწყებლობას დაიწყებს მაკა ასათიანის კუთვნილი შენობიდან. რაც შეეხება ლევან გაჩეჩილაძეს და მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ყოფილი“ მეცხრე არხის“ შენობიდან მაუწყებლობის დაწყებაზე, ილია კიკაბიძის თქმით, მან არ იცის ვინ სად და რა სახელით აპირებს მაუწყებლობას.
ილია კიკაბიძე: მიდის ნარატივი, თითქოს ლევან გაჩეჩილაძე ტელეკომპანიის დირექტორად დაინიშნა. ლევან გაჩეჩილაძე შპს -ს დირექტორად დაინიშნა და არა ტელეკომპანიის დირექტორად.
ყველასთვის ცნობილია, რომ სავაჭრო ნიშნის „მაესტროს“ დარეგისტრირება მოხდა 2011 წელს, ჩემ მიერ, როგორც „მაესტროს“ იმჟამინდელი დირექტორის მიერ. ეს სახელი მანამდეც იყო გამოყენებული სატელევზიიო სივრცეში და მოფიქრებული იყო ჩემი და ჩემი მეგობრების მიერ. თუმცა, 2011 წლის 29 დეკემბერს მოხდა დარეგისტრირება ეროსი კიწმარიშვილისგან განხორციელებული ყველასთვის ცნობილი მოვლენების გამო.
როცა შპს „სტუდია მაესტროს“ დირექტორობიდან წავედი, ახალ ხელმძღვანებლობას შევუთანხმდი, რომ ამ სახელის გადარეგისტრირებას მოვახდენდი იმ შპს-ზე, რომელიც ჩამოვაყალიბე და ჰქვია შპს „ტელეკომპანია მაესტრო“. თუმცა, სახელის გამოყენების ნებართვაზე ზეპირსიტყვიერად შევთანხდით ახალ ხელმძღვანელობასთან, და მე დავუტოვე მათ ამ სახელის გამოყენების უფლება სატელევიზიო სივრცეში, იმიტომ, რომ მაშინდელი დამფუძნებელის პროცენტული გადანაწილება და მენეჯმენტი არ მაძლევდა იმის საშუალებას მათთვის ეს ამეკრძალა. ამის შემდეგ ჩემი კომპანია შპს „ტელეკომპანია მაესტროთი“ ავტორიზაცია გავიარე, მარეგულირებელ კომისიას მივმართე და შევატყობინე საკუთარი ტელეკომპანიის გაკეთების სურვილი. ბოლო მოვლენები გახდა იმის საფუძველი, რომ უახლოეს მომავალში „მაესტროს“ სახელით დავიწყო მაუწყებლობა. გარკვეული კონსულტაციები მქონდა მაკა ასათიანთან და შევთანხდით შენობასთან და აღჭურვილობასთან დაკავშირებით, რაც მაუწყებლობისთვის საჭიროა. ასევე მქონდა სახელის თანაავტორებთან, ეკა აკობიასთან და მამუკა ღლონტთან კონსულტაცია და რამდენიმე დღეში როგორც შპს „ტელეკომპანია მაესტროს“ დირექტორი და დამფუძნებელი, დავიწყებ მაუწყებლობას. ადამიანებს, რომლებიც „მაესტროში“ მუშაობდნენ, ყველას შევხვდები, შევთავაზებ თანამშრომლობას. ასევე მივმართავ მამუკა ღლონტს, მინდა ვთხოვო მიიღოს კონსულტაციის მხრივ „მაესტროს“ მართვაში მონაწილეობა.
ვიმეორებ, შპს „სტუდია მაესტრო“-ს დირექტორად ლევან გაჩეჩილაძის მოვლენა არ ნიშნავს იმას რომ ამ შპს-ს არ ჰყავს სხვა დამფუძნებელები. ასევე ამ შპს-ს აქვს დიდი დავალიანება მაკა ასათიანის კომპანიის მიმართ. ასე რომ ყველანაირი შესაძლებლობა გვექნება, ვისარგებლოთ იმ ქონებით, რასაც მაკა ასათიანის კომპანია ფლობს. – განაცხადა ილია კიკაბიძემ.
კიკაბიძის განცხადების შემდეგ კომენტარი გააკეთა გია გაჩეჩილაძემ.
„ბაჩო კიკაბიძის ტელევიზია “მაესტროს” სახელით ვერ იფუნქციონირებს, ამის უფლება არ აქვს“, – ამის შესახებ “მაესტროს” საკონტროლო პაკეტის მფლობელმა გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) “ინტერპრესნიუსს” ბაჩო კიკაბიძის მიერ გაკეთებულ შესაბამის განცხადებაზე კომენტირებისას განუცხადა.
როგორც გაჩეჩილაძემ განმარტა, “მაესტროს” სახელის გამოყენებისთვის ყველა დამფუძნებლის თანხმობაა საჭირო.
ასე თუ ისე, საინტერესოდ ვითარდება მოვლენები „მაესტროში“. თუკი ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც კიკაბიძე აცხადებს, გამოდის, რომ შენობა, ჟურნალისტები, ტექნიკა და სახელი „მაესტრო“ მაკა ასათიანს, კიკაბიძეს და ღლონტს რჩება, ხოლო ვალები, რომელიც ტელეკომპანიას ჰქონდა ძმებმა გაჩეჩილაძეებმა უნდა გადაიხადონ და ხელში რეალურად არაფერი რჩებათ.
მარიამ ვარადაშვილი
მანა ნოდია