სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 18.7 პროცენტით, ანუ 270.1 ლარით გაიზარდა და 1 716.6 ლარი შეადგინა.
საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3 761.1 ლარი, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 23.8 პროცენტით მეტია. ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 631.3 ლარი, ზრდამ 55.2 პროცენტი შეადგინა. პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 386.8 ლარი, გაიზარდა 21.6 პროცენტით. მშენებლობა – 2 145.5 ლარი, გაიზარდა 14.7 პროცენტით.
ამასთან, საქსტატის ცნობით, 2023 წლის პირველ კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 375.7 ლარით, ხოლო კაცების – 2 053.4 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 190.9 ლარი, ანუ 16.1% შეადგინა, ხოლო კაცებში – 358.1 ლარი, რაც 21.1%-ით მეტია გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით.
საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.
საანგარიშო პერიოდში, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 279.4 ლარით, ანუ 18.9%-ით გაიზარდა და 1 759.1 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი 3 740.2 ლარი, ინფორმაცია და კომუნიკაციის, ასევე ხელოვნება, გართობა და დასვენების (2 832.9 ლარი) დარგებში ფიქსირდება.