ცნობილი ფრანგი მწერლის ფრედერიკ ბეგბედერის მკითხველთან შეხვედრა 11 მარტს, ბიბლუსი გალერეაში, 15:30 საათზეა დაგეგმილი. ავტორი გაესაუბრება მკითხველს, უპასუხებს მათ კითხვებს და ავტოგრაფებს დაარიგებს.
სპეციალურად მკითხველისთვის, ბეგბედერის ერთ-ერთი ბესთსელერის „99 ფრანკის“ სპეციალური ვერსია გამოიცა.
უკვე გამოიცა: “99 ფრანკი” , რომელიც შევიდა სერიაში, “50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ”, ცალკეულ გამოცემებად გამოვიდა Windows On The World, “საბოლოო აღწერა ჩამოფასებამდე”, “მიშველე, ბოდიში” . ბეგბედერის სამტომეული გამოვიდა “ჩემი რჩეული მსოფლიოს” ფარგლებშიც. მასში შევიდა წიგნები: “ფრანგული რომანი”, ” 99 ფრანკი”, ” მოსიყვარულე ეგოისტი”, Windows On The World.
თანამედროვე ფრანგი მწერალი, ლიტერატურული კრიტიკოსი და გამომცემელი ფრედერიკ ბეგბედერი დაიბადა 1965 წელს საფრანგეთში. იგი თავის ოჯახს ძალიან ბურჟუაზიულს უწოდებს და ამბობს, რომ ამ ფენისგან გამოყოფა მოისურვა. გამოეყო კიდეც თავისი სკანდალური რომანით – 2000 წელს გამოიცა ბეგბედერის ყველაზე ცნობილი ნაწარმოები “99 ფრანკი” , რომელსაც მოგვიანებით ავტორის აღიარება მოჰყვა, თუმცა რომანის სიუჟეტისა და მასში ასახული თანამედროვე რეალობის გამო ბეგბედერი სარეკლამო სააგენტოდან დაითხოვეს.
ბეგბედერმა განათლება მიღო მონტენისა და ლუი-ლე-გრანის ლიცეუმებში. შემდეგ დაამთავრა პარიზის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტი. უმაღლესი განათლება აქვს მიღებული მარკეტინგშიც.
1990 წელს გამოაქვეყნა თავისი პირველი რომანი: „შეშლილი ახალგაზრდის მემუარები“, რის შემდეგაც გახდა ერთ-ერთი დიდი სარეკლამო სააგენტოს რედაქტორი. 1994 წელს გამოვიდა მისი მეორე რომანი „არდადეგები კომაში“. 2003 წელს მწერალმა ინტერალიეს პრემია აიღო რომანისთვის „Windows on the world“, რომელიც 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტს ეხება. 2005 წელს გამოვიდა ბეგბედერის „რომენტიკოსი ეგოისტი“, ორი წლის შემდეგ კი — „მიშველეთ ბოდიში“.დღემდე ბეგბედერი არის 1994 წელს მის მიერვე დაარსებული ფლორის პრემიის ჟიურის თავმჯდომარე. მან ასევე დააარსა სადის პრემია, 2001 წელს, ლიონელ არასილთან ერთად. 2007 წელს გამოვიდა „99 ფრანკის“ მიხედვით შექმნილი კინოფილმი, რომლის რეჟისორია ჟან კუნენი. ფილმში ბეგბედერიც მცირე ეპიზოდურ როლს ასრულებს.
2008 წლის 29 იანვრის საღამოს ფრედერიკ ბეგბედერი ერთ თავის მეგობართან ერთად დააკავეს ნარკოტიკების მოხმარების გამო. მან წინასწარი დაკავების საკანში 39 საათი გაატარა, რის შემდეგაც გაათავისუფლეს.
ფრედერიკ ბეგბედერი საქართველოს “ჟურნალი 12”-ის რედაქტორის ოლგა ბაბლუანის მოწვევით ესტუმრება.
ვიზიტის ფარგლებში, 11 მარტს, ავტორი გამართავს პრესკონფერენციას მედიის წარმომადგენლებისათვის და მწერალთა სახლში დახურულ შეხვედრაზე შეხვდება ქართველ მწერლებს. 12 მარტს გაიმართება მისი ახალი ფილმის “სიყვარული ცოცხლობს 3 წელი“ ჩვენება.