საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის I კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 496.6 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის ანალოგიური პერიოდის წინასწარ მონაცემებზე 13.7%-ით ნაკლებია, ხოლო 2022 წლის IV კვარტლის მონაცემებს 53.3%-ით აღემატება.
I კვარტალში, წინა წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებთან შედარებით, სააქციო კაპიტალი 17%-ით გაიზარდა და 300.2 მლნ დოლარი იყო, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 60.5%-ია. წლიურად შემცირდა რეინვესტირების მაჩვენებელი და 189.6 მლნ დოლარი შეადგინა, ხოლო მისი წილი 38.2%-ით განისაზღვრა.
3 თვეში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში განხორციელდა და 226.3 მლნ დოლარი შეადგინა.
უმსხვილესი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განაწილება ეკონომიკის სექტორების მიხედვით:
დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი – 226.3 მლნ დოლარი (მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 45.6%);
ვაჭრობის სექტორი – 90.7 მლნ დოლარი (18.3%);
ტრანსპორტის სექტორი – 43.3 მლნ დოლარი (8.7%).
სტატისტიკური მონაცემებით, 2023 წლის I კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: პირველ ადგილზე იყო ნიდერლანდები – 239.6 მლნ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 48.2%-ს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფებოდა იაპონია – 63.2 მლნ დოლარით (12.7%), ხოლო მესამე პოზიცია დაიკავა აშშ-მა – 54.7 მლნ დოლარით (11%).