„ძალოვანების სახლში მისვლა და ამით ერთგვარი დაშინება ოჯახის წევრებისა, რომლებთან ერთად არც კი ვცხოვრობ მეოთხე წელია, არის ლაჩრობა და ყველაზე დიდი სიმდაბლე“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი წერს.
ირაკლი კუპრაძე აღნიშნულ უნივერსიტეტში თვითმმართველობის ყოფილი ერთ-ერთი თავმჯდომარის, გიორგი გაფრინდაშვილის კანცლერად არჩევას სხვა სტუდენტებთან ერთად ორი კვირაა აპროტესტებს. პარალელურად, სტუდენტებმა იმ უშიშროების სამსახურის თანამშრომლების ვინაობა ამხილეს, რომლებიც საუნივერსიტეტო შიდა საქმეებში და კანცლერის არჩევნებში უხეშად ერევიან. კუპრაძე ამბობს, რომ ბათუმში, მის სახლში, სავარაუდოდ ძალოვანი უწყებების ორი თანამშრომელი მივიდა და მასთან ერთად, მისი ოჯახის წევრების შესახებ ინფორმაცია მოითხოვა.
„დედაჩემმა ძალიან მთხოვა, რომ ეს ამბავი არ მომეყოლა ისევ ჩემზე დარდის გამო და სიტუაციის გართულების თავიდან ასაცილებლად. შესაბამისად, მხოლოდ იმიტომ არ მოვყევი, რომ დედა ძალიან ნერვიულობდა და მისი ნერვიულობა არაფრის ფასად არ მიღირს, თუმცა, ახლა უკვე ის ეტაპია, როცა ყველაფრის ღიად თქმა განგაშის ზარივით აუცილებელია და ნებისმიერი ტიპის დავდასხმისგან დაგვიცავს მე და ჩემს მეგობრებს…
უკვე მეორე კვირაა ჩართული ვართ უნივერსიტეტში მიუღებელი, სტუდენტებზე მოძალადეების მფარველი, თვითმმართველობის ყოფილი ერთ-ერთი თავმჯდომარის გიორგი გაფრინდაშვილის კანცლერად არჩევის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამის პარალელურად, სახელი გვარებით ვამხილეთ უშიშროების სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც უხეშად ერევიან საუნიევრსიტეტო შიდა საქმეებში და კანცლერის არჩევნებში (უნივერსიტეტში ჩანერგილი უშიშროების თანამშრომელი ივა კავსაძე გიორგი გაფრინდაშვილის ჯგუფელი და მეგობარია. უნივერსიტეტის მაღალი თანამდებობის პირები დაშინებულები არიან და მხოლოდ პირად საუბრებში ამბობენ, რომ ივა კავსაძე 2012 წელს დაკავებული იქნა საბაჟოზე გლობალTV-ის აპარატურის შემოტანისას, როცა მან აპარატურა გამიზნულად დააზიანა. ამის შემდეგ ის თსუ-ში აღმოჩნდა ,,ოდეერად”). ეს ყველაფერი კამერების წინაშე კატეგორიული მოთხოვნის შემდეგ დაადასტურა უნივერსიტეტის რექტორმა. დღეს გამოქვეყნებული კადრების მიხედვით, დამტკიცდა, რომ მე და ლევან ლორთქიფანიძეს გვითვალთვალებენ კიდეც, ტელეფონის მოსმენაზე ხო საუბარიც ზედმეტია.
რამდენიმე დღის წინ კი, ბათუმში სადაც ჩემი ოჯახი: დედა, ბებია და პატარა და ცხოვრობს ორჯერ მივიდა ორი უშიშროების/პოლიციის (უფორმოდ იყვნენ) სამსახურის თანამშრომელები, რომლებიც პიკაპის ჯიპით იყვნენ და პირადად მე მომიკითხეს, მოითხოვეს დედაჩემისბგან ყველა ტიპის ინფორმაცია ჩემზე და ოჯახის სხვა წევრებზე, ისე რომ არაფერი არ აუხსნიათ რა ხდებოდა… დედაჩემი იმდენად შეშინდა და დაიბნა, რომ სახელი გვარებიც კი ვერ ჰკითხა და ვერც მანქანის ნომერი დაიმახსოვრა, რომ შემდეგ გამომერკვია ყველაფერი. ვისაც შესაძლებლობა გაქვთ, ძალიან გთხოვთ, იქნებ გამორკვევაში დამეხმაროთ, ვინ იყვნენ და რა უნდოდათ.
დღემდე, დედაჩემი მირეკავს ლამის ყოველ ნახევარ საათში ანერვიულებული მთხოვს ნურაფერში ნუ ერევი, გაჩერდიო. უკვე დღეს, ჩემი მეგობრის ლევანის ოჯახზეც დაიწყეს ცილისწამების საჯაროდ ქსელში გავრცელება, ამ დროს არ მაქვს უფლება რომ ჩუმად ვიყო.
ეს არის ზეწოლა ყველა ჩვენგანზე, გვირტყამენ იქ, სადაც ყველაზე მეტად გვტკივა და რაც ყველაზე მეტად ძვირფასია. ჩემთვის ეს ოჯახია. ჰოდა, მინდა გითხრათ ყველას ვისაც რაიმე წვლილი მიგიძღვით ამ ყველაფერში, მშობლებზე-ოჯახებზე მოგონილი ჭორებით და ფეიქი აქაუნთებით მისი გავრცელებაში. ძალოვნების სახლში მისვლა და ამით ერთგვარი დაშინება ოჯახის წევრებისა, რომლებთან ერთად არც კი ვცხოვრობ მეოთხე წელია არის ლაჩრობა და ყველაზე დიდი სიმდაბლე.
დედაჩემს საჯაროდ ვთხოვ პატიებას, რომ მაინც მომიწია ამ ყველაფრის თქმა და ჩემ გამო ნერვიულობა უწევს. თუმცა ვიცი, ჩემზე და ბევრზე მებრძოლი ქალია და ყველაზე მეტად გამიგებს და გამამხნევებს.
ლაჩრებო, თქვენ კიდევ მრავლობითში მოგმართავთ…
,,დოქსოპულოებო, თქვენ დედა გყაავთ ?” – წერს სოციალურ ქსელში ირაკლი კუპრაძე.
„მეტრონომი“ კუპრავას დაუკავშირდა, რომლის თქმითაც, მათი პროტესტი იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ 2016 წლის 28 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის 75 წევრი ბაკურიანში „პროექტების მართვა და სტრატეგიული მენეჯმენტის“ ტრენინგზე იმყოფებოდა. როგორც სტუდენტები ამბობენ, აღნიშნულ ტრენინგზე უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან 24 600 ლარი დაიხარჯა.
კუპრავას თქმით, მსგავსი ტრენინგი წელს მეოთხედ ჩატარდა. შარშანაც, როდესაც სტუდენტებმა ადმინისტრაციიდან თვითმმართველობის მიერ ჩატარებული ღონისძიებების საბიუჯეტო ამონაწერი მოითხოვეს, აღმოაჩინეს, რომ 2015 წელს ბაკურიანში ჩატარებულ ტრენინგზე 19 000 ლარი დაიხარჯა. ამის შემდეგ სტუდენტები შეხვდნენ რექტორს, რომელმაც ამ პროექტს „ხარვეზი“ უწოდა და სტუდენტებს დაჰპირდა, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდებოდა. როგორც ხედავთ, მან აღნიშნული დაპირება არ შეასრულა.
რაც შეეხება თვითმმართველობის ყოფილ ერთ-ერთ თავმჯდომარეს, გიორგი გაფრინდაშვილს, რომლის კანცლერად დანიშვნაც იგეგმება, კუპრავა ამბობს, რომ მასზე აუცილებლად არის ის პასუხისმგებლობა, რაც სტუდენტების დევნას გულისხმობს და არა მარტო სტუდენტების, პროფესორებისაც. ირაკლი ასევე ამბობს, რომ 2011 წელს თვითმმართველობის წევრები კრიტიკულად განწყობილ სტუდენტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. გიორგი გაფრინდაშვილმა კი მოძალადეებს ხელი დააფარა, რადგან ისინი თავისი მეგობრები და თვითმმართველობის წევრები იყვნენ. 2 კვირის წინ კი სტუდენტებმა პირველად გაახმოვანეს უნივერსიტეტში უშიშროების კადრების საკითხი და თქვეს, რომ ისინი უხეშად ერევიან საუნივერსიტეტო პოლიტიკაში. მათ რექტორსაც მიმართეს, რომელმაც აღნიშნული ფაქტი აღიარა. სწორედ ამ ფაქტს უკავშირებს ირაკლი კუპრაძე ძალოვანების ბათუმში, თავისი მშობლების სახლში მისვლას და მათზე ინფორმაციის მოპოვებას.
„ბათუმში, სადაც ჩემი ოჯახი ცხოვრობს მისული იყო ორი თანამშრომელი, პოლიციის პიკაპის ტიპის ავტომანქანით, კონკრეტულად მიკითხეს მე, მიუხედავად იმისა, რომ მეოთხე წელია ჩემს ოჯახთან ერთად აღარ ვცხოვრობ. ვცხოვრობ თბილისში. მაინც მივიდნენ იქ და ეს ფაქტი ერთგვარი ზეწოლის ფაქტად აღვიქვი, რადგან პარალელურად ასეთი პროცესები მიმდინარეობდა. მათი პირდაპირი მიზანი იყო, რომ დაეშინებინათ ოჯახის წევრები და მოახერხეს კიდეც, იმიტომ, რომ ოჯახის წევრები გვირეკავენ ყოველდღიურად და გვეუბნებიან, რომ აღარ ჩავერიოთ აღნიშნულ პროცესებში. მათ გარკვეულწილად ოჯახის დაშინება მოახერხეს, მოიპოვეს ინფორმაცია სად ვსწავლობდი, სად ვცხოვრობდი, რას ვსაქმიანობდი, ვმუშაობდი თუ არა სადმე, ამ მხრივ შეივსეს რაღაც ინფორმაცია. მე ნაკლებად მგონია, რომ ეს მხოლოდ ინფორმაციის მოპოვების ქმედება ყოფილიყო. მათ შეეცადნენ შეეხსენებინათ, რომ რაღაც კონტროლის მექანიზმები გააჩნიათ და ისინი გვაკვირდებიან და ოჯახზე გასვლა შეუძლიათ. არ ვიცი, ვერაფერს ვუკავშირებ, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ყველაფერი არ ხდება უბრალოდ, რადგან 21 წლის განმავლობაში ჩემთან, სახლში პოლიცია არასდროს მოსულა“- აღნიშნა კუპრაძემ.
„მეტრონომი“ ასევე დაუკავშირდა უნივერსიტეტში მიმდინარე აქციის ერთ-ერთ აქტივისტს, ლევან ლორთქიფანიძეს. როგორც ირაკლი კუპრაძემ აღნიშნა, მას და ლორთქიფანიძეს უთვალთვალებენ და მათ სატელეფონო საუბრებს ისმენენ. გავრცელდა ცილისმწამებლური ინფორმაცია ლევან ლორთქიფანიძის ოჯახზეც.
„მამაჩემი, რომელიც ამჯერად უნივერსიტეტში მუშად მუშაობს(ის იქ 1986 წლიდან მუშაობს), გაავრცელეს ასეთი ინფორმაცია, რომ თითქოს მუშის თანამდებობიდან ვერ აგდებენ. მათი თქმით, თურმე პაპავას ეშინია ჩემი და ჩემთან არის ეს საკითხი მორიგებული, რომ თითქოს ლოთი და ხალხზე მოძალადე მამაჩემი მუშის პოსტიდან არ გააგდონ. მამაჩემი არ არის შტატიანი თანამშრომელი, ხელშეკრულებით მუშაობს უნივერსიტეტის ერთ-ერთ ქვესტრუქტურასთან, ანუ საბოლოო ჯამში, უნივერსიტეტის თანამშრომელიც არ გამოდის, მაგრამ ისინი ამბობენ ამას და მე ეს ძალიან მტკენს გულს, თუმცა რას ვიზამ“ – აღნიშნა ლევან ლორთქიფანიძემ.
გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურას სენატზე 10 მარტს განიხილავენ. წარმომადგენლობითი ორგანო 42 წევრისაგან შედგება. მის კანცლერად ასარჩევად კი 22 ხმაა საჭირო.
აღნიშნული ფაქტი ძალოვანებისგან პრინციპში, გასაკვირი არცაა, რადგან ბოლო წლებში, გახმაურებული ფაქტები, რომლებიც უკვე მრავლად დაგროვდა, მოწმობს, რომ მათი საქმიანობა სიმართლის დაცვას კი არ ემსახურება, არამედ პირიქით, მას უგულებელყოფს. უშიშროების სამსახური, რომელმაც კანონით დადგენილი წესით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები უნდა განახორციელონ (მათ შორის, ფარული ვიდეო და აუდიოჩაწერა, კინო- და ფოტო გადაღება, გარემეთვალყურეობა, ელექტრონული კონტროლი, კავშირგაბმულობის ტექნიკური არხებიდან, ტელეფონი, ტელეგრაფი, ფაქსი, ტელექსი, რადიოკავშირი და სხვა), ამის მაგივრად ისინი ამას თავად აკეთებენ და მოქალაქეებზე, რომლებიც უნდა დაიცვან, ამის მაგივრად, თავად ებრძვიან, იმიტომ, რომ მათ ჩაკეტილ, ძალადობრივ სისტემას საფრთხე არავინ შეუქმნას.
ნინო ცხადაია