„გესმით ჩემი ხმა? მეტი ქალი პარლამენტში!“ – ამ ლოზუნგებით, ქალთა დღეს, თბილისში, ყოფილ პარლამენტის შენობასთან, საპროტესტო აქცია გაიმართა.
„8 მარტი ქალთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა.
ქალთა მოძრაობა უერთდება 8 მარტის აღნიშვნას და ქალების პასიური საარჩევნო ხმის უფლებას (უფლება იყო არჩეული) მოითხოვს.
დღეს საქართველოში ქალები არ ვმონაწილეობთ ქვეყნის მართვაში. ჩვენ არ ვართ პოლიტიკაში, რადგან ჩვენ არ ვართ საარჩევნო სიებში. პარტიულ სიაში მოხვედრა არც განათლებაზეა დამოკიდებული, არც გამოცდილებაზე და არც პრინციპულობაზე. პოლიტიკური პარტიები საარჩევნო სიებს დემოკრატიული პრინციპების დაცვის გარეშე ადგენენ და პოლიტიკის გარეთ ტოვებენ ქალებს.
სწორედ ამიტომ, შარშან, 2015 წლის 8 მარტს, ჩვენ მოვითხოვეთ სავალდებულო კვოტები – საარჩევნო სიის შედგენის კანონით დარეგულირება, რომელიც უზრუნველყოფდა ქალების 25% წარმომადგენლობას პარლამენტში.
სწორედ ამიტომ, წელს, 2016 წლის 8 მარტს, ჩვენ მოვითხოვთ, რომ საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყაროს კვოტების კანონპროექტს.
ჩვენ გვინდა, ვიცოდეთ, რომელი დეპუტატი დაუჭერს მხარს კვოტებს – გვინდა ვიცოდეთ, ვის მივცეთ ხმა 2016 წლის საპარლამენტო არჩვენებში”- ნათქვამია „ქალთა მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელში გაავრცელეს.
პარლამენტის ყოფილი შენობის წინ განლაგებული იყო სპეციალური ყუთები დეპუტატების ფოტოებით, რათა საზოგადოებას მათთვის, 150 დეპუტატისთვის წერილები მიეწერათ, რომ მხარი დაუჭირონ ქალთა კვოტირების კანონპროექტს პარლამენტში.
აქციაზე სიტყვით გამოვიდნენ „ქალთა უფლებების დამცველი აქტივისტები“. აქციას მუსიკით მხარს უჭერდნენ ქეთათო და ერეკლე დეისაძე.
„დღევანდელი აქციის ფორმა არის შემდეგნაირი, ჩვენ გვაქვს ყუთები, ე.წ სახელობითი ყუთები, რომელზეც მიმაგრფებულია 150 პარლამენტარის ფოტო. თითოეულ მოქალაქეს ექნება საშუალება თითოეულ მათგანს წერილი მისწეროს და მნოითხოვოს გენდერული კვოტირების კანონპროექტის მხარდაჭერა. ისიც ალბათ ძალიან სიმბოლურია, რომ 150 პარლამენტარიდან დღეს მხოლოდ 17 არის ქალი, და თითოეულ პარლამენტარს დღეს ვთხოვთ მოვიდეს და დადგეს ამ ყუთებთან, რათა პირადად გასცენ პასუხი და მიიღონ ეს წერილები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს მოვუსმინოთ ქალებს და ვიყოთ უფრო სენსიტიურები ქალთა უფლებების მიმართ“- აღნიშნა „მეტრონომთან“ „ქალთა მოძრაობის“ აქტივისტმა თეო ქავთარაშვილმა.
ამ აქციის პარალელურად მიმდინარეობდა მეორე აქცია-მსვლელობა ფილარმონიიდან ყოფილ პარლამენტის შენობისკენ. ისინი ითხოვდნენ ქალთა შრომითი უფლებების და პირობების გაუმჯობესებას.
„ჩვენ აქცია მივუძღცვენით ქალთა შრომით უფლებებს, ვინაიდან საქართველოში შრომითი უფლებების და პირობების მხრივ მძიმე ვითარებაა. ეს ვითარება განსაკუთრებით მძიმედ აისახება ქალებზე და განსაკუთრებით ისეთ გარიყულ ჯგუფებზე როგორებიც არიან ლესბოსელი, ბისექსუალი ქალები, ტრანსგედერი ქალები, რომლებიც იმის გამო, რომ დოკუმენტში თავის სქესს ვერ ცვლიან ვერ შოულობენ სამსახურს. ასევე მარტოხელა დედები, რომლებისთვისაც არ არსებობს სახელმწიფო მომსახურებები ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები და ა.შ. ვითხოვთ მათ პრობლემატიკას მიეცეს განსაკუთრებული ყურადღება, სახელმწიფომ უზრუნველყოს მათი უფლებები, შეიტანოს ცვლილებები კანონმდებლობაში“- აღნიშნა „მეტრონომთან“ აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ სოფო ტაბატაძემ.
აქციაზე აგრეთვე, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების დასახმარებლად აგროვებდნენ შემოწირულობებს.
“#პოლიტიკაShe”- ს აქციას ასევე ესწრებოდნენ “თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია და მისი პარტიის სხვა წევრები.