ლევან გაჩეჩილაძე ამ წუთებში ტელეკომპანია „მაესტროში“ იმყოფება. „მაესტროს“ ყოფილი გენერალური დირექტორის, ბაია გადაბაძის მიერ გავრცელებული განცხადება, რომ მას ტელეკომპანიაში არ შეუშვებდნენ, არ გამართლდა. ლევან გაჩეჩილაძემ უპრობლემოდ გადაკვეთა „მაესტროს“ ტერიტორია და მას თავად ბაია გადაბაძე შეხვდა საკონფერენციო დარბაზში. რაზე ისაუბრებენ ყოფილი და ახალი დირექტორები, ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა ლევან გაჩეჩილაძემ „მაესტროში“ შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ტელეკომპანიის ირგვლივ მიმდინარე საკითხები აინტერესებს.
შეგახსენებთ, რომ ლევან გაჩეჩილაძე „მაესტროს“ დამფუძნებელთა კრებამ და საჯარო რეესტრმა დირექტორად დანიშნა. ამ ეტაპზე ასევე გაურკვეველია შენობა, სადაც ტელეკომპანია „მაესტროა“ განთავსებული, დარჩება თუ არა გაჩეჩილაძის დირექტორობის ქვეშ მყოფი ტელევიზიის ექსპლუატაციაში. ცოტა ხნის წინ „რუსთავი 2“-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ტელეკომპანია „მაესტრო“ შენობის გარეშე რჩება. ამის შესახებ „რუსთავი 2“-მა იმ მიმოწერიდან შეიტყო, რაც შპს სტუდია „მაესტროს“ შპს „ემ-ინვესტმენტმა“ გაუგზავნა, რომლის დირექტორიც ბაია გადაბაძეა. წერილი 2015 წლის 8 დეკემბრითაა დათარიღებული და აღნიშნულია, რომ „ემ-ინვესტმენტს“ 2015 წლის 31 დეკემბრის შემდეგ სტუდია „მაესტროსთან“ აღარ სურს საიჯარო ხელშეკრულების გაგრძელება.
მაკა ასათიანის ადვოკატის გიორგი გვენეტაძის განცხადებით ტელეკომპანია „მაესტრო“ ამჟამად “კეთილი ნების” საფუძველზე ფუნქციონირებს.
ტელეკომპანია „მაესტრო“ განთავსებულია „ემ-ინვესტმენტის“ შენობაში, ტექნიკა კი „სტუდია მაესტროს“ ეკუთვნის.