აფრიკის ქვეყნებში მოსახლეობის დიდი ნაწილი ევროპიდან და აშშ-დან შემოტანილ მეორად ტანსაცმელს ყიდულოს. თუმცა, აღმოსავლეთ აფრიკის ქვეყნები მსგავსი ტანსაცმლის იმპორტის აკრძალვას გეგმავენ. კერძოდ, ამ გადაწყვეტილების მიღებას მომდევნო სამი წლის განმვლობაში ბურუნდი, კენია, რუანდა, ტანზანია და უგანდა აპირებს. ისინი აღმოსავლეთ აფრიკის თანამეგობრობაში შედიან. აღნიშნული ორგანიზაციის ინიციატივაა მეორადი ტანსაცმლის იმპორტის აკრძალვა. ამის შესახებ BBC წერს.
ერთ-ერთი მიზეზი სხვადასხვა დაავადებებია, რომლებიც აღნიშნული ქვეყნების ჯანდაცვის უწყებების ცნობით, სწორედ მეორადი ტანსაცმლით გადადის. გაერო-ს მონაცემებით, მეორადი ტანსაცმლის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი აშშ-ია, იგი წელიწადში საშუალოდ 687 მილიონი დოლლარის ღირებულების ტანსაცმელს გზავნის სხვადასხვა ქვეყანაში. მეორე ადგილს ამ მხრივ დიდი ბრიტანეთი იკავებს, რომელსაც წლიურად დახალოებით 602 მილიონი დოლარის ღირებულების მეორადი ტანსაცმელი გააქვს ექსპორტზე. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, ხუთეულში შედიან გერმანია, სამხრეთ კორეა და ნიდერლანდები. ათეულში კი ბელგია, კანადა, პოლონეთი, იტალია და იაპონია.
ეპიდემიოლოგები ჩვენთან საუბარში აღნიშნავენ, რომ მათ ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენად დაცულია მეორადი სამოსის შემოტანის მხრივ ჩვენი ქვეყანა, არ აქვთ. ეპიდემიოლოგები საჭირო და აუცილებელ ფაქტორად უცხოეთიდან შემოტანილი მეორადი სამოსის მკაცრ შემოწმებას თვლიან. ეპიდემიოლოგი რუსუდან ხაჭაპურიძე “მთელ კვირასთან” საუბარში განმარტავს, რომ როდესაც საქართველოში მეორადი სამოსის პირველი ნაკადი შემოვიდა, მაშინ ეპიდემიოლოგებმა თავად ჩაატარეს სამოსზე არსებულ ბაქტერიებზე კონტროლი. ხაჭაპურიძე ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ დღეს არ არსებობს ორგანიზაცია, რომელიც მეორადი სამოსის უსაფრთხოებაზე კონტროლს ახორციელებს. შესაბამისად, არ გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენად საშიშია უცხოეთიდან შემოტანილი სამოსი ჩვენი ჯანმრთელობისთვის.
“თავიდან, როდესაც ხდებოდა მეორადი სამოსის შემოტანა, ვგულისხმობ პირველ ნაკადს დაახლოებით 10 წლის წინ, მას მოჰყვებოდა ლიცენზია, რომ ეს სამოსი მიკრობულ-ბაქტერიოლოგიური თვალსაზრისით საშიშროებას არ წარმოადგენდა. ეპიდემიოლოგებმა დავაყენეთ საკითხი, რომ მომხდარიყო მეორადი სამოსის სანიტარული შემოწმება. ბოლოს კი ასეთი რამ გავაკეთეთ – მეორადი ტანსაცმლის იმ პარტიებს, რომელიც ჩამოდიოდა უცხოეთიდან, მასზე არსებულ მიკრობებს ჩვენ თვითონ ვამოწმებდით. დაახლოებით 10-12 სინჯი ავიღეთ. მაშინ საგანგაშო ვერაფერი აღმოვაჩინეთ, რადგან მეორადი ტანსაცმელი ქიმიური საშუალებებით იყო დამუშავებული. ერთადერთი რაც გამოიკვეთა, ეს ალერგიულ რეაქციები იყო, რასაც დასამუშავებელი ქიმიური ნივთიერება იწვევს. დღეს ამ ყველაფერზე კონტოლი ხდება თუ არა, ეს არავინ იცის. არც ის ვიცით რამდენად საშიშია დღეს მეორადი სამოსის მოხმარება. არ არსებობს ორნანიზაცია, რომელიც შემოტანილ მეორად სამოსზე შესაბამისობის სერთიფიკატს მონიტორინგს გაუკეთებს და კონტროლს დააწესებს… სტატისტიკა სხვადასხვა ინფექციური დაავადებების შესახებ სახელმწიფოს ჩვენგან ყოველთვის მიეწოდება, თუმცა, მეორადი სამოსით ინფექციური დაავადებით დაინფიცირებული ადამიანის შესახებ შეტყობინება არ შედის, კონკრეტულად ამ მონაცემს სახელმწიფო არ ითხოვს. რაიმე პრაქტიკული დაინფიცირების შემთხვევა რომ ყოფილიყო, ამას აუცილებლად გეტყოდით და სახელმწფიოს მხრიდან მაღალი დაინტერესება ექნებოდა”,- აცხადებს რუსუდან ხაჭაპურიძე.
წყარო: “პოლიტკომერსანტი”