„მეტრონომი“ ფაშიზმისა და ნაციზმის მსგავსება-განსხვავებებისა და ნაციზმზე გამარჯვების დღის თარიღის აღნიშვნის შესახებ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, ისტორიკოს თეიმურაზ პაპასქირს ესაუბრა.
პაპასქირმა აღნიშნა, რომ ფაშიზმი იმ მოძრაობების საერთო სახელწოდებაა, რომლებმაც XX საუკუნის I ნახევარში მოიცვა ევროპა. მის ერთ-ერთ სახეობად ითვლება გერმანული ნაციონალ-სოციალიზმი (ნაციზმი). თითოეული ეს მოძრაობა აგრესიული ხასიათისაა, თუმცა, თუკი ფაშიზმი მოქალაქეებს ერთმანეთისგან არ განასხვავებს ეთნიკური ნიშნით, ნაციზმის შემთხვევაში წინა პლანზე იწევს არიული რასა. გერმანული ნაციონალ-სოციალიზმი ხაზს უსვამს გერმანელი რასის განსაკუთრებულობას.
რაც შეეხება ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღნიშვნის თარიღს, თუ ვსაბრობთ ევროპაში ომის დასრულებასა და ფაშიზმის დამარცხებაზე, ეს არის 8 მაისი, თუმცა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში დამკვიდრებულია 9 მაისი (როგორც ეს სსრკ-ში) და აღნიშვნის თარიღს არც ექნებოდა პრინციპული მნიშვნელობა, რომ არა ის აგრესიული პოლიტიკა, რომელსაც ატარებს ვლადიმერ პუტინი.
[su_quote] ფაშიზმი არის საერთო სახელი იმ მოძრაობების, რომლებმაც XX საუკუნის I ნახევარში მოიცვა ევროპა, ნაციზმი კი მის ერთ-ერთ სახეობად ითვლება, თუმცა ნაციონალ-სოციალიზმი განსხვავებულია ფაშიზმისგან.
ფაშიზმი, არ განასხვავებდა მოქალაქეებს ეთნიკური კუთვნილების მიხედვით.
ფაშიზმის იდეა იყო ის, რომ ყველამ ერთად უნდა იზრუნოს ქვეყნის აღმშენებლობაზე და, ამასთანავე, სახელმწიფო ზრუნავს თავის თითოეულ მოქალაქეზე.
ეს იყო ბენიტო მუსოლინის მიერ ჩამოყალიბებული იდეა, რომელიც თავისი სულისკვეთებით ავტორიტარულია.
რაც შეეხება ნაციონალ-სოციალიზმს, ის კი ითვლება ფაშიზმის ერთ-ერთ ნაირსახეობად, თუმცა სიტყვა „სოციალიზმი“ ამ შემთხვევაში ნამდვილად არ იყო შემთხვევითი და მას ძალიან ბევრი რამ ჰქონდა საერთო იგივე სსრკ-ში დამყარებულ რეჟიმთან.
ნაციონალ-სოციალიზმის შემთხვევაში წინა პლანზე გამოვიდა არიული კუთვნილება. ის ყველა მოქალაქეს თანაბრად არ მიიჩნევს და გერმანული რასის განსაკუთრებულობას უსვამს ხაზს. ამასთანავე, მასში ჩაქსოვილია სოციალისტური იდეები. ამას შეიძლება რასობრივი ნაციონალიზმიც ვუწოდოთ.
XX საუკუნის I ნახევარში ევროპაში გავრცეკებულ მოძრაობებს ჰქონდა აგრესიული ხასიათი. იტალიური ფაშიზმი აგრესიული იყო საგარეო პოლიტიკაში. ასევე აგრესიული იყო გერმანული ნაციონალ-სოციალიზმი და საბჭოთა ინტერნაციონალ-სოციალიზმი.
რაც შეეხება ფაშიზმზე გამარჯვების თარიღს, ყველაფერი დაიწყო 1945 წლის 7 მაისს, როცა რეიმსში ხელი მოეწერა გერმანიის კაპიტულაციას. სხვათაშორის, მას საბჭოთა კავშირიც მხარემაც მოაწერა ხელი, რამაც იოსებ სტალინი ძალიან გააბრაზა და მან მოითხოვა ხელახალი ხელმოწერა.
საქმე იმაშია, რომ რეიმსის ხელშეკრულება ძალაში შედიოდა 24 საათში, ანუ 8 მაისს და ამასთან დაკავშირებით ევროპაშიცა და აშშ-შიც ზეიმი მოეწყო, სტალინს კი არ უნდოდა მოკავშირეებთან ერთად ყოფნა და ამიტომ გადაწყვიტა მეორე ცერემონიის გამართვა. ამაზე პრობლემა არ ჰქონია არც ამერიკას და არც დიდ ბრიტანეთს.
ამდენად, სტალინმა დააგვიანა გამარჯვების გამოცხადება, რადგან მას არ უნდოდა, რეიმსის ხელშეკრულებაზე ყოფილიყო დამოკიდებული, რადგან ეს მოკავშირეების სახელით იქნებოდა გაჟღერებული.
თუმცა აღსანიშნავია, რომ საბჭოთა მხარემ რეიმსის ხელშეკრულების პირობების ამოქმედებამდე (8 მაისის 24:00 სთ-მდე) კაპიტულაციის განმეორებით დოკუმენტზე ხელმოწერა ვერ მოასწრო. როცა მას ხელი მოეწერა, უკვე 9 მაისის ღამის 1 საათი იყო, ამიტომაც დოკუმენტის გაფორმების დრო 1 საათითა და 20 წუთით გადმოწიეს („პრავდას“ 9 მაისის ნომერში 23:40 სთ-ია დაფიქსირებული. ისე სამი ვერსია არსებობს: 23:40-თან ერთად, 23:43 და 23:45 სთ).
სხვათაშორის, სტალინმა სიტყვაც გატეხა ამ შემთხვევაში. მან თქვა, რომ 9 მაისს, დღისით გამოცხადებდა გამარჯვებას, თუმცა ღამის 3 საათზე გამართა გრანდიოზული ზეიმი მოსკოვში.
ამრიგად, თუ ევროპაში ომს დასრულებისა და ნაციზმზე გამარჯვების დღეზე ვსაუბრობთ, ეს არის 8 მაისი.
გასაგებია, რომ საბჭოთა კავშირიდან მოვდივართ, სადაც ის 9 მაისს აღინიშნებოდა. ამას არც ექნებოდა პრინციპული მნიშვნელობა, რომ არა ის აგრესიული პოლიტიკა, რომელსაც ვლადიმერ პუტინი.
აი, უკრაინაში უკვე ამოქმედდა ახალი კანონი, რომლის მიხედვითაც, 8 მაისი არის ნაციზმზე გამარჯვების დღე, ხოლო 9 მაისი – ევროპის დღე.
ამის გაკეთება საქართველოშიც მარტივად შეიძლება. [/su_quote] – გვითხრა თეიმურაზ პაპასქირმა.

