ახალი ამბები ბლოგები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ლიბერალიზმი როგორც თავისუფლება – თავისუფლება როგორც რელიგიის უმაღლესი ფორმა

ჭეშმარიტად მორწმუნე ის კი არ არის, ვინც ამა თუ იმ  მოძღვარს, გარკვეულ სწავლებასა თუ ბიბლიას მისდევს, არამედ ის, ვინც თავის რწმენას ღმერთის ყველაზე ერთგულ გამოხატულებებში – სუფთა სინდისსა და ნათელ აზრში გულისხმობს.  

ჰერბერტ ბიგელოვი

 

საქართველოში დღეს და ძალიან ბევრისთვის ცნებები “ლიბერალიზმი” და “ლიბერალი”, როგორ გასაკვირადაც არ უნდა ჟღერდეს,  უარყოფით დატვირთვას ატარებს  და ვიწრო თვალსაწიერის მქონეთათვის – ასეთების რიცხვი კი ფაქტობრივად არმიას შეადგენს – მინიმუმ ათეიზმთან ასოცირდება.

ამონარიდი ლიბერალიზმის “ოფიციალური” განმარტებიდან: ლიბერალიზმი — იდეოლოგია, ფილოსოფიური შეხედულება და პოლიტიკური ტრადიცია, რომლის მიხედვით თავისუფლება ძირითადი პოლიტიკური ღირებულებაა. იდეოლოგია დასავლეთის განმანათლებლობის ეპოქაში იღებს დასაბამს, თუმცა ტერმინი ამჟამად გაცილებით მრავალფეროვან პოლიტიკურ ნააზრევს მოიცავს.
ვრცელი გაგებით თანამედროვე ლიბერალიზმის ქვაკუთხედი ინდივიდუალური უფლებებია. ის მიელტვის საზოგადოებას, რომლისთვისაც დამახასიათებელია თითოეული ადამიანის აზროვნების თავისუფლება, ძალაუფლების შეზღუდვა, განსაკუთრებით მთავრობის და რელიგიის, კანონის უზენაესობა, უფასო საზოგადოებრივი განათლება, იდეათა თავისუფალი გაცვლა, საბაზრო ეკონომიკა, რომელიც უზრუნველყოფს თაფისუფალ კერძო მეწარმეობას, და მთავრობის გამჭვირვალე სისტემას, რომელშიც ყველა მოქალაქის უფლება დაცულია. თანამედროვე საზოგადოებაში ლიბერალები მხარს უჭერენ ლიბერალურ დემოკრატიას ღია და თანასწორი არჩევნებით, სადაც ყველა მოქალაქეს ერთნაირი უფლებები აქვს კანონით და თანასწორი შესაძლებლობები წარმატებისთვის.

ზემოთ ნახსენები თვალსაწიერის მქონე საშუალო სტატისტიკური ქართველი ყველაფერს წაიკითხავს ამ განმარტებაში და მართალია გაუთვითცნობიერებლად და უსაგნოდ, მაგრამ ყველაფერს დაეთანხმება კიდეც… თუმცა მისი აღმქმელობა ხუთივე გრძნობით და ხმამაღლა ერთ რამეს მაინც გააპროტესტებს – რელიგიის შეზღუდვაო?! – რასაკვირველია, როგორც თანხმობის შემთხვევაში, ამ შემთხვევაშიც გაუთვითცნობიერებლად და უსაგნოდ გააპროტესტებს. გააპროტესტებს იმიტომ, რომ ის(!) აპროტესტებს.
თემუკასთვის და საბასთვის “ის” შეიძლება ვინმე ზაურა იყოს გვერდზე სადარბაზოდან… “ვზროსლია”, კაი ბიჭია, ცხოვრება ნანახი აქვს, შარშან მონასტერში გაატარა სამი თვე… ერთი სიტყვით იცის რასაც ამბობს და რასაც ამბობს ფაიზაღს ამბობს.
მაგრამ სულ სხვაა ქალბატონი გულნარას პროტესტის მოტივი და მისაბაძი მაგალითი.  ქალბატონი გულნარასთვის “ის” შეიძლება ვინმე სანდრო ბრეგაძე აღმოჩნდეს. ადამიანი პატრიოტი, ნამდვილი მამულიშვილი, ეკლესიაში ჯარისკაცი და ჯარში ეკლესია, კარგი გამგონე და კარგი მთქმელი… მართალია მინისტრის ყოფილი მოადგილისთვის შეუფერებელი “აბსოლიტური” გაუმართავობით, მაგრამ სიტყვებისთვის შეუბრალებელი ალესილობის, თუმცა იმავდროულად შესაშური ღვთისმოსავობის მიმნიჭებელი… ერთი სიტყვით ადამიანი “აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს”; თუმცა ქალბატონი გულნარასთვის ისიც სავსებით საკმარისია, რომ ამ დიდი გულის ადამიანს პატრიარქი  უყვარს და ღმერთის სწამს… რა მნიშვნელობა აქვს რას და როგორ აფასებს და საიდან გამომდინარეობს?! მერე რა თუ პატრიარქიც, ღმერთიც და ასკილიც მისთვის მხოლოდ დასახელებებია და იმ არსს, რომელიც ყველა დასახელების უკან იმალება და მათ სიღრმეში ძევს, მასში სძინავს. ის დასახელებების, ტრაფარეტების ერთგული დარაჯია და მისი გზაც (ისევე როგორც ქალბატონი და ბატონი “გულნარების” გზები) დასახელებებთან და ტრაფარეტებთან იწყება და მთავრდება.

ასეთი ადამიანების ცხოვრების ბოლო, როგორც წესი, ერთ დიდ კითხვის ნიშანს ემსგავსება ხოლმე – ეჭვებითა და შიშით სავსე დასასრულს.

დასანანი თემუკას, საბას და ქალბატონი გულნარას გონებებია, რომლებითაც ზაურები, სანდრო ბრეგაძეები, გოგი თოფაძეები, ლევან ვასაძეები და ა.შ. სომნამბულები მანიპულირებენ. მეორე, არანაკლებ დასანანი და საინტერესო კი ის არის, რომ ისინი არ იტყუილებიან. მათაც ზუსტად ისევე სჯერათ საკუთარი სიმართლის და ზუსტად ისეთივე სუფთა სინდისით ემსახურებიან მას, როგორც შუასაუკუნეების კათოლიკური ევროპის რიგით მღვდელთმსახურს სჯეროდა საკუთარი სიმართლის, ემსახურებოდა მას და სუფთა სინდისით უკეთებდა კოცონზე შეგდებულ “ჯადოქარს” შეშას. ანუ ისინი არ იტყუილებიან, როცა განსხვავებული მრწამსისა და ცხოვრებისეული მიდრეკილებებისა თუ ორიენტაციების მქონე ადამიანებს ბოროტების გამოვლინებად რაცხავენ. არ იტყუილებიან, რამეთუ ასე აღიქვამენ და აღქმულს ერთგულად ემსახურებიან.
მათი გამტყუნება ძნელია – ძნელია ბავშვი, რომლისთვისაც მათემატიკა არითმეტიკით შემოიფარგლება, მათემატიკის უფრო მაღალი საფეხურის, დავუშვათ ტრიგონომეტრიის საკითხებში ჩაახედო. ამას დრო უნდა… გზის ეტაპობრივად დაძლევა უნდა და ბავშვისა და მათემატიკის მაგალითზე თუ ეს დრო წლებით განისაზღვრება, ზაურას, სანდროს და კომპანიის შემთხვევაში ეს დრო შეიძლება ცხოვრებებით განისაზღვროს.

ამ და ასეთ ადამიანებს ერთი უბრალო რამ არ ესმით, კერძოდ: რელიგიური ადამიანი (მართლა რელიგიური ადამიანი), ადამიანი, რომლისთვისაც აბსოლუტური უმრავლესობისთვის უგრძნობი ერთგვარი ტრანსცენდენტური ხიდი გრძნობადია, არ შეიძლება თავისი ბუნებით ლიბერალი არ იყოს.
არ შეიძლება რაღაცა მეექვსე გრძნობით სიყვარულს ერთგვარ სუბსტანციად გრძნობდე, რომელიღაც მესამე თვალით სამყაროს ერთდროულად ჭვრეტდე და ისმენდე  და იმავდროულად უგრძნობი, ბრმა და ყრუ იყო მათ მიმართ, ვინც მხოლოდ ერთი წამით გამოეყო იმ უსასრულობას, რომელსაც წამის შემდეგ ერთად დაუბრუნდებით. არ შეიძლება უსასრულობას, ღმერთს განიცდიდე და იმავდროულად სასრულის მიმართ ასე უღმერთოდ იყო განწყობილი.
ძნელია, უფრო სწორად შეუძლებელია ფაქიზ მატერიალურ დონეზე  გაგაჩნდეს სიკეთისა და ბოროტების გამყოფი ხაზის განცდა და მას მხოლოდ სუბიექტურ ინტერპრეტაციას აძლევდე. შეუძლებელია, რამეთუ ამ საფეხურზე კარგისა და ცუდის გამყოფი სუბიექტური ხაზი ობიექტურობის ძალიან დიდი დოზით არის გაზავებული.

შეუძლებელია ადამიანს ერთიანობის, ერთობის, ერთის(!) შეგრძნება დაეუფლოს და მის დანაწევრებას ისეთი დროებითი და მუდმივად ცვალებადი ინსტრუმენტებით ცდილობდეს, როგორებიცაა კონკრეტული და დროებითი კულტურა, კონკრეტული და დროებითი რელიგია, კონკრეტული და დროებითი ტრადიცია.

არ ვიცი რამდენად ესმით, ან არ ესმით, ლიბერალიზმის თვალ და ყურდახუჭულ, თუმცა “სანთელივით გულანთებულ”,  მოწინააღმდეგეებს, მაგრამ ის, რომ მათ დღეს გულზე ჯვრები (მართალია ხმლებივით ალესილი, მაგრამ მაინც) ჰკიდიათ და ის, რომ მათ დღეს თავიანთი პატრიარქი უყვართ, სწორედ ლიბერალიზმის დამსახურებაა. სწორედ იმ ლიბერალურად მოაზროვნე ბრძენის დამსახურებაა, რომელმაც ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისში უამრავ ერებს კერპთაყვანისმცემლობის ჯაჭვები შეხსნა… კერპთაყვანისმცემლობის, რომელსაც იმხანად “კერპთაყვანისმცემლობად” არავინ მოიხსენიებდა და რომელსაც ზუსტად ისეთივე რელიგიური მიმდინარეობები წარმოადგენდა, როგორსაც, სხვადასხვა რელიგიური მიმდინარეობების სახით, დღეს წარმოადგენს.
ჩვენი უმრავლესობა (ამ შემთხვევაში ქრისტიანობას ვგულისხმობ) რატომღაც დარწმუნებულია, რომ ოცი ასწლეულის წინ ნუ იტყვით და თურმე ჭეშმარიტებას მიაგნო, ღმერთი აღმოაჩინა და ერთი წამითაც არ უშვებს აზრად იმ მარტივად და სავსებით დასაშვებ ვარაუდს, რომ კიდევ ოცი ასწლეულის შემდეგ შეიძლება თავად აღმოჩნდეს “კერპთაყვანისმცემელი” , რომლის ჯაჭვებიც ისევე შეიძლება დაიმსხვრეს, როგორც ნებისმიერი სხვა სახისა და შინაარსის ჯაჭვი და ახალი, სხვა ფორმისა და შინაარსის ჯაჭვით შეიცვალოს, რომელიც თავის მხრივ მსხვრევისთვის იქნება განწირული და ასე იქამდე, სანამ ადამიანი არ დავა იმის ყველაზე სიღრმისეულ გააზრებამდე, რომ ადამიანის განვითარების ყველა ეს ეტაპი, განსაკუთრებით კი მისი რელიგიური ასპექტები, მხოლოდ ერთი რამისკენ იყო მიმართული – თავისუფლებისკენ… ჯაჭვების მუდმივად მსხვრევისკენ და ამ მუდმივი გათავისუფლებების პრაქტიკაში იმის ამომწურავად შეცნებისკენ, რასაც დღეს ასე მოუქნელად, ტლანქად და გაუაზრებლად იცავს…… მიუხედავად იმისა, რომ დაცვას არ საჭიროებს.

ლიბერალიზმს, ამ ცნებისა და ტერმინის დამკვიდრებამდეც ყოველთვის ებრძოდნენ. ზაურები, სანდრო ბრეგაძეები, ლევან ვასაძეები და ა.შ. სომნამბულები ყოველთვის იყვნენ და იქნებიან. ისინი ადრეც იბრძოდნენ და დღესაც იბრძვიან… ეს მათი ასეთი, ვიწრო პროფილის დანიშნულებაა… ისინი იბრძვიან იმიტომ, რომ დამარცხდნენ. მათი ბრძოლა კაცობრიობისთვის ნაჩუქარი პრაქტიკაა, კაცობრიობის საერთო გამოცდილებაა გზაზე, რომელსაც თავისუფლებისკენ მიჰყავს. საბოლოოდ ისინი ყოველთვის მარცხდებიან და ამას  ჩვენ, დღეს და აქ ვადასტურებთ. ვადასტურებთ რომ ისინი წარსულში და არაერთხელ დამარცხებულან…   დამარცხდებიან დღესაც და ამას დაადასტურებენ ჩვენი შვილთაშვილები და მათი შვილთაშვილები. დამარცხდებიან, რამეთუ, უნდათ თუ არა, სიცოცხლეს, სამყაროს, უსასრულობას, ცნობიერებას, ღმერთს – ვისაც რა ურჩევნია – განვითარების ძირითადი ვექტორი (და არა მისი მისახვევ-მოსახვევები) იმთავითვე განსაზღვრული აქვს და ის ჩვენშიც თავის, იმთავითვე განსაზღვრულ, მიმართულებას ჰპოვებს და განახორციელებს.

P.S. სანდრო ბრეგაძე, ლევან ვასაძე, გოგი თოფაძე და კომპანია, მათ შორის ზაურაც, იმედია ნაწყენები არ დარჩებიან. ისინი მხოლოდ ითავსებენ იმ როლებს, რომელთაც ცხოვრება დღეს მათ სთავაზობს. შემდეგ ცხოვრებაში, დარწმუნებული ვარ, ქვეყანას “ტრიგონომეტრიის” საფუძვლებს დაუფლებულნი მოევლინებიან.
ვასო შონია

იტვირთბა....