ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რა კავშირი აქვს გიორგი ვაშაძის ძმას იმ საოფისე ფართებთან, სადაც, სავარაუდოდ, “ქოლ-ცენტრები” იყო განთავსებული

წუხელ აღმაშენებლის N 75-ში ე.წ. ქოლცენტრებთან დაკავშირებით სპეცოპერაცია ჩატარდა.

აღნიშნულ მისამართზე რამდენიმე საოფისე ფართია დალუქული. არსებული ინფორმაციით, ოფისებიდან კომპიუტერული ტექნიკა და ელექტრო მოწყობილობებია ამოღებული.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ აღნიშნულ ფართი „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის ძმას, დავით ვაშაძეს ეკუთვნის.

ვაშაძემ ქოლცენტრებთან კავშირი უარყო და განაცხადა, რომ ის იმ შენობის 25%-იანი წილის მფლობელია, ხოლო იქ ქოლცენტრების არსებობაზე არაფერი სმენია.

„მეორე სართულზე არის სასტუმრო, რომელიც ჩემია. შესაბამისად, ამ შენობაში ჩემი ნაწილი, მხოლოდ ეს სასტუმროა, არანაირ გადაწყვეტილებაში ჩართული არ ვარ. შენობის 25% ჩემია, მაგრამ ეს 25% მეორე სართულზე მდებარე სასტუმროა. ჩემს სასტუმროზე ქვედა მხრიდან პრობლემა მაქვს, ხშირად, ხან დისკოკლუბი იყო, ხან კარაოკეკლუბი, რაც სასტუმროს ხელს უშლიდა, ბევრჯერ პოლიციაც მყავს გამოძახებული. გუშინ სასტუმროდან დამირეკეს, მართლწესრიგის ოფიცერი კითხულობდა, თუ რა იყო ზემოთ. ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მქონდა, რადგან ფართი დაკეტილი იყო, ადრე კი ფრანგული ინსტიტუტი იყო…

როგორც 25%-ის მფლობელს, საერთოდ არანაირი უფლება არ მაქვს უძრავ ქონებაში ხელშეკრულებების გაფორმებაში გადაწყვეტილება მივიღო, ესაუბრეთ დირექტორს. მოგეხსენებათ, შპს-ში ყველანაირ გადაწყვეტილებას დირექტორი იღებს, ის აკონტროლებს მმართველ პაკეტს. ხელშეკრულებას აფორმებს დირექტორი, მეწილე ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს.

„ქოლ-ცენტრზე“ არასდროს არაფერი მსმენია. შენობას ორი შესასვლელი აქვს. წინა მხრიდან არასდროს არავინ მოძრაობდა. ზოგადად, ჩემი დამოკიდებულება „ქოლ-ცენტრების“ მიმართ მკვეთრად ნეგატიურია. თუ ჩემგან რამე ინფორმაციაა საჭირო, ღია ვარ“, – განაცხადა ვაშაძემ.

იტვირთბა....