ჩერკასის რეგიონული ადმინისტრაციის ცნობით, ჩერკასის ოლქის ქალაქ უმანში რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად მინიმუმ 14 ადამიანი დაიღუპა, 18 კი დაშავდა.
“ნანგრევებიდან ახლახან ამოიყვანეს კიდევ 2 ადამიანის ცხედარი. ამ დროისთვის, მაღალსართულიან შენობაზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად 14 ადამიანია დაღუპული”, – განაცხადა კლიმენკომ.
შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა დღეს დილით უკრაინის ტერიტორიაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. ქალაქ დნეპრის დაბომბვას ახალგაზრდა ქალი და 3 წლის ბავშვი ემსხვერპლა. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული Х-101 და Х-101 ტიპის 23 ფრთოსანი რაკეტიდან 21 გაანადგურეს და ორი დრონი ჩამოაგდეს.