უკრაინის კრიზისის პოლიტიკურ გადაწყვეტაზე სიღრმისეული კომუნიკაციის წარმოების მიზნით, ჩინეთის სპეციალური წარმომადგენელი ევრაზიის საკითხებში უკრაინასა და სხვა ქვეყნებს ეწვევა.
ჩინური გამოცემა Xinhua-ს ცნობით, ამის შესაახებ ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა უკრაინელ კოლეგასთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ ომის დაწყების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შორის პირველი სატელეფონო საუბარი 2023 წლის 26 აპრლის შედგა.
ჩინეთს სურს მედიატორობა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დარეგულირებაში. პეკინმა 12-პუნქტიანი ხედვა უკრაინის კრიზისის პოლიტიკური მოგვარების შესახებ რუსეთ-უკრაინის ომის წლისთავზე წარმოადგინა.
20-22 მარტს ძინპინი რუსეთში იმყოფებოდა, სადაც ვლადიმერ პუტინს შეხვდა. ორი ქვეყნის პრეზიდენტს შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ რუსეთისა და ჩინეთის მიერ ერთობლივი განცხადება გავრცელდა, რომელიც უკრაინას ეხებოდა.
განცხადება “სამშვიდობო მოლაპარაკებებისა” და “პასუხისმგებლიანი დიალოგისკენ” მოუწოდებს, ასევე, აკრიტიკებს ნატოსა და “ცალმხრივ სანქიებს, რომლებიც დაწესებულია გაეროს უშიშროების საბჭოს გვერდის ავლით”.
გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთს ვეტოს უფლება აქვს. ამიტომ, საერთაშორისო სანქციები დაწესებულია ევროკავშირის, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოსა და სხვა ქვეყნების მიერ არა გაეროს ფორმატში.