ახალი ამბები მთავარი სამართალი

ახალი მოსამართლე მოდის: ვისგან იღებს დირექტივებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო?

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო სასამართლო სისტემის მაკოორდინირებელ, ხარისხიანი და ეფექტური მართლმსაჯულების ხელშეწყობისათვის შექმნილ დამოუკიდებელ ორგანოს წარმოადგენს. იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტი.

სასამართლო დამოუკიდებლობის გარანტი იუსტიციის უმაღლესი საბჭო, 1997 წელს შეიქმნა, როგორც პრეზიდენტის სათათბირო ორგანო, რომლის ფუნქციებად განისაზღვრა მოსამართლეთა თანამდებობაზე დანიშვნა, მოსამართლეთა თანამდებობიდან გათავისუფლება, საკვალიფიკაციო გამოცდების ორგანიზება, სასამართლო რეფორმის გასატარებლად წინადადებების შემუშავება და კანონით დადგენილი სხვა ამოცანების შესრულება.

იუსტიციის საბჭოს ბოლო პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებები მუდამ ყურადღების ცენტრშია. საბჭოს დაუპირისპირდა არასამთავრობო სექტორი. დარგის ცალკეული ექსპერტ-პოლიტიკოსები კი ერთხმად აცხადებენ, რომ სასამართლო ხელისუფლება ხელში ჩაიგდო მმართველმა ძალამ, ხოლო იუსტიციის საბჭო ცდილობს ამ პროცესს ერთგვარი ლეგიტიმურობა შესძინოს.

დღეს საბჭომ საქალაქო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე დაამტკიცა, მაშინ როცა წინა თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის გადაყენების საკითხი ბოლომდე ნათელი არ არის საზოგადოებისთვის, მეტიც სამართლებრივი დავა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

“ნამდვილად არ მახსენდება დილის 10 საათზე, ასე სასწრაფო წესით საბჭოსთვის გადაწყვეტილების გამოცხადება. ეს ფაქტობრივად, მე კი არა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გამოუცხადეს. ეს თუ წინასწარ დაგეგმილი არ იყო, ერთი თვის წინ, როდესაც ორი დიდი სასამართლოს თავმჯდომარე გადმოდის, თითქოს მოწმედ დაკითხვის მიზნით მოსამართლეებად, ერთ-ერთი უცებ საბჭოს წევრი ხდება, ორივე მათგანი წარდგენილია კოლეგიის თავმჯდომარეებად, ეს შემთხვევითია? ან, როდესაც წინა სხდომაზე საბჭოს მდივანმა განაცხადა, რომ სპონტანურად დავასახელეო, მაშინ როგორ მოხვდა იქ თავმჯდომარეობის კანდიდატი. ეს არ არის დღევანდელი მოფიქრებული, ეს ჩემი განცხადებების შემდგომ უკვე დაგეგმილი სცენარია, რომელიც წარმატებით განახორციელა საბჭომ,” – აცხადებს ახვლედიანი.

სასამართლო სისტემის კრიზისზე საუბრობს არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” წევრი სოფო ვერძეული.

“ჩვენ იუსტიციის საბჭოსთან პარალელურად აქციას ვმართავდით და საბჭოს ოფიციალური წერილითაც მივმართეთ. მთავარი მოთხოვნა იყო ის, რომ საბჭოს ნაჩქარევად არ დაენიშნა ახალი თავმჯდომარე თბილისის საქალაქო სასამართლოში იქიდან გამომდინარე, რომ მამუკა ახვლედიანის თანამდებობიდან გადაყენება სადაო საკითხი გახდა და როგორც სასამართლოშია გასაჩივრებული. მე ვფიქრობ, რომ მაღალი ალბათობით დაკმაყოფილდება, რადგან წარმოუდგენელი მგონია სხვანაირად კანონის განმარტება. ძალიან ცხადია, რომ საბჭოს არ ჰქონდა კანონის მიხედვით შესაძლებლობა ის თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა. საბჭომ ჩვენი თხოვნები არ გაითვალისწინა და მაინც დაამტკიცა საქალაქო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე. უნდა ითქვას ისიც, რომ ვინაიდან სასამართლოში არსებობდა მოვალეობის შემსრულებელი არანაირი საჭიროება არ არსებობდა ამ გადაწყვეტილების ასე ნაჩქარევად მიღების. არანაირი არგუმენტი ჩვენ ამ დაჩქარებულ დანიშვნასთან დაკავშირებით ვერ მოვისმინეთ. მათ თქვეს, რომ საჭიროა მენეჯმენტის გამართვა სასამართლოში. მოვალეობის შემსრულებელი რატომ ვერ გააკეთებდა სასამართლოს მენეჯმენტს ამაზე არანაირი არგუმენტი საბჭოს მხრიდან არ ყოფილა. ახალი თავმჯდომარის დანიშვნა კონკრეტული ვადით ნიშნავს იმას, რომ რომც დაკმაყოფილდეს ჩვენი სარჩელი, რომლითაც ჩვენ საბჭოს გადაწყვეტილების გაუქმებას ვითხოვთ, ამ პირობებში მამუკა ახვლედიანის თანამდებობაზე აღდგენა მაინც ვერ მოხერხდება. სწორედ ეს იყო ჩვენი მოთხოვნაც, რომ დალოდებოდნენ სასამართლოს განმარტებას მაინც”. – აცხადებს ვერძეული.

მისი თქმით, სასამართლო სისტემა ჩიხშია შესული და ამას ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიც ცხადყოფს. ვერძეული მიიჩნევს, რომ თუ რომელიმე მოსამართლე გაბედავს და ხმას აიმაღლებს სისტემის წინააღმდეგ მას იუსტიციის უმაღლესი საბჭო ისევე მოექცევა, როგორც ახვლედიანს მოექცა.

“მამუკა ახვლედიანის წინააღმდეგ დაწყებული პროცესები, ისევე როგორც მისი თავმჯდომარეობიდან გადაყენება უკავშირდება მის ბოლოდროინდელ გააქტიურებას და იმ კრიტიკულ განცხადებებს, რომელიც მან გააკეთა სასამართლოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, საბჭოს მოქმედებები ძალიან ამყარებს ამ ეჭვებს, რომ საბჭოს მიერ მიღებული ზომები იყო ერთგვარი სადამსჯელო მოქმედება ამ კრიტიკული განცხადებების გამო. რა თქმა უნადა, ეს არის ძალიან ნათელი მესიჯი სასამართლო სისტემისთვის და სხვა მოსამართლეებისთვის. ნათელია, როგორ ეპყრობა საბჭო იმ პირებს, რომლებიც განსხვავებულ მოსაზრებებს გამოხატავენ. ამის დასტური იყო ისიც, რომ დღეს საბჭოზე ჩვენ ვითხოვეთ განმარტებების გაკეთება, თუმცა საბჭოს წევრებმა არ ისურვეს ჩვენი მოსაზრებების მოსმენა, რადგან მათ არ სურდათ ამ დისკომფორტში საკუთარი თავის ჩაყენება და განსხვავებული აზრები მოისმინონ. ვითარება სასამართლოში ძალიან რთულია და თუ ჩვენ ამას კრიზის დავარქმევთ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს კრიზისი კიდევ უფრო ღრმავდება საბჭოს ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებებით”. – ამბობს ვერძეული.

“მეტრონომი” შეეცადა იუსტიციის საბჭოს წევრებთან დაკავშირებას, თუმცა მათ ჩვენს ზარებს არ უპასუხეს. ზოგადად დამახასიათებელია საბჭოსთვის მსგავსი გადაწყვეტილების შემდეგ მედიასთან დროებითი ტაიმაუტის აღება.

ვფიქრობ, ყველაზე საინტერესო ასპექტი სასამართლო სისტემაში განვითარებულ მოვლენებში არის არა საბჭო, რომელიც ბოლო დროს ხისტი გადაწყვეტილებებით გვანებივრებს, არამედ ის, თუ ვინ დგას ამ ყველაფრის უკან. ახვლედიანის გადაყენება და ახალ თავმჯდომარედ გიორგი მიქაუტაძის დანიშვნა 2012 წელს დაანონსებული რეფორმის ნაწილია. ვინ დაგვპირდა გარდაქმნებს სასამართლოში, ვინ აპირებდა ზურა ადეიშვილის (ავტ. იუსტიციის ყოფილი მინისტრი) “ჯიბის მოსამართლეების” სახლში გაშვებას და ვინ ცვლის კანონებს გუნება-განწყობების შესაბამისად? ყველასთვის ნათელია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო დირექტივებს სწორედ იუსტიციის სამინისტროსგან და უშუალოდ მინისტისგან იღებს.

მარიამ ვარადაშვილი

 

 

იტვირთბა....