„თუ ეს საკითხი დეტალურად გარკვევის შემდეგ დადასტურდება, მინდა ამ პიროვნებამ თანამდებობა სასწრაფოდ დატოვოს“ – ამ განცადებით პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე მედიაში „ბათუმის წყლის“ დირექტორის ალექსანდრე მიქელაძის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
მან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საკითხის დეტალურად გარკვევა დაავალა.
„მინდა გამოვეხმაურო ერთ საკითხს, რომლის თაობაზეც საჯარო სივრცეში ინფორმაცია გაჟღერდა და შემდგომ მე მოვიკითხე ეს საკითხი. თუ არ ვცდები, ეს იყო ბათუმის წყლის ხელმძღვანელის საკითხი და იქ გარკვეული ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ შეკამათების შედეგად ბათუმში ერთ-ერთი ობიექტისთვის წყლის შეწყვეტა მოხდა. მინდა, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ვთხოვო, მაქსიმალურად დეტალურად გავერკვეთ ამ საკითხში და საერთოდ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ უნდა დავამკვიდროთ საჯარო მოხელის ქცევის ძალიან მაღალი სტანდარტი. თუ ეს საკითხი დეტალურად გარკვევის შემდეგ დადასტურდება, მინდა ამ პიროვნებამ თანამდებობა სასწრაფოდ დატოვოს. აუტანელია და ჩვენ ვერ შევეგუებით იმას, რომ საჯარო მოხელეები საკუთარ თანამდებობას იმისთვის იყენებდნენ, რომ საკუთარი სურვილები დაიკმაყოფილონ. თუ ეს საკითხი დადასტურდება და მე მინდა, რომ სიმართლეში გავერკვეთ, სასწრაფოდ უნდა იქნას მიღებული ასეთი ტიპის გადაწყვეტილება”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
პრემიერმა ყველა საჯარო მოხელეს მოუწოდა, რომ როდესაც ისინი საჯარო სივრცეში იმყოფებიან, მათ ყველაზე მეტი თავმდაბლობა უნდა აჩვენონ და თანამოქალაქეებს მაგალითი მისცენ.
„შესაძლოა ეს იყოს უსაფუძვლო ბრალდება, მაგრამ მე მინდა მოვუწოდო ყველა საჯარო მოხელეს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ მაგალითი სახელმწიფოებრივი აზროვნების, ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ყველაზე მეტი თავმდაბლობა, როდესაც საჯარო სივრცეში ვიმყოფებით, უნდა მივცეთ მაგალითი ჩვენს თანამოქალაქეებს და არა საბაბი, რომ საჯარო მოხელეების მიმართ ასეთი ტიპის კრიტიკა ისმოდეს”, – აღნიშნა პრემიერმა.
საუბარია, მედიაში გავრცელებულ იმ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ „ბათუმის წყლის“ დირექტორმა ალექსანდრე მიქელაძემ მას შემდეგ, რაც ბათუმში ერთ-ერთ რესტორანში სასურველი მაგიდა ვერ დაჯავშნა, ის რესტორნიდან გაბრაზებული წავიდა და მოგვიანებით, აღნიშნულ რესტორანს წყლის მიწოდება შეუწყვიტა.