ახალი ამბები მთავარი სამართალი

სასამართლომ მამუკა ახვლედიანის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

 

მამუკა ახვლედიანის შუამდგომლობა დროებითი განჩინების გამოცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ამის შესახებ განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლომ ცოტა ხნის წინ გაავრცელა.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გაცნობებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 4 მარტის განჩინებით მამუკა ახვლედიანის შუამდგომლობა – საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31.1 და 31.2 მუხლების შესაბამისად მიღებული იქნეს დროებითი განჩინება და დაევალოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს თავი შეიკავოს თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნის შესახებ ქმედების განხორციელებისაგან, არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

“სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ პროცესში, ე.წ. “კომბინირებულ” სარჩელებში უნდა განისაზღვროს ძირითადი და თანმდევი მოთხოვნები. თუ არსებობს ერთმანეთთან დაკავშირებული რამდენიმე სასარჩელო მოთხოვნა, უნდა განისაზღვროს ძირითადი მოთხოვნა. შესაბამისად, უნდა მოხდეს სარჩელის არსის განსაზღვრა – რომელ სარჩელთან გვაქვს საქმე – შეცილებით (აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით აღძრული სარჩელი), თუ მავალდებულებელ სარჩელებთან (აქტის გამოცემის, ან ქმედების განხორციელების მოთხოვნით აღძრული სარჩელი). განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიზანს სწორედ შეცილებითი სარჩელის აღძვრა წარმოადგენს, რომლის თანმდევი მოთხოვნაც აქტის გამოცემის დავალება იქნება.  “დროებითი განჩინების მიღების მოთხოვნის თაობაზე განცხადების დასაშვებობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს სარჩელის სახე. ამასთან, დაინტერესებული მხარის უფლება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვოს დროებითი განჩინების მიღება, გამომდინარეობს მისი უფლებიდან, აღძრას სარჩელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით, ქმედების განხორციელების მოთხოვნით ან აღძრას აღიარებითი სარჩელი.

“აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია რომ, ვინაიდან მოსარჩელე აპირებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე შეცილების სარჩელის აღძვრას, ამ შემთხვევაში დაუშვებელია საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 31-ე მუხლით გათვალისწინებული დროებითი განჩინების გამოტანა, რის გამოც მამუკა ახვლედიანის განცხადება სარჩელის აღძვრამდე დროებითი განჩინების გამოყენების თაობაზე, უსაფუძვლოა,” – განმარტებულია გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თანამდებობიდან გადააყენა. ახვლედიანი”მეტრონომთან” საუბარში აცხადებდა, რომ მისი გათავისუფლება უკანონოდ მოხდა და ის საბჭოს გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებდა.

იტვირთბა....