რატომ აკავებს სახელმწიფო უდანაშაულო ადამიანებს უკანონოდ? რატომ წააგო შსს-მ და საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საქმე მოქალაქის წინააღმდეგ? რატომ ასაჩივრებენ ძალოვანები სასამართლოს მიერ გამოტანილ კანონიერ გადაწყვეტილებას? როგორ უნდა დაიცვან თავი ჩვეულებრივმა ადამიანებმა, რომლებსაც არ გააჩნიათ სათანადო კონტაქტი მედიასა და არასამთავრობოებზე, რომ სახელმწიფოს მიერ არასწორი მართლმსაჯულების მსხვერპლნი არ გახდნენ? ეს ის კითხვებია, რომლებიც დღეს, სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში ისმის.
2014 წლის 12 დეკემბერს, იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით დაკავებული IDFI-ის დირექტორი გიორგი კლდიაშვილი, რომლის მიმართაც შსს-მ სისხლის სამართლებრივი დევნა უკანონოდ დაიწყო, აცხადებს, რომ შსს-სა და პროკურატურის მიერ სასამართლოს მიერ დაკისრებული ვალდებულება, რომელიც კლდიაშვილისთვის მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას გულისხმობს, აღნიშნულმა უწყებებმა უკვე მეორედ გაასაჩივრეს.
“როგორც გავარკვიე, დღეს მარად მართალმა შსს-მ და ყოვლად უბიწო პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ჩემს სასარგებლოდ მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების დაკმაყოფილებაზე გაასაჩივრეს უზენაეს სასამართლოში.
ამას რა ჰქვია, მეგობრებო, თანამოქალაქენო, თავად განსაჯეთ.
ეს არის ამ ძალოვანი უწყებების დამოკიდებულება მოქალაქეების მიმართ და ესაა რაზეც ხარჯავენ ადამიანურ და ფინანსურ რესურსს ეს უწყებები, არა მარტო საკუთარს, არამედ სასამართლოსიც.
სირცხვილი მათ, არ არის ეს ხალხის სამსახურში მყოფი უწყებები.
კიდევ კარგი მათ სტრასბურგის ადამიანის უფლებების დაცვის სასამართლოშიც გასაჩივრების უფლება არ აქვთ. იქნებოდა ასეთი საქმე – საქართველოს შსს და პროკურატურა გიორგი კლდიაშვილის წინააღმდეგ.
ვაი ამათ პატრონს რა…” – წერს კლდიაშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ 2014 წლის 12 დეკემბერს, იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით (სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლი) დააკავეს IDFI-ის დირექტორი გიორგი კლდიაშვილი. მას კუთვნილი და კანონმდებლობის დაცვით გაფორმებული ცეცხლსასროლი იარაღი მაღაზიაში შეკეთების შემდგომ მიჰქონდა სახლში, თუმცა, არ ჰქონდა აღებული იარაღის გადატანის ნებართვა. გიორგი კლდიაშვილის ქმედება, როგორც იურისტები განმარტავენ, წარმოადგენდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას. მიუხედავად ამისა, მის წინააღმდეგ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა და დაკითხვის შემდეგ ის გადაიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორში.
გიორგი კლდიაშვილი 72 საათის განმავლობაში იყო უკანონოდ დაკავებული, რის შემდეგაც, 2014 წლის 14 დეკემბერს, ის წინა-სასამართლო სხდომაზე გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. 2015 წლის იანვარში, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, შეწყდა გიორგი კლდიაშვილის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა და დადგინდა, რომ მისი ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს არ წარმოადგენდა.
2015 წლის 10 თებერვალს გიორგი კლდიაშვილმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს უკანონო დაკავებით მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. 2015 წლის 23 ივნისის სასამართლოს გადაწყვეტილებით შსს-სა და მთავარ პროკურატურას დაეკისრათ სოლიდარული პასუხისმგებლობა – 2000 ლარის ოდენობით მორალური ზიანისა და 1180 ლარის ოდენობით მატერიალური ზიანის ანაზღაურება გიორგი კლდიაშვილის სასარგებლოდ.
შსს-მ და საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში. სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი მოსმენა 2016 წლის 22 იანვარს ჩატარდა. სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მთავარი პროკურატურისა და შსს-ს სააპელაციო საჩივარი და ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში აღნიშნულია, რომ აპელანტებმა საკუთარ სარჩელში „ვერ შეძლეს გაექარწყლებინათ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითეს და ვერ წარმოადგინეს ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება“.
ჩვენ შევეცადეთ დავკავშირებოდით ძალოვან უწყებებს, მაგრამ მათთან კომუნიკაცია ვერ მოხერხდა. “მეტრონომი” უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ მათ პოზიციას აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.