ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

იუსტიციის მინისტრმა ქუჩაში მომუშავე და მცხოვრები ბავშვების დასახმარებლად ფონდი დააფუძნა

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საფრანგეთი-საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტ ანტუან ბარდონთან ერთად, ფონდი Salve დააფუძნა.

მინისტრის თქმით, ფონდს მხოლოდ ორი კონკრეტული მიზანი ექნება: ქუჩაში მომუშავე და მცხოვრები ბავშვებისთვის პროექტების დაფინანსება; სოციალურად დაუცველ ახალშობილ ბავშვებში კვების დეფიციტის აღმოფხვრის ხელშეწყობა.

ფონდს პირველი შემწირველები უკვე გამოუჩნდა – საფრანგეთის ყოფილი ელჩი საქართველოში რენო სალენსი და საქართველოში მოღვაწე ფრანგი, ქართველი და ამერიკელი ბიზნესმენები.

“ფრანგ მეგობრებთან ერთად დღეს დავაფუძნეთ ფონდი, რომელიც ხელს შეუწყობს ისეთი პროექტების დაფინანსებას, რომელის დახმარებითაც ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებს ერთხელ და სამუდამოდ გავარიდებთ ქუჩას. გარდა ამისა, სოციალურად დაუცველ ახალშობილებს, როცა მათი მშობლები იუსტიციის სახლებში დაბადების რეგისტრაციისთვის მობრძანდებიან, გადავცემთ სპეციალურ სასაჩუქრე პაკეტს. პაკეტში, სხვა საბაზისო საჭირო ნივთებთან ერთად, იქნება ის ვიტამინებიც, რომლებიც UNICEF-ის სტანდარტით კვების დეფიციტის აღმოფხვრისთვის არის აუცილებელი. დღეს საქართველოში 100 000 ბავშვზე მეტი კვების დეფიციტის მქონეა, რაც მათ ფიზიკურ და ინტელექტუალურ განვითარებას ხელს უშლის. ამ დეფიციტის აღმოფხვრა ურთულესია ორი წლის ასაკის შემდეგ. ამიტომაც გადავწყვიტე, რომ ამ ფონდის ერთ-ერთი მიზანი ბავშვების კვების დეფიციტის აღმოფხვრის ხელშეწყობა იყოს. მადლიერებით ვარ სავსე საქართელოს ფრანგი მეგობრების, განსაკუთრებით კი ბატონი ანტუან ბარდონისადმი ჩვენი ქვეყნის ყველაზე შეჭირვებული ბავშვების მხარდაჭერისთვის” , – განაცხადა თეა წულუკიანმა.

იტვირთბა....