ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

რატომ გაათავისუფლეს 98 ადამიანი თბილისის მთავარი ბიბლიოთეკიდან?

დღეს თბილისის მთავარი ბიბლიოთეკიდან 98 თანამშრომლის გათავისუფლებასთან დაკავშირებით ბრიფინგი მონიტორინგის ცენტრმა „მედიატორმა“ გამართა. ბრიფინგზე ერთ-ერთმა ყოფილმა ბიბლიოთეკის თანამშრომელმა მანონი ხორავამ აღნიშნა, რომ მასზე ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობისგან ზეწოლა ხდებოდა.

როგორც „მეტრონომთან“ საუბრისას ხორავამ განაცხადა, ზეწოლა მასზე და სხვა თანამშრომლებზე მას შემდეგ ხორციელდებოდა, რაც 2015 წლის ივნისიდან, თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელად ლენა ასკურავა დაინიშნა. მისი წინამორბედი ციალა კალმახელიძე იმავე წლის მარტში აუდიტის დასკვნის საფუძველზე გათავისუფლდა. აუდიტი ყოფილ დირექტორს ბიბლიოთეკის ქონების არადანიშნულებისამებრ გამოყენებაში ედავებოდა. დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებად კი ოთარ ჯანელიძე დაინიშნა.

„მომატყუა დირექტორის მოადგილის შემსრულებემა ოთარ ჯანელიძემ, მან მითხრა, რომ მჭირდები, კარგი სპეციალსტები მჭირდებაო და ჩამომაქვეითეს ოთხი საფეხურით. ვიყავი სამსახურის უფროსი, ხელფასი მქონდა 600 ლარი. ჩამომაქვეითეს და დამნიშნეს მთავარ ბიბლიოთეკარად, 280 ლარით ნაკლები ხელფასით. ასეთი ზეწოლა მიმდინარეობდა ყველა გათავისუფლებულ თანამშრომელზე. წინასწარ დაწერილი განცხადებები ჰქონდათ და მოტყუებით აწერინებდნენ ხელს“ – აღნიშნა მანონი ხორავამ.

მისი თქმით, ბიბლიოთეკის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლენა ასკურავა პროფესიით სტომატოლოგია და მენეჯერული ნიჭით არ გამოირჩევა. როგორც ხორავა „მეტრონომთან“ საუბრისას ამბობს, გათავისუფლებული თანამშრომლების ადგილზე  არაპროფესიონალები, ვაკანსიის გარეშე დანიშნეს.

მონიტორინგის ცენტრ „მედიატორის“ ხელმძღვანელის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თანამშრომლები უსაფუძვლოდ გაათავისუფლა და მათ ნაცვლად ნათესავები დანიშნა. ცვლილებებს ის მერიის მაღალი თანამდებობის პირთა ინტერესებს უკავშირებს.

როგორც „მეტრონომთან“ ხაბეიშვილმა განაცხადა, თანამშრომლების უმრავლესობამ ზეწოლებთან დაკავშირებით მიმართა სახალხო დამცველის აპარატს, პრემიერ-მინისტრს, კულტურის სამინისტროს და დედაქალაქის მერიას, მათგან კი რეაგირება არ მომხდარა, სწორედ ამიტომ საჭირო გახდა ფაქტების გასაჯაროება.

„ჩვენ გარდა „გამჭირვალობა საქართველოს“ სამი დავა აქვს მთავარ ბიბლიოთეკასთან. სასამართლოში სარჩელი შეტანილია და ელოდებიან სასამართლოს ჩანიშვნას. ასევე კახა კუკავას აქვს ბიბლიოთეკის თანამშრომლების ნაწილთან ურთიერთობა და ის მათ  ადვოკატირებას უწევს. ნაწილთან ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს და ჩვენ გავუწევთ ამ ადამიანებს იურისდიულ კონსკულტაციას“ – განაცხადა ხაბეიშვილმა „მეტრონომთან“.

მისი თქმით, არ არსებობს კანონი, რომელიც ჩინოვნიკების მხრიდან მსგავსი ქმედებების შემაკავებელია. სწორედ ამიტომ მონიტორინგის ცენტრი „მედიატორი“ კანონპროექტზე მუშაობს, რომელსაც ამ კვირის ბოლოს პარლამენტში განსახილველად შეიტანს.

„ჩვენი ინიციატივაა, რომ როდესაც თანამდებობის პირი,  თანამშრომელს დაითხოვს, თუ სასამართლო ერთზე მეტ ფაქტზე იტყვის, რომ ეს  უკანონო იყო, ამ შემთხვევაში კანონის წესით თავად ეს თანამდებობის პირი იყოს დათხოვნილი და საჯარო სექტორში მუშაობა რამდენიმე წლით აეკრძალოს. ამ ინიციატივასაც ვაყენებთ იმიტომ, რომ გარდა მთავარი ბიბლიოთეკისა, ყველამ კარგად იცის, რომ 2012 წლის არჩევნების შემდეგ ათასობით ადამიანია გათავისუფლებული საჯარო სამსახურებიდან და არ არსებობს კანონი, რომელიც ჩინოვნიკებისთვის, რომლებიც ასეთ უკანონო გადაწყვეტილებებს იღებენ, შემაკავებელია“- განუცხადა ხაბეიშვილმა „მეტრონომს“.

ის ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ როდესაც ბიბლიოთეკის ყოფილი თანამშრომელი მანონი ხორავა სახალხო დამცველის აპარატში მივიდა და მასზე ზეწოლის ფაქტებზე უამბო, მათგან მიიღო არაადექვატური პასუხი.

„ქალბატონმა მანონი ხორავამ უთხრა სახალხო დამცველს, რომ ჩემზე მიდის ზეწოლა და სამსახურიდან ძალით მათავისუფლებენო. თანამშრომელმა კი უპასუხა, რომ ჯერ გათავისუფლებული არ ხართ და თქვენს ამ განცხადებას არ ჩავიბარებთო. არანაირი რეაგირება ამ ფაქტებზე სამწუხაროდ არ არის“ – განაცხადა ხაბეიშვილმა.

მისი თქმით, მთავარი ბიბლიოთეკა არის კულტურის სამინისტროს სსიპ-ი. ქალაქის მერია კი ბიბლიოთეკას უბრალოდ აფინანსებს.

„არც მათგან არც პრემიერ-მინისტრისგან, სახალხო დამცველისგან, მერიის აუდიტის სამსახურისგან, კულტურის აუდიტის სამსახურისგან, არანაირი რეაგირება არ ყოფილა. ყველგან პასუხი არის ის, რომ მიმდინარეობს მოკვლევა და მოკვლევის პარალელურად უკვე 98 თანამშრომელია გათავისუფლებული“ – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ჩვენ ვეცადეთ ამ თემაზე დავკავშირებოდით ბიბლიოთეკის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ ლენა ასკურავას, მაგრამ მასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა და ამიტომ, ამ თემაზე მის მედიაში გავრცელებულ პასუხს ვაქვეყნებთ:

„ვინ ვის რას კარნახობდა და აწერინებდა, არ ვიცი. ეს სერიოზული ბრალდებაა, რომელსაც მტკიცებულებები სჭირდება. ამიტომ ყოფილ თანამშრომლებს შეუძლიათ შესაბამის სამართლებრივ ზომებს მიმართონ და დაამტკიცონ თავიანთი სიმართლე” – განაცხადა ასკურავამ.

ჩვენ ყველანაირად ვცდილობდით სახალხო დამცველის ოფისთან დაკავშირებას თუმცა, ვერ მოვახერხეთ. მათთან კომენტარს მოგვიანებით, აუცილებლად შემოგთავაზებთ.

 

ნინო ცხადაია

იტვირთბა....