ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

დაპირისპირება რელიგიურ ნიადაგზე: ადიგენში სიტუაცია დასტაბილურდა

ადიგენში ამ დროისთვის სიმშვიდეა. სიტუაციას სამართალდამცველები აკონტროლებენ. სოფელ ადიგენში დაწყებული დაპირიპირება რელიგიურ ნიადაგზე აღმოცენდა. მიზეზი რელიგიის საბჭოს რამდენიმე დღის წინ მიღეული გადაწყვეტილება გახდა, რომლის მიხედვითაც მუსლიმებს უფლება მიეცათ ახალი სასაფლაო გაეკეთებინათ. მუსლიმანებსა და ქრისტიანებს შორის ხელჩართული ჩხუბის შედეგად დაშავდა სამი ადამიანიც. მათ უკვე გაესაუბრნენ სამართალდამცველები. როგორც სოფელში ყვებიან, ინციდენტი გამიზნულად არ მომხდარა.

ცოტა ხნის წინ ადიგენში რაიონის გამგებელი მივიდა. ის აცხადებს, რომ პრობლემა ხელოვნურად არის დრამატიზებული და რეალურად პრობლემა არ დგას. მისივე განმარტებით, მუსლიმ თემს ექნება საკუთარი სასაფლაო, როგორც ეს სახელმწიფოს მიერ არის გადაწყვეტილი.

ასევე დილიდან ადგილზე იმყოფებიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მათი შეფასებით, ადგილი აქვს რელიგიურ დისკრიმინაციას და ხელისუფლებას უფრო ქმედითი ღონისძიების გატარებისკენ მოუწოდებენ, კიდევ ერთი დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს „რუსთავი 2“.

რაიონში იმყოფება ახალციხის მუფტი, რომელიც ასევე მათ მიმართ დისკრიმინაციაზე საუბრობს.

“ადიგენის რაიონში, განსაკუთრებულად ბოლო პერიოდში იგრძნობა ხალხის სრული დისკრიმინაცია, ახლა ცემაც დაგვიწყეს. ჩვენი საქმეები გამოძიებული არ არის. ახლა აშკარად მოგვისიეს ხალხი,” – აცხადებს მუფტი.

„როდესაც არ ხდება რეაგირება, დასჯა სამართალდარღვევის, სამწუხაროდ, ვიღებთ ახალ ინციდენტებს,“ – ასე ეხმაურება სახალხო დამცველი ადიგენში განვითარებულ მოვლენებს.

უჩა ნანუაშვილი ხელისუფლებისგან ადექვატურ რეაგირებას ელოდება და მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს, დროულად გამოიძიონ მომხდარი.

ამ მხრივაც შეიძლება ითქვას, რომ ადიგენშიც კვლავ პრობლემაა ის, რომ როდესაც რამდენიმეჯერ არ მოხდა ადექვატური რეაგირება ასეთ ფაქტებზე, რელიგიურ ნიადაგზე მომხდარ დაპირისპირებაზე, არ გაეცა პასუხი ხელისუფლების მხრიდან, კიდევ ვიღებთ ახალ შედეგს. ნებისმიერი წაყრუება ასეთ ფაქტებთან დაკავშირებით არის წახალისება,” – აღნიშნა უჩა ნანუაშვილმა.

ადიგენში მიმდინარე მოვლენებს პარლამენტიც გამოეხმაურა. დეპუტატების უმრავლესობა იმედოვნებს, რომ არსებული სიტუაცია სერიოზულ ესკალაციაში არ გადაიზრდება.

შსს-ს მიერ გარცელებულ განცხადებაში კი ნათქვამია:

„ადიგენში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებით გვსურს გაცნობოთ, რომ სამართალდამცველთა მხრიდან მყისიერი და ადეკვატური რეაგირების შედეგად, ვითარება დროულად განიმუხტა. სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტი სიტუაციას სრულად აკონტროლებს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის პირველი ნაწილით (ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო) მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მხარეებს, თავი შეიკავონ პროვოკაციისა და ძალადობრივი დაპირისპირებისგან, ვინაიდან ადამიანის უფლებების შელახვის ნებისმიერ ფაქტზე პოლიცია დაუყოვნებლივ მიიღებს კანონით გათვალისწინებულ მკაცრ ზომებს.“

 

იტვირთბა....