ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველო ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში 9 ადგილით ჩამოქვეითდა

ჰერიტიჯის ეკონომიკური თავისუფლების განახლებულ რეიტინგში საქართველო 35-ე ადგილზეა.

მეთოდოლოგია

ქვეყნების ეკონომიკურ თავისუფლებას ორი ავტორიტეტული ამერიკული ორგანიზაცია იკვლევს. ესენი არიან ფრეიზერის ინსტიტუტი და ჰერიტიჯ ფაუნდეიშენი. კვლევებზე დაყრდნობით, ისინი ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგს ადგენენ. ჰერიტიჯ ფაუნდეიშენის რეიტინგი 2 მარტს განახლდა.

ჰერიტიჯ ფაუნდეიშენი აშშ-ში დაფუძნებული კვლევითი ცენტრია, რომელიც ეკონომიკური თავისუფლების ინდექსს 1995 წლიდან აქვეყნებს. 2023 წელს გამოქვეყნებული ინდექსი ძირითადად 2021-2022 წლების მდგომარეობას ასახავს.

ეკონომიკური თავისუფლების დონე 4 ჯგუფად განაწილებულ 12 კრიტერიუმზე დაკვირვებით განისაზღვრება, ესენია: 1. კანონის უზენაესობა (საკუთრების უფლება, სასამართლოს ეფექტიანობა, კორუფციის დონე), 2. მთავრობის ზომა (საგადასახადო ტვირთი, მთავრობის ხარჯები, ფისკალური სტაბილურობა), 3. რეგულაციების ეფექტიანობა (ბიზნესის თავისუფლება, შრომის თავისუფლება, მონეტარული თავისუფლება), 4. ღია ბაზრები (საგარეო ვაჭრობის თავისუფლება, ინვესტირების თავისუფლება, ფინანსური თავისუფლება).

ინფორმაციის წყარო სხვადასხვა კვლევა და ქვეყნების სტატისტიკური მონაცემებია. ცალკეული კრიტერიუმი მაქსიმუმ 100 ქულით ფასდება და ქვეყნის საბოლოო ქულა 0-დან 100-მდე მერყეობს. საბოლოო ქულების მიხედვით ქვეყნები 5 ჯგუფში ნაწილდებიან: 1. 80-100 ქულა – თავისუფალი ქვეყნები. ასეთი მხოლოდ 4 ქვეყანაა; 2. 70-79.9 ქულა – მეტწილად თავისუფალი ქვეყნები; 3. 60-69.9 – ზომიერად თავისუფალი ქვეყნები; 4. 50-59.9 ქულა – მეტწილად არათავისუფალი ქვეყნები და 5. 0-49.9 ქულა – რეპრესირებული ქვეყნები.

რეიტინგი 176 ქვეყანას მოიცავს.

საქართველო ჰერიტიჯის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში

2 მარტს გამოქვეყნებული ეკონომიკური თავისუფლების ჰერიტიჯის ინდექსის მიხედვით საქართველო მსოფლიო რეიტინგში 35-ე ადგილზეა (176 ქვეყანას შორის) 68.7 ქულით. ბოლო ერთ წელიწადში საქართველოს ქულა 3.1 პუნქტით შემცირდა, რაც მნიშვნელოვანი ვარდნაა. საქართველომ მეტწილად თავისუფალი ქვეყნების ჯგუფიდან ზომიერად თავისუფალი ქვეყნების ჯგუფში ჩამოინაცვლა. ბოლო 2 წელიწადში კი საქართველოს ქულა 8.5-ით შემცირდა.

საქართველოს ქულები შეფასების 12 კრიტერიუმიდან 8-ში შემცირდა, 2-ში უცვლელად დარჩა, ხოლო 2-ში გაუმჯობესდა.

ყველაზე მეტად, 24.1 პუნქტით, საქართველოს ქულა ფისკალურ სტაბილურობაში შემცირდა, რაც პანდემიის გამო გაზრდილმა ბიუჯეტის ხარჯებმა, ბიუჯეტის დეფიციტმა და სახელმწიფო ვალმა განაპირობა.

9.5 პუნქტით გაუარესდა საკუთრების უფლების დაცვის მიმართულება. 4.3 პუნქტით გაუარესდა ბიზნესის თავისუფლების ქულა, რაც რეგულაციების გამკაცრებას უკავშირდება. 4-ით შემცირდა მონეტარული თავისუფლების ქულა, რაც მაღალმა ინფლაციამ განაპირობა.

სასამართლოს ეფექტიანობის ქულა 0.9-ით შემცირდა, ხოლო კორუფციის 1.5-ით, რაც კორუფციის დონის ზრდას ნიშნავს.

უცვლელი დარჩა საგადასახადო ტვირთის და ინვესტირების თავისუფლების ქულები, ხოლო გაიზარდა შრომის თავისუფლების (0.2-ით) და ფინანსური თავისუფლების (10-ით) ქულები. ფინანსური თავისუფლების ქულის მნიშვნელოვნად ზრდა საბანკო სექტორში დაფინანსებისადმი ხელმისაწვდომობის ზრდამ განაპირობა.

ამჟამად საქართველოს ყველაზე დაბალი ქულა – 43 ფისკალურ სტაბილურობაში აქვს. შემდეგ მოდის საკუთრების უფლება 54.3 ქულით და სასამართლოს ეფექტიანობა 55.5 ქულით.

ყველაზე მაღალი ქულა – 89.1 საქართველოს საგადასახადო ტვირთის სიმსუბუქეში აქვს. შემდეგ მოდის საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლება 86 ქულით და ფინანსური და ინვესტირების თავისუფლება 80.0 ქულით.

რეიტინგში საქართველო ყველაზე მაღალ პოზიციას – მე-7 ადგილს – 2017 წელს იკავებდა. 35-ე ადგილზე ქვემოთ კი ბოლოს 2004 წელს იყო.

საქართველოს პოზიცია ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში

ქვეყნები, სადაც ეკონომიკური თავისუფლების დონე ყველაზე მაღალია

ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში პირველ ადგილზეა სინგაპურია 83.9 ქულით, რომლის ქულა ბოლო წელს 0.5-ით შემცირდა, მაგრამ მაინც პირველი ადგილი შეინარჩუნა. მეორეზე შვეიცარიაა 83.8 ქულით. პირველ ოთხეულში ანუ თავისუფალ ქვეყნებში, ხვდებიან ასევე ირლანდია და ტაივანი.

რეიტინგში საქართველოს მეზობლები ისრაელი (34-ე ადგილი) და კატარი (36-ე ადგილი) არიან.

გეოგრაფიულად საქართველოს მეზობელი ქვეყნები შემდეგ პოზიციებს იკავებენ:

სომხეთი 50-ე ადგილი (დაწინაურდა 8 ადგილით),
აზერბაიჯანი 75-ე ადგილი (პოზიცია არ შეცვლილა),
თურქეთი 104-ე ადგილი (დაწინაურდა 3 ადგილით),
რუსეთი 125-ე ადგილი (ჩამოქვეითდა 12 ადგილით).

რეიტინგში ბოლო ადგილზე ჩრდილოეთი კორეაა 2.9 ქულით, ანუ ამ ქვეყანაში ეკონომიკა ყველაზე არათავისუფალია. ბოლოდან მეორეზე კუბაა 24.3 ქულით, ხოლო ბოლოდან მესამეზე ვენესუელაა 25.8 ქულით.

ტოპ-10 ქვეყანა ეკონომიკური თავისუფლების მიხედვით

წყარო – Forbes.ge

იტვირთბა....