ბათუმის ბულვარში მდგარი ბატუტის მფლობელ 65 წლის ედუარდ აბრამიანს ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. ეს ის ბატუტია, რომელიც 12 მარტს ქარმა დააზიანა – ამ დროს იქ ორი არასრუწლოვანი ძმა თამაშობდა, მათგან ერთი დაიღუპა, მეორეს მდგომარეობა კი ამ დრომდე მძიმეა.
აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლომ დღეს, 15 მარტს იმსჯელა.
გამოძიება აცხადებს, რომ სწორედ ედუარდ აბრამიანს ეკისრება პასუხისმგებლობა ბატუტის უსაფრთხოებაზე, დაკავებულის ადვოკატი კი ამბობდა, რომ 30 წლის განმავლობაში უსაფრთხოების საკითხი არასდროს დამდგარა ეჭვქვეშ. ბრალდებულის ოჯახის წევრების თქმით, საბავშვო ბატუტი ჯაჭვებით იყო დამაგრებული მიწაზე, თუმცა სტიქიურმა ქარმა უბედური შემთხვევა გამოიწვია.
12 მარტს, გვიან საღამოს ძლიერი ქარის ამოვარდნის დროს ბათუმის ბულვარში, არაგანის ტბასთან მდებარე საბავშვო ბატუტი ამოტრიალდა. ამ დროს ბატუტზე იმყოფებოდნენ 9 და 3 წლის ძმები. თვითმხილველების თქმით, ქარმა ბატუტი მაღლა აიტაცა და ამოაყირავა.
13 მარტს შსს-მ დააკავა კაცი, რომელიც სამინისტროს განცხადებით, პასუხისმგებელი იყო ბატუტის უსაფრთხოებასა და ექსპლუატაციის წესების დაცვაზე, თუმცა მან დაკისრებული ვალდებულებები ვერ შეასრულა. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.