„საკონსტიტუციო შესწორების პროექტი, რომელიც საბოლოოდ აკრძალავს იდენტურ სქესიანთა ქორწინებას მიღებული იქნება! უახლოეს ერთ კვირაში შეგროვდება საჭირო 76 ხელმოწერა და შემდეგ დაიწყება შესაბამისი იურიდიული პროცედურები. ახლა მთავარია ორივე სესიაზე მოხდეს საბოლოო კენჭისყრა და ამ პარლამენტმა მოასწროს შესწორების მიღება! გილოცავთ! ჩვენმა უკომპრომისო ბრძოლამ და მცირედმა მსხვერპლმა შედეგი გამოიღო. რესპუბლიკელებმა უკან დაიხიეს!”, – ეს განცხადება მოძრაობა „ეროვნულების” ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ „რეპორტიორთან” საუბრისას გააკეთა.
„მეტრონომი“ დაუკავშირდა სანდრო ბრეგაძეს და სცადა გადაემოწმებინა რა გახდა პოლიტიკოსის მხრიდან ამ განცხადებების საფუძველი.
„მეტრონომი“: ბატონო სანდრო, პარლამენტში 76 საჭირო ხელმოწერის შეგროვების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია რას ეფუძნება?
სანდრო ბრეგაძე: საპარლამენტო უმრავლესობის დიდმა ნაწილმა, კონკრეტულად „ქართული ოცნების“ ფრაქციამ და დეპუტატებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ კონსტიტუციაში შესწორების ვარიანტი დაიძრას და უახლოეს მომავალში მოხდეს ამ ვარიანტის საკანონმდებლო განხილვის დაწყება, რასაც ორი სესია სჭირდება. ხმების საჭირო რაოდენობის შემთხვევაში შესწორება მიღებული იქნება.
– აღნიშნავთ, რომ რესპუბლიკელებმა უკან დაიხიეს. ეგ როგორ?
– რესპუბლიკელები კატეგორიული წინაააღდეგები იყვნენ ამ შესწორების. მათ შეწყვიტეს ის გააფთრებული წინააღდეგობა რაც ჰქონდათ ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს ინფორმაცია საქართველოს პარლამენტიდან არსებობს. მთავარი არსია ის, რომ საკონსტიტუციო შესწორება, რითიც სამუდამოდ აიკრძალება იდენტურსქესიანთა ქორწინება, მიღებული იქნება პარლამენტში
– სოცქსელში აღნიშნავთ, რომ ეს მცირე გამარჯვებაა და წინ კიდევ დიდი გამარჯვებები გელით. შეგიძლიათ უკვე ისაუბროთ სამომავლო გეგმებზე?
– რა თქმა უნდა, ჩვენ სპონტანურად არ ვმოქმედებთ, ვმოქმედებთ საქართველოს მოსახლეობის ნების სასარგებლოდ და იმ დასავლური ღირებულებების ნების სასარგებლოდ, რომლის დანერგვასაც ჩვენ ვუწყობთ ქვეყანაში ხელს. ვფიქრობ, რომ ის ძალები, რომლებიც საქართველოს მოსახლეობას თავზე ახვევენ იმ ტენდენციებს, რაც მიუღებელია, პრორუსულ ძალებს წარმოადგენენ და რუსეთის ინტერესებს ემსახურებიან. აქედან გამომდინარე, ჩვენ არავის მივცემთ საშუალებას ეს ინტერესები გაატაროს.
მანა ნოდია