სახალხო დამცველი გუშინ პარლამენტთან მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.
“ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა, მაგრამ ამ ინციდენტს არ ვუკავშირებ ჩემს საქმიანობას. იქ იყვნენ განსხვავებული ადამიანები, განსხვავებული მოსაზრებებით, რომელთაც არ მოსწონდათ ჩემი პოლიტიკური შეფასებები, როცა პოლიტიკაში ვიყავი და ამის მიმართ გამოხატეს პროტესტი იმ ფორმით, რომელიც ყველასთვის მიუღებელია,” -განაცხადა ლევან იოსელიანმა.
აქციაზე ლევან იოსელიანის მისვლას აქციის მონაწილეების მხრიდან პროტესტი და შეურაცხმყოფელი შეძახილები მოჰყვა. პროტესტის მონაწილეებმა სახალხო დამცველს კვერცხი ესროლეს. იოსელიანი ადგილიდან ომბუდსმენის მოადგილემ გიორგი ბურჯანაძემ და პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა გაიყვანეს. მან ტერიტორია პოლიციის თანხლებით დატოვა. იოსელიანი ამბობს, რომ მსგავსი ფაქტები მიუღებელია.