„ნაციონალური მოძრაობა“ პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილს გახმაურებული და გამოუძიებელი საქმეების სიას უგზავნის. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი მინაშვილმა განაცხადა, ასეთი სულ 56 საქმეა, რომელთა შორის, 10 მკვლელობის, 5 წამებისა და არაადამიანური მოპყრობის, 9 ცემის, 5 პირადი ცხოვრებით დაშანტაჟების, 5 უკანონო თავისუფლების აღკვეთის, 17 პოლიტიკური მოტივების და 26 სამართალდამცავების მიერ ჩადენილი დანაშაულის შემთხვევაა.
„გუშინ, დღისით, მზისით შეირაღებული თავდასხმა მოხდა პოლიტიკურ ფიგურაზე და სამწუხაროდ, 2012 წლის არჩევნების შემდეგ, ეს პირველი შემთხვევა არაა. ჩვენ ვიცით ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობის ამბავი, ამბავი, როცა თავს დაესხნენ ნუგზარ წიკლაურს და მისი გატაცების მცდელობა იყო. თავს დაესხნენ გიორგი ღვინიაშვილს და ჩიორა თაქთაქიშვილს.
სამწუხაროა, რომ 2012 წლის შემდეგ საქართველო განგსტერულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა და წარმოიდგინეთ იქ, სადაც პოლიტიკური ფიგურის უსაფრთხოება არაა დაცული, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები კიდევ უფრო ცუდ დღეში არიან. ესაა შედეგი იმ ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის, რომელსაც „ქართული ოცნება” ატარებს. დღეს კრიმინალური სამყარო პრივილეგირებულ მდგომარეობაშია. დღეს რეალურად ორგანიზებული დანაშაული უსაფრთხოდაა, ხოლო მოქალაქეები საფრთხეში არიან.
როცა პარლამენტი გიორგი კვირიკაშვილს ამტკიცებდა, მან აღნიშნა, რომ ყურადღებას მიაქცევდა იმ ათეულობით გაუხსნელ საქმეს, რომელიც დაგროვდა, თუმცა კვირიკაშვილი აგრძელებს მოსახლეობის მოტყუების პრაქტიკას.
სწორედ ამიტომ, ჩვენ გაუხსნელი და გამოუძიებელი საქმეების სიას, სადაც ყველა ფაქტი ჩამოწერილია, წერილობით ვუგზავნით მას, რათა გამოიძიონ ეს საქმეები.”-განაცხადა მინაშვილმა.