დღეს თბილისში, საბურთალოს რაიონში, უცნობმა პირებმა ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორივე ქვედა კიდური დაუზიანეს.
ამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური საიტზე აქვეყნებს:
„გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმის მომენტში ალექსი პეტრიაშვილი ყოფილი დიპლომატის – ლევან მიქელაძის საფლავზე სამ მეგობართან ერთად იმყოფებოდა.
მომხდარის შესახებ შეტყობინება გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში ახლომდებარე საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრები მოქალაქისგან შევიდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
შემთხვევა საბურთალოს პანთეონის ძმათა სასაფლაოს ტერიტორიაზე მოხდა.
შსს მიმართავს ფაქტის თვითმხილველ პირებს, დანაშაულის დროულად გამოძიების მიზნით, ითანამშრომლონ სამართალდამცავ ორგანოებთან.
ალექსი პეტრიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია“- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
“თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერის ალექსი პეტრიაშვილის მეუღლე ეკა მიშველაძე პირველ განცხადებას აკეთებს.
მიშველაძის თქმით, დაჭრილის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
“სასაფლაოზე მოხდა. ახლა სტაბილურია. ცეცხლნასროლი ჭრილობა აქვს მრავალი”, – განაცხადა მიშველაძემ, რომლის კომენტარს ტელეკომპანია “იმედი” ავრაცელებს.