საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირეით ახალ ინფორმაციას ავრცელებს.
მისი თქმით, უკრაინაში, ბახმუტთან, საშინელება ტრიალებს.
„დონეცკის რაიონში, ბახმუტთან მსხვერპლი რუსულ რიგებში კატასტროფულადაა გაზრდილი. ბოლო 48 საათში ყველა შეტევა, რომელიც უშუალოდ ქალაქის ტერიტორიაზე იყო მიმართული რუსული არმიის სრული ჩავარდნით დასრულდა. მსხვერპლი იმდენად დიდი აქვთ რუსებს, რომ ყოველ შემდგომ შეტევაზე გადასულ დანაყოფს წინა დანაყოფების გვამებზე უწევს გავლა. სასაკლაოა ქალაქის გარეუბნებსა და საგზაო მაგისტრალების გასწვრივ. როგორც არაერთხელ აღნიშნულა და მეც არაერთხელ მითქვამს, ვითარება მთელს აღმოსავლეთის ფრონტზე ძალიან წააგავს პირველი მსოფლიო ომის ვითარებას, როდესაც ათასობით სამხედრო ერთიანად, რამდენიმე ათეული მეტრისათვის ცდილობდა იერიშზე გადასვლას, მაგრამ ტყვიამფრქვევისა და არტილერიის მსხვერპლი ხდებოდა ხოლმე. იულია იოფეს – რუსული წარმოშობის მაღალპროფესიონალი ამერიკელი ანალიტიკოსი – შეფასებით, “ვაგნერის” რიგებში მიღებული პატიმრებიდან 80% ნადგურდება რამდენიმე კვირის შუალედში, ხოლო უკან დახეულებს მეორე მსოფლიო ომის პრინციპით თავად რუსი ოფიცრები ხვდებიან და ესვრიან.
– ქალაქის მომიჯნავედ გზების მიმართულებით სიტუაცია სწრაფად ცვალებადია. უკრაინელებმა დასავლეთით, კოსტიანტინივკასაკენ მიმავალი გზიდან კიდევ უფრო უკან დაახევინეს რუსებს. მაგრამ ქალაქის ჩრდილოეთით, სლავიანსკისაკენ მიმავალი გზის გასწვრივ რუსების სიტუაცია შედარებით უკეთესია – ისინი რამდენიმე კილომეტრის გასწვრივ უტევენ გზას. ამ მონაკვეთში სიტუაცია საკმაოდ მწვავეა.
– ბახმუტთან, კრასნა ჰორადან პარასკოვიივკასაკენ (ბახმუტის მომიჯნავე დასახლება) რუსული იერიში ჩავარდა. უკან დახეულ რუსულ დაჯგუფებას უკრაინელები მიჰყვნენ. ბრძოლამ კვლავ კრასნა ჰორას ტერიტორიაზე გადაინაცვლა.
– ბახმუტიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, რუსები სივერსკის მიმართულებით ცდილობენ იერიშის განვითარებას, თუმცა ფედორივკასთან უკრაინულ თავდაცვის ზღუდეს ხვდებიან და წინ წაწევას ვერ ახერხებენ.
– უკრაინელებმა ბახმუტის სიახლოვეს რუსული Ka-52 მოიერიშე შვეულმფრენი ჩამოაგდეს.
ზოგადი შეფასებით – ბახმუტის ირგვლივ უკრაინელებს იმდენად მყარი თავდაცვის ზღუდეები აქვთ მოწყობილი, რომ რუსები მათ გადალახვას მოცემულ რეალობაში ვერ ახერხებენ. კატასტროფული დანაკარგები ცოცხალი ძალისა და ტექნიკის მხრივ, ურბანულ სივრცეში ბრძოლის სირთულე, დემორალიზაცია, გამოფიტვის ნიშნები და ქალაქის ალყაში ვერ მოქცევა სწორედ ის მიზეზებია, რასაც რუსული შეტევა ბუნებრივ ჩიხში შეჰყავს.
– კრემინას სიახლოვეს, ტყეში უკრაინული არტილერია მუშაობს. ამ ფონზე რუსებს სამხედრო ინიციატივის ქონა ძალიან უჭირთ. სწორედ კრემინადან მასშტაბურ გარღვევაზე იდებოდა რუსული რეგულარული არმიის ფსონები, მაგრამ ამ ეტაპზე ეს გარღვევა ვერ შედგა.
– რუსი მობილიზებული დანაყოფების გარკვეული ნაწილი ფრონტზე გასვლაზე უარს აცხადებს და ამ თემაზე ვიდეო თუ წერილობითი მიმართვებითაც გამოდიან. სიტუაცია საკმაოდ ფეთქებადია, მით უფრო რომ ფრონტის სიახლოვეს მყოფი ბევრი მობილიზებული სამხედრო უდრის ბევრ სამიზნეს უკრაინელებისათვის. HIMARS-ის აქტიური მოქმედების ფონზე ზუსტი დარტყმებით ყოველდღიურმა მსხვერპლმა რეკორდულ მასშტაბებს მიაღწია. ომის დაწყების პირველი კვირის მაჩვენებელი ბრუნდება ამ მხრივ.
– დონეცკის რაიონის სამხრეთით, ვუჰლედართან შეტევის მცდელობები კვლავ სრული ჩავარდნით დამთავრდა. წარმოუდგენელი უგუნურება, რასაც რუსული გენერალიტეტი აკეთებს ამ მიმართულებით კვლავ ძალაშია. შესაძლოა ცოტა დაუჯერებლადაც კი ჩანდეს ეს ყველაფერი, მაგრამ ვხედავთ ქალაქზე შტურმს, რომელსაც ამ ეტაპზე ნულოვანი შედეგი აქვს, პროცესში კი რუსული არმიის ელიტა ნადგურდება. ვუჰლედარის მიმართულებით რა რაოდენობისა და ხარისხის რუსული სამხედრო ძალებიცაა გამოყენებული ერთი შეხედვით ასეთი ცუდი შედეგის დადება მათთვის ნაკლებად მოსალოდნელი იყო მაგრამ არაპროფესიონალების ხელში და წარმოუდგენლად ცუდად დაგეგმილი დავალების შესასრულებლად როგორი მომზადებაც გინდა ჰქონდეს არმიას მაინც ვერ შეასრულებს მას.
– იულია იოფე აცხადებს, რომ რუსეთში მობილიზაციის დასრულებას არ აპირებენ და პირიქით, მისი მასშტაბის გაზრდისათვისაც კი ემზადებიან და შესაძლოა ეს ოფიციალურად კი მოხდეს. ვინც კი მობილიზაციას გაურბის ქვეყნის შიგნით მათ აკავებენ და მისივე განცხადებით საბჭოთა გულაგების პირობებში აგზავნიან. თითქმის აღარ დარჩა სოფელიც კი, სადაც ახალი საფლავი არაა გათხრილი მოკლული მობილიზებულისა თუ პატიმრის დასამარხავად.
ყველა მიუკერძოებელი შეფასებით, საბრძოლო მოქმედებების შედეგად მოკლულთა რაოდენობამ, ლოჯისტიკურმა პრობლემებმა, დემორალიზაციამ და დაპირისპირებამ რუსულ სამხედრო ძალების შიგნით მაქსიმუმს მიაღწია.
რუსეთისათვის სწორედ ეს უკიდურესად გართულებული მდგომარეობა ფრონტის ხაზზე კრემლის ხელში არჩევანს ზღუდავს. რუსეთში ან ომი და ღია საყოველთაო მობილიზაცია უნდა გამოცხადდეს და ახალ-ახალი მიმართულებიდან შეტევა წამოიწყონ უკრაინაზე (მათ შორის ბელარუსიდან) ან გაზაფხულის დადგმასთან ერთად უკრაინის სამხედრო აქტივობას უნდა დაელოდონ და თავდაცვაზე დადონ ფსონი, რადგან ათასობით სამხედროს სიკვდილი რამდენიმე მეტრის დასაკავებლად, გრძელვადიანად, მათი მარცხის გარანტიად გადაიქცევა“ , – აღნიშნა კობერიძემ.