ახალი ამბები ბლოგები კულტურა მთავარი

პლატფორმა

 ყველანი ერთ პლატფორმაზე ვდგავართ და მატარებელს ველით, რომელიც იმ სამყარომდე მიგვიყვანს, მთელი ცხოვრებაა რომ ვეტრფით. თუმცა, იმდენი არ გვესმის, რომ მოთხოვნილება ყველას სხვადასხვანაირი აქვს და ერთი მატარებელი ამდენს ვერ გასწვდება. სინამდვილეში კი მატარებელი არც არსებობს. პლატფორმაზე ყოფნის ხიბლიც სწორედ ესაა – უსასრულო ლოდინი, სანამ ბოლოს და ბოლოს, იმ ქვეყნად არ გაემგზავრები

,,პლატფორმა” უელბეკის მეოთხე და მისი ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული რომანია. წიგნს გამოსვლისთანავე კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდა თავს და ადამიანების განსხვავებული დამოკიდებულება გამოიწვია. მთავარი თემა სექსუალური ტურიზმია, ამდენი წლის განმავლობაში ერთ-ერთ უაქტუალურეს და მტკივნეულ თემად რომ რჩება ფართო მასებში. – რისთვის მივდივართ დასასვენებლად? ადგილობრივი ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად? უცხო ტრადიციებისა და კულტურის გასაცნობად? ან იქნებ განსატვირთად? ალბათ ყველაფრისთვის ერთად, პლუს უმთავრესი – გასართობად. გართობის ყველაზე გავრცელებული სახეობა კი, მოგეხსენებათ, სექსია; განსაკუთრებით ოცდაათს გადაცილებულ საშუალო ეკონომიკური რგოლის წარმომადგენელთათვის. და რა ჰქვია იმ ადგილს, სადაც ღირსშესანიშნაობებს, ტრადიციებსა და კულტურას, განტვირთვასა და დასვენებას სექსი ყველაზე ავთენტურად ერწყმის? – თავისთავად ცხადია, ტაილანდი. მთავარი პერსონაჟიც – ავტორის სეხნია მიშელი, მამის გარდაცვალების შემდეგ სწორედ ტაილანდში მიდის დასასვენებლად, სადაც უბრალოდ ლამაზ ვალერის გაიცნობს, რომელიც შემდგომში სააგენტო ,,ნუველ ფრონტიერის” წარმომადგენელი აღმოჩნდება. მიშელი ძალაუნებურად ჟან-ივის, – ვალერის ბოსისა და თვითონ ვალერის საქმიანობაში ერთვება და სექსუალური ტურიზმის წინა პლანზე წამოწევას გეგმავს, რაც საბოლოო ჯამში დაღუპავს კიდეც. თუ კარგად დავაკვირდებით, მიშელ უელბეკის ტექსტებში მთავარი პერსონაჟები საბოლოოდ, სწორედ საკუთარი მისწრაფებებისა და სურვილების განხორციელებისას ინგრევენ ცხოვრებას, რითაც, სავარაუდოდ, ავტორი გვაფრთხილებს – უპირველეს ყოვლისა, ყველაფრის კარგად გააზრება და სასწორის ორივე მხრის გათანაბრებაა საჭირო, რადგან უკვე შემდგომ, რეტროსპექტივაში, მომხდარის გაანალიზებისას სინდისის ქენჯნა არ იგრძნო, ან უარესი – სუიციდის ზღვრამდე არ მიხვიდე.

,,პლატფორმა’’ პირველი წიგნია, სადაც უელბეკი ნამდვილად იწამებს სიყვარულს. ან, ყოველ შემთხვევაში, სენტიმენტალური ავტორის ნიღაბს ირგებს და აქამდე უარყოფილი გრძნობის ლობირებაც შესანიშნავად გამოსდის. მიშელის და ვალერის სასიყვარულო ურთიერთობა ერთი შეხედვით ბედნიერი წყვილის თანაცხოვრების საუკეთესო მაგალითია, თუმცა ეს ბედნიერება იმდენად დიდხანს  იწელება, ისეთი სათუთი და სიყვარულით აღსავსეა, რომ ბუნებრივია,  გიჩნდება კითხვა – სადამდე გასტანს ეს ყველაფერი? აღმოჩნდება, რომ არც ისე დიდ ხანს – ვალერის უეცარი სიკვდილის შემდეგ ფაქტობრივად მიშელიც კვდება, გარე სამყაროს მოწყდება, საკუთარ თავში ჩაიკეტება და ბოლოს… თქვენ თვითონ განსაჯეთ: ,,სხვა აზიელი ხალხებისგან განსხვავებით, ტაილანდელებს აჩრდილების არ სჯერათ და ნაკლებად აღელვებთ, რა ბედი ეწევათ გარდაცვლილებს. მათ უმთავრესად საერთო სასაფლაოზე მარხავენ ხოლმე. რადგან ანდერძად არაფერს ვიბარებ, მეც ასე მომექცევიან. გარდაცვალების მოწმობას შეადგენენ და აქედან ძალიან შორს, საფრანგეთში, სამოქალაქო აქტების ჩანაწერთა წიგნში შესაბამისი აღნიშვნა გაკეთდება. ერთი-ორი გარე მოვაჭრე, რომელიც ამ უბანში მხედავდა ხოლმე, თავს გადააქნევს. ჩემს ბინას ახალ მდგმურს მიაქირავებენ. დამივიწყებენ. სწრაფად დამივიწყებენ”. კითხულობ და არ გჯერა, რომ ეს შესაძლებელია, – ასეთი ძლიერი, ორმხრივი, ვნებით აღსავსე გრძნობის წამებში გაწყვეტა. ყველაფრის უკუღმა შემოტრიალება. მიშელ უელბეკი ,,პლატფორმაში’’ ერთმანეთს ორ უდიდეს მამოძრავებელ ძალას – სიყვარულსა და ძალადობას უპირისპირებს და ორივეს თანაბარ შესაძლებლობებს უსვამს ხაზს, – შეიძლება ერთმა მეორე გარკვეულ მომენტში დაჩრდილოს, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი მაინც ერთ დონეზე რჩება, მეხსიერების ზედაპირზე ილექება და წარუშლელ კვალს ტოვებს პიროვნების როგორც შინაგან, ისე – გარეგან სამყაროზე.

ლაშა მილორავა

 

იტვირთბა....