პრიმა ბალერინამ, ნინო ანანიაშვილმა “რუსთავი 2”-თან 25 თებერვალს, რუსული არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციის დღეს მოსკოვში საბალეტო დასთან ერთად გამოსვლის შესახებ ისაუბრა. როგორც ნინო ანანიაშვილმა განაცხადა, 25 თებერავლს კონცერტში მონაწილეობა უბრალო დამთხვევაა.
“მე ამაზე არ მიფიქრია” – ეს არის პირველი კომენტარი პრიმა ბალერინასგან.
მისი განმარტებით, კონცერტი ერთი წლის წინ დაიგეგმა და ის მისი პედაგოგის იუბილეს ეძღვნებოდა. რუსეთის დედაქალაქში, ქართული საბალეტო დასის ჩასვლა და მოსკოვის დიდი თეატრის სცენაზე გამოსვლა, მთლიანად რუსულმა მხარემ დააფინანსა.
“უბრალოდ ეს რიცხვი დაემთხვა, მე ამაზე არ მიფიქრია. მაგრა, საერთოდ ეს ფაქტი არსებობს. მაგრამ, უბრალოდ, ეს დღეს იყო ერთადერთი, რომელიც დაგეგმილი იყო ერთი წლის წინ,” – აღნიშნა ნინო ანანიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 25 თებერვალი რუსული არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციის დღეა. ქართველი პრიმა ბალერინას მიერ ამ დღეს გამართულმა კონცერტმა საქართველოში, საზოგადოების ნაწილში პროტესტი გამოწვია.