ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

25 თებერვალი: რა იყო მაშინდელი მთავრობის შეცდომა? – „მეტრონომთან“ ისტორიკოსი საუბრობს

 

1921 წლის 25 თებერვალს თბილისში, რუსეთის მე-11 წითელი არმია შემოვიდა და მოახდინა ქვეყნის ოკუპაცია. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ჯერ ბათუმში, შემდეგ კი ემიგრაციაში გაემგზავრა. 25 თებერვლის ოკუპაციით ქართული სახელმწიფოებრიობას ჩაეყარა საფუძველი. მართალია, ეს სულ სამი წელი გაგრძელდა, მაგრამ თანამედროვე ქართული სახელმწიფო სწორედ დემოკრატიული რესპუბლიკის სამართალმემკვიდრეა. ანექსიიდან რამდენიმე წელში შეიქმნა სოციალისტურ იდეებზე შექმნილი სახელმწიფო, რომლის ნაწილი დაშლის ბოლომდე, სხვა რესპუბლიკებთან ერთად ჩვენც ვიყავით. რა მოუტანა რუსეთთან იძულებითმა  თანაცხოვრებმა საქართველოს და შეიძლებოდა თუ არა მენშევიკებს თავიდან აეცილებინათ ოკუპაცია დროებით მაინც.

ამ საკითხზე „მეტრონომს“ ისტორიკოსი და  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ბუბა კუდავა ესაუბრა.

1386333580_manerheimi

„1801 წელს რუსეთის იმპერიამ უხეშად დაარღვია 1783 წელს დადებული გეორგიევსკის ტრაქტატი და მოახდინა საქართველოს ანექსია. გაუქმდა ქართლ-კახეთის  სამეფო და ამით, სათავე დაედო რუსეთის ბატონობას საქართველოში. შემდეგ ეტაპობრივად, მე-19 საუკუნის სხვადასხვა პერიოდში რუსეთმა მოახდინა სხვადასხვა სამეფო-სამთავროების ანექსია და ოკუპაცია. ეს პროცესი რუსეთმა საბოლოოდ, მე-19 საუკუნის 60-იან წლებში დაასრულა. ფაქტობრივად, გარდა იმისა, რომ დავკარგეთ თავისუფლება, ქართული სახელმწიფოებრიობის ისტორიაში მოხდა წყვეტა. რთული იყო ეს პერიოდი  საქართველოსთვის, რადგან ეს აისახა ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე. მიუხედავად იმისა, რომ მკვლევართა ნაწილი მიუთითებს დადებით მხარეებზე, ევროპიზაციაზე, რუსეთის მიერ სხვადასხვა ქართული ისტორიული მიწების შემოერთებაზე, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ნებისმიერი დატყვევების შემთხვევაში ხდება დადებითი მოვლენებიც. მაგრამ აქ არის შედარებითი საკითხი – რა არის ყველაზე მეტად ფასეული სახელმწიფოსა და ხალხისთვის. თვალს თუ გადავავლებთ ისტორიას ვნახავთ, რომ ჩვენი ქვეყანა ფეხზე დგებოდა მაშინ, როდესაც ჰქონდა სუვერენიტეტი და დამოუკიდებლად წარმართავდა თავის საქმეებს.  ვერც ერთ სხვა პერიოდს ვერ დამისახელებთ, როდესაც ჩვენ ვიყავით მონობის ქვეშ და ჩვენი საზოგადოების, ჩვენი კულტურის განვითარებას მიეღწია იმ სიმაღლეებამდე, როგორც ეს იყო თავისუფლების პერიოდებში.

შესაბამისად, არცერთი სხვა მონაპოვარი არ ღირს ამ ფასად და მეორე – ქართულ სამეფო-სამთავროებს, რომ გაეგრძელებინა დამოუკიდებლად არსებობა, მართალია ისტორიას არ უყვარს საკითხის ასე დასმა, მაგრამ მაინც დავუშვათ, რომ გაეგრძელებინა დამოუკიდებლად არსებობა , დარწმუნებული ვარ ლოგიკურად მისი განვითარების გზა იქნებოდა ევროპული.

მე-19 საუკუნე თავისთავად ეს ეპოქა რუსეთს არ მოუყვანია, მე-19 საუკუნე მოიტანა ზოგადად კაცობრიობის ისტორიამ თავის მონაპოვრებით, თავის ტექნიკის განვითარებით.

ჩვენ დავკარგეთ დამოუკიდებლობა, ეს ყველაფერი კი აისახა კულტურაზე, საზოგადოების ცნობიერებაზე. 1917 წელს რუსეთის იმპერიაში მომხდარი მოვლენები ჯერ ერთი რევოლუცია, მერე მეორე გადატრიალება და წინარე პერიოდის პირველი მსოფლიო ომის მოვლენებმა  შექმნა საფუძველი იმისათვის, რომ საქართველოს გამოეყენებინა ვითარება და აღედგინა დამოუკიდებლობა. საბედნიეროდ, მაშინ საქართველოში იყო ძლიერი პოლიტიკური პარტიები, რომლებმაც ადვილად აუღეს ალღო შექმნილ სიტუაციას, იყო საგარეო ფაქტორებიც, რა თქმა უნდა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო გერმანიის მხარდაჭერა.  მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ სამი წელი იყო, მიუხედავდ იმისა, რომ ამ სამ წელიწადში  შეუძლებელია სახელმწიფოს აშენება და ფეხზე დაყენება, დიდი წყვეტის აღდგენა, მაინც უმნიშვნელოვანესი პერიოდი იყო. ერთი, ცნობიერებისთვის, ქართველმა ხალხმა გაიხსენა, როგორია თავისუფლების გემო. ამასთანავე, საქართველოს დამოუკიდებლობა ცნო არაერთმა, მათ შორის რუსეთმაც. ცოტა მოგვიანებით და გაგანია ბრძოლების პერიოდში, მაგრამ მაინც მიიღეს საქართველოს კონსტიტუცია – 21 თებერვალს.

შემდგომში, დამოუკიდებლობის ეს სამი წელი ხშირად იყო გამოყენებული საერთაშორისო ასპარეზზე ქართული ემიგრაციის მიერ. 1989 წლის 9 აპრილის აქტში ჩვენი დამოუკიდებლობა ეფუძნება დემოკრატიული რესპუბლიკის პრინციპებს. თითქოს რა მნიშვნელობა აქვს ამას, მაგრამ მაინც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ მაშინ კაპიტულაციას ხელი არ მოაწერა და შესაბამისად, რუსეთის იმპერიის გეგმა შეფუთა ისე, თითქოს მოხდა გარკვეული პოლიტიკური ცვლილება მთავრობის და მეტი არაფერი – ამის საშუალება არ მისცა და საერთაშორისო თანამეგობრობას კითხვები არ უჩნდებოდა, რომ ეს იყო საქართველოს ოკუპაცია“. – აცხადებს კუდავა.

რა შეცდომები დაუშვა დემოკრატიული რესპუბლიკს მთავრობა და შეიძლებოდა თუ არა რუსული ოკუპაციის დროებით მაინც თავიდან აცილება?

კუდავა მიიჩნევს, რომ ოკუპაცია გარდაუვალი იყო, თუმცა სოციალ-დემოკრატების მთავრობის კონკრეტულ შეცდომებზე საუბრობს.

„ჩემი აზრით, რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპაცია გარდაუვალი იყო. ამ ოკუპაციაში ცალსახად დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის დადანაშალება არ არის მართებული. როგორც ნებისმიერ მთავრობას, მათაც ჰქონდათ შეცდომები. ჩემი პოლიტიკური სიმპათიები, მაგალითად, არ იხრება სოციალ-დემოკრატების მხარეს, თუმცა, საზოგადოების მაშინდელი არჩევანი ასეთი იყო. მათი ერთ-ერთი შეცდომა ალბათ ის არის, რომ ყურადღება არ გაამახვილეს თავიდანვე ქართული ჯარის მშენებლობაზე და შემდეგ უკვე გატარებული ღონისძიებებით, საკმაოდ გვიანი იყო. შეიძლებოდა ჩემი აზრით, უფრო მეტი ყურადღებით მოკიდებოდნენ საკითხს.

1920 წლის რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულება და საქართველოს სუვერენიტეტის ცნობა იყო მხოლოდ ყურადღების მოდუნებისთვის, თორემ რუსეთმა ძალიან კარგად იცოდა, მას თავისი გეგმები რამდენიმე თვეში არ შეუცვლია, ეს უბრალოდ თვალის ასახვევად, ყურადღების მოდუნებისათვის და საქართველოს მთავრობა მართლაც მოდუნდა და იმ ხელშეკრულების იმედად იყო. საერთო ჯამში შეიძლება ეს ვერ აგვეცილებინა, მაგრამ ვფიქრობ ვერ გავუწიეთ ის წინააღმდეგობა, რა წინააღმდეგობის რესურსიც მაშინ საქართველოს  ჰქონდა. ბრძოლის და სამწუხაროდ, სისხლის ღვრის გარეშე თავისუფლების დაცვა და მოპოვება არ ხდება და ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი მთავარი შეცდომა მაშინდელი მთავრობის.“ – ამბობს კუდავა.

 

მარიამ ვარადაშვილი

 

 

იტვირთბა....