“საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის კახა ბექაურის ქონებრივ დეკლარაციას სადაოდ მიიჩნევს. არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევის თანახმად ბექაურს ქონებრივ დეკლარაციაში მის მფლობელობაში არსებული კომპანიები სრულად არ აქვს მითითებული, რაც მათივე ინფორმაციით კანონით დასჯადია.
“მეტრონომი” არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევას გთავაზობთ:
“ბექაური კომისიის წევრად 2014 წლის იანვარში აირჩიეს. ქონებრივი დეკლარაცია მან ორჯერ, 2014 და 2015 წლებში შეავსო. ორივე დეკლარაციაში ბექაურს მითითებული აქვს, რომ იგი შპს „ორი ნაბიჯის” პარტნიორია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების მიხედვით კომისიის წევრი შპს „ორი ნაბიჯის” 33.3%-ს ფლობს. ბექაურს „ორი ნაბიჯიდან” შემოსავლად 0 ლარი აქვს მითითებული. „ორი ნაბიჯი” სუპერმარკეტების ქსელია, რომელიც თბილისის მასშტაბით 41 მაღაზიას ფლობს.
გარდა ამისა, ბექაური სამი სხვა კომპანიის მეწილედ ფიქსირდება:
შპს „სხვა არხი”(100%) – რეგისტრირებულია 2012 წლის 5 იანვარს. ბექაური ამ კომპანიის დირექტორის პოსტსაც იკავებს;
შპს „რითეილ ფროფერთიზ”(25%) – რეგისტრირებულია 2009 წლის 17 აგვისტოს;
შპს „მეგაპოლის კლასიკი” – რეგისტრირებულია 1998 წლის 26 აგვისტოს. ამ კომპანიის შესახებ ინფორმაცია საჯარო რეესტრში მრავალი წელია არ განახლებულა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსთვის” უცნობია, თუ რა სფეროში მოქმედებენ ეს კომპანიები და ეწევიან თუ არა ისინი აქტიურ საქმიანობას. თუმცა, კომპანიის მდგომარეობა არ ათავისუფლებს საჯარო პირს მისი ბიზნეს ინტერესების დეკლარირების ვალდებულებისაგან. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის თანამდებობა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადია. მოვუწოდებთ კომისიის წევრს მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებას და კანონით დაკისრებული მოვალეობების შესრულებას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 355-ე მუხლის მიხედვით ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარუდგენლობა ან დეკლარაციაში განზრახ არასრული ან არასწორი მონაცემის შეტანა „ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასოციდან ორას საათამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.”
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” არა ერთხელ გამოაქვეყნა ინფორმაცია თანამდებობის პირების მხრიდან ქონებრივი დეკლარაციების არასრულად შევსების ფაქტებზე, თუმცა ამ ფაქტებზე საგამოძიებო ორგანოებმა გამოძიება კონკრეტული პირების ბრალეულობის გამოვლენის მიზნით არ დაუწყიათ. საქართველოში ჯერ არ მოქმედებს წარდგენილი ქონებრივი დეკლარაციების გადამოწმების ეფექტური მექანიზმი, ეს მიუთითებს ქვეყანაში არსებული ანტიკორუფციული კანონმდებლობის სისუსტესა და აღსრულების მექანიზმის გაუმართაობაზე”,-წერია გამოქვეყნებულ მასალაში.
ბექაურს, როგორც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრს ერთი წლის მანძილზე 252 843 ლარი აქვს აღებული ხელფასის სახით.