შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა რამდენიმე დღის წინ გატაცებული 17 წლის სამირა ბაირამოვას გამტაცებელი დააკავეს.
დაკავებულიც არასრულწლოვანია. 1999 წელს დაბადებული, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა. ის თბილისში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თანამზრახველებთან ერთად, მიმდინარე წლის 19 თებერვალს, ცოლად მოყვანის მიზნით, ფონიჭალაში მცხოვრებ, 1998 წელს დაბადებულ სამირა ბ-ს თავისუფლება აღუკვეთა. თანამზრახველების დასაკავებლად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები.
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნის მიმართ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით)“- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.