საზოგადოება

დღეიდან სავსე მთვარის პერიოდია: რჩევები – რატომ უნდა დავაბნელოთ საძინებელი

22 თებერვალს სავსე მთვარეობა დადგება, რომელიც 25 თებერვლამდე გასტანს.

ცნობილია, რომ მთვარის ფაზები  დიდ ზეგავლენას ახდენს ადამიანის განწყობასა და მის შინაგან სამყაროზე. ნერვიულობას, გაღიზიანებას, სისუსტესა და უძილობას თავი რომ დააღწიოთ, ამისთვის აუცილებელია, გაითვალისწინოთ და შეასრულოთ მარტივი ასტროლოგიური რჩევები და რეკომენდაციები:

თუ სავსე მთვარის პერიოდია, საძინებელი უნდა დააბნელოთ ფარდებით, რადგან, შესაძლოა, მთვარიდან წამოსული ენერგია ძილთან დაკავშირებული პრობლემების მიზეზი გახდეს. უძილობას თავს ადვილად დააღწევთ, თუ სავსე მთვარის პერიოდში მწარე კერძებს არ მიირთმევთ და ვახშამზე მსუბუქად დანაყრდებით. ამ დროს კარგია კატაბალახას წვეთების დალევა, რადგან ის ორგანიზმს ადუნებს, აწყნარებს და ღამის მშვიდი ძილისთვის ამზადებს. ასევე, კარგია ამ მიზნით საძინებელში იის სურნელის სანთლის დანთება.

სავსე მთვარის დღეებში, დაძინებამდე ორი საათით ადრე, ჩაწექით ცაცხვის ყვავილების აბაზანაში. ასეთი აბაზანა, ასტროლოგიური კუთხით, ადვილად მოგიხსნით მთელი დღის დაძაბულობასა და სტრესს ამ რთულ დღეებში.

მთვარის შევსებამდე ერთი დღით ადრე და შევსების მეორე დღეს, ორგანიზმში აქტიურად მიმდინარეობს ცხიმების დაგროვება. თუ არ გინდათ, რომ ასე მოხდეს, მთვარის შევსების დღეებში წვენების ან ხილის დიეტა დაიცავით და ასე განტვირთეთ ორგანიზმი. ტკბილეულს კი მაქსიმალურად მოერიდეთ.

ზოგიერთ ადამიანს სავსე მთვარის დროს ტკბილეულისადმი განსაკუთრებით უძლიერდება ლტოლვა. გირჩევთ, ამ დღეებში ხშირად ყნოსოთ ვანილი, რადგან მისი სპეციფიკური სურნელი ტვინს სიმაძღრის სიგნალს მიაწვდის. შედეგად, ტკბილეულზე მოთხოვნაც შესუსტდება და ზედმეტი კილოგრამების დაგროვებასაც ასცდებით.

სავსე მთვარის დროს იმატებს თავის ტკივილი, უძილობა, დისკომფორტი, საერთო სისუსტე და გაღიზიანება. ამიტომ, გირჩევთ, დაძინებამდე ერთი საათით ადრე მიირთვათ ცაცხვის ყვავილის ჩაი, საფეთქლები კი ლავანდის ზეთით დაიზილოთ. სამწუხაროდ, ბევრი არ აქცევს ყურადღებას მთვარის ფაზებს, რაც ორგანიზმს გარკვეულ პრობლემებს უქმნის.

ხშირ შემთხვევაში, წარმატების ან წარუმატებლობის მიზეზი არა ადამიანის საქმიანობა, არამედ, ვარსკვლავების განწყობა და დამსახურებაა. საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ თითოეული ადამიანი სამყაროს ნაწილია და მისი სასიცოცხლო ენერგიის ზეგავლენას ყოველთვის განვიცდით.

ჩვენს საცხოვრებელ ბინებში მუდმივად მიმდინარეობს ენერგიათა ცვლა. ამ მხრივ დიდი მნიშვნელობა აქვს სახლის ფორმას. ასევე, როცა სახლში რაიმე ნივთს ადგილს უცვლით, ამით აუცილებლად ცვლით ცხოვრებაში რაღაცას. ასე რომ, თუ ინტუიცია კარგად გაქვთ განვითარებული, ზუსტად მიხვდებით, რომელი ნივთი სად დადოთ, რა შეცვალოთ თქვენ გარშემო და როგორ გაიუმჯობესოთ ამით ცხოვრება.

ვერცხლის ნივთები ადვილად იღებს სახლში არსებულ უარყოფით ენერგეტიკულ დარტყმებს, ასევე, იწოვს უარყოფით ენერგიებს და ანეიტრალებს მათ. ამიტომ, თუ ისეთი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ ხართ დაბადებული, რომ ვერცხლი თქვენთვის მისაღები ლითონია, აუცილებლად ატარეთ მისგან დამზადებული სამკაული. თუ ის თქვენი ლითონი არ არის ასტროლოგიური თვალსაზრისით, მაშინ ვერცხლის ნივთები ბინაში იქონიეთ და ასე აავსეთ საცხოვრებელი დადებითი ენერგიებით.

სავსე მთვარის დროს, შეგიძლიათ, ვერცხლის ნივთები და ფიგურები დააწყოთ ღია ფანჯარასთან ან აივანზე, რათა მაქსიმალურად  აივსოს მთვარის ენერგიით და  მეტად აქტიურად ემსახუროს თქვენს ბინაში სასიკეთო ენერგიების მოზიდვას.

ასევე, გირჩევთ, მეტი ყურადღებით მოეკიდოთ საცხოვრებელი ბინის მოწყობასა და გალამაზებას, ყოველ ნივთს მიუჩინეთ კუთვნილი ადგილი, უსარგებლო ნივთები კი სახლიდან გაიტანეთ – ამით მეტ სიმშვიდეს, სიყვარულსა და ურთიერთგაგების ენერგიებს მოიზიდავთ და სასურველ და ჰარმონიულ ატმოსფეროს შექმნით თქვენ გარშემო, რაც თქვენივე წარმატებების გარანტი გახდება.

tbiliselebi.ge

იტვირთბა....