ახალი ამბები მთავარი სამართალი

შსს-მ რეიდები დაასრულა: რისი უფლება არ აქვს პოლიციელს როცა ის მოქალაქეს აჩერებს

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დანაშაულის პრევენციის და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სპეციალური საპოლიციო კონტროლი დაასრულა. უწყების ინფორმაციით, კონტროლის შედეგად, სისხლის სამართლის 101 და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 769 ფაქტი გამოვლინდა.

რეიდის შედეგები ასეთია:

„შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების მიერ, 2016 წლის 18-19 თებერვალს განხორციელებული საპოლიციო კონტროლის შედეგად, დაკავებულ იქნა 3 ძებნილი პირი და ქვეყანაში არალეგალურად მყოფი, რუსეთის ფედერაციის 1 მოქალაქე.

გამოვლენილია სისხლის სამართლის დანაშაულის 101 ფაქტი, მათ შორის:

1, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების (სსკ-ის 236-ე მუხლი) 20 ფაქტი;

2, ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის (სსკ-ის 260-ე მუხლი) 15 ფაქტი;

3, ნარკოტიკების განმეორებით უკანონო მოხმარების (სსკ-ის 273-ე მუხლი) 24 ფაქტი;

4, ქურდობის (სსკ-ის 177-ე მუხლი) 28 ფაქტი;

სამართალდამცველებმა გამოავლინეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 769 ფაქტი, მათ შორის:

1, ნარკოტიკების უკანონო მოხმარების (ასკ-ის 45-ე მუხლი) 71 ფაქტი;

2,  წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ის 166-ე მუხლი) 7 ფაქტი;

3, დაუმორჩილებლობა/წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ის 166-ე და 173-ე მუხლები) 38 ფაქტი;

4, ცივი იარაღის ტარების (ასკ-ის 181-ე პრიმა მუხლი) 34 ფაქტი;

5, საზოგადოებრივ ადგილებში ალკოჰოლის სმის (ასკ-ის 171-ე მუხლი) 30 ფაქტი;

სხვადასხვა სახის სამართალდარღვევის 589 ფაქტი.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, 4 ავტომატი, 1 შაშხანა, გადაჭრილი სანადირო თოფი, 5 პისტოლეტი, 57 ხელყუმბარა, 4 კაფსულ-დეტონატორი და სხვადასხვა კალიბრის 732 ვაზნა ამოიღეს. ასევე, ამოღებულია 73 აბი „სუბუტექსი“, 1 შეკვრა „ბუპრენორფინი“, 5 შეკვრა „ბიო“, 6 აბი და აბის ნატეხი „სუბოქსინი“, 3 გრამი ჰეროინი, 2 შეკვრა მარიხუანა და 1 შეკვრა მცენარეული მასა.

შედეგად, სისხლის სამართლის დანაშაულისთვის დაკავებულ იქნა 37 პირი, მათ შორის: 11 პირი – სსკ-ის 260-ე მუხლით, 7 პირი – სსკ-ის 236-ე მუხლით, 14 პირი – სსკ-ის 177-ე მუხლით, 2 პირი – სსკ-ის 273-ე მუხლით, 2 პირი – სსკ-ის 353-ე მუხლით და 1 პირი – სსკ-ის 117-ე მუხლით“- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

შედეგების გამოქვეყნებამდე, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ საპოლიციო რეიდები დანაშაულის პრევენციის ბუნებასთან შეუთავსებელია. ისინი ასევე საუბრობენ გავრცელებული საპოლიციო კონტროლის ამსახველ ვიდეოკადრებზე, სადაც ჩანს, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად რეიდის განხორციელებაში განსაკუთრებული აღჭურვილობის მქონე, ნიღბიანი სამართალდამცავებიც მონაწილეობენ.

„მსგავსი ფორმებითა და ინტენსივობით საპოლიციო ღონისძიების ჩატარება საზოგადოებაში ბევრ კითხვას ბადებს და დაძაბულობას ქმნის.  აუცილებელია, რომ სამინისტრომ დროულად განმარტოს ამ მასშტაბის საპოლიციო ღონისძიების ჩატარების საფუძველი და საჭიროება.

საპოლიციო პრევენციული ღონისძიების მიზანი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება უნდა იყოს და არა მომხდარ დანაშაულზე რეაგირება (გამოძიება/აღკვეთა). სამწუხაროდ, მოქმედი კანონმდებლობით შესაძლებელია, რომ რეიდი დანაშაულზე რეაგირების მექანიზმად იქცეს, რაც  კანონმდებლობის სხვა მოთხოვნასთან შეუთავსებელია, რომლის მიხედვითაც დანაშაულის შესახებ ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში გამოძიება სავალდებულო წესით უნდა დაიწყოს.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ რეიდი თავისი ხასიათით განსაკუთრებული პოლიციური ღონისძიებაა, რომლის გამოყენება მხოლოდ სპეციფიკურ, გამონაკლის ვითარებაში უნდა მოხდეს. ამიტომ, უწყების მითითება, რომ ეს რიგითი საპოლიციო შემოწმებაა, კანონის არამართებულ ინტერპრეტაციას წარმოადგენს.

მნიშვნელოვანია, რომ კანონმდებლობა ერთმანეთისგან ნათლად მიჯნავდეს დანაშაულის პრევენციისა და დანაშაულის გამოძიების ფარგლებსა და ინტენსივობას. რეიდის ის მეთოდები, რაც პოლიციის მხრიდან ბოლო წლებში გამოიყენება, აშკარად სცდება დანაშაულის პრევენციის ბუნებას და რეპრესიულ სახეს იძენს. პოლიციის პრევენციული ფუნქციების არასათანადო გამოყენების შემთხვევაში, კრიტიკული ხდება თავისუფლებისა და ტოტალური სოციალური კონტროლის რისკი. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ გამოძიებისგან განსხვავებით, პოლიციის პრევენციულ ღონისძიებებზე საპროკურორო და სასამართლო კონტროლი ფაქტობრივად არ ხორციელდება“ – ნათქვამია EMC-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

EMC ასევე საუბრობს იმაზე, რომ რეიდი პოლიციის მიერ წინასწარ შერჩეულ ტერიტორიაზე მყოფი ნებისმიერი პირის თუ ნივთის შემოწმება-დათვალიერებას გულისხმობს და სამართალდამცავებს არ ავალდებულებს, კონკრეტულ მოქალაქეებს მათი შემოწმების მიზეზები განუმარტონ. გარდა ამისა, რეიდის დროს საპოლიციო ღონისძიების შესახებ ოქმი არ დგება, ან კონკრეტული პირის მიმართ ღონისძიების გამოყენების საფუძვლების განმარტება, რაც დამატებით ართულებს პოლიციის მოქმედებაზე შემდგომი, მათ შორის შიდა კონტროლის განხორციელებას.

„მოქალაქეებისთვის დაცვის გარანტიას კანონით დადგენილი ვალდებულება წარმოადგენს, რომ რეიდის დროს პოლიციელი აღჭურვილი იყოს ფორმის ტანსაცმელზე დამაგრებული ჩართული ვიდეოგადამღები ტექნიკით. თუმცა, იმ პირობებში, როდესაც კანონი არ აზუსტებს შინაგან საქმეთა სამინისტროს რომელ დეპარტამენტს აქვს რეიდის ჩატარების უფლება რისკს ქმნის, რომ რეიდის განხორციელებაში მონაწილეობა მიიღონ ამგვარი ტექნიკური აღჭურვილობის არმქონე სუბიექტებმა, ან სხვა, სპეციალური აღჭურვილობის მქონე პირებმა, მათ შორის ნიღბიანმა პოლიციელებმაც, რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი“- წერია EMC-ის განცხადებაში.

„მეტრონომი“ ამ საკითხთან დაკავშირებით EMC-ის იურისტს, გურო იმნაძეს დაუკავშირდა, რომელიც ამბობს, რომ პირველ რიგში, საპოლიციო კონტროლთან დაკავშირებით, მთავარი პრობლემა კანონია და საუბრობს იმაზე, თუ რა უნდა გააკეთონ მოქალაქეებმა ასეთი კონტროლის დროს.

„კანონმდებლობა ტოვებს ძალიან ბევრ სივრცეს იმისთვის, რომ ეს ღონისძიება გამოყენებული იყოს არაადექვატურად და არამიზნობრივად. ის, რომ ეს საპოლიციო კონტროლი მოქცეულია პოლიციის შესახებ კანონში და კერძოდ იმ ღონისძიებების ჩამონათქვალში, რომელიც ზოგადად პრევენციას შეეხება, ეს პრობლემურია, იმიტომ, რომ ეს ღონისძიება უფლებების ჩარევის თვალსაზრისით იმდენად ხისტი და ძლიერია, რომ მისი გამოყენება მხოლოდ და მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში უნდა ხდებოდეს. ჩვენი კანონმდებლობით, პრინციპში, თითქოს იკითხება, რომ რეიდი მხოლოდ და მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში უნდა ტარდებოდეს. ეს იქიდან იკითხება, რომ რეიდის ჩატარებას მინისტრის ბრძანება სჭირდება. მაგრამ ამავდროულად მას არ ევალება დაასაბუთოს მისი ბრძანება. ბოლოს განხორციელებული რეიდის შესახებ გაცემული ბრძანება ეხებოდა ზოგადად იმას, რომ ეს უბრალოდ პერიოდული საპოლიციო კონტროლია. კანონმდებლობა უშვებს მაგის შესაძლებლობას, როდესაც მინისტრს უტოვებს ასეთ საშუალებას, რომ როდესაც არაფერი განსაკუთრებული ქვეყანაში არ ხდება, ამ დროსაც შეუძლია ჩვეულებრივი პერიოდული რეიდი ჩაატაროს. ეს პრობლემაა იმ კუთხით, რომ ამ დროს იქმნება მიკრო საგანგებო მდგომარეობა. იმიტომ, რომ კონკრეტულ დროს, კონკრეტულ გეოგრაფიულ ტერიტორიაზე მოხვედრილი ყველა პიროვნება ექვემდებარება შემოწმებას, მათ შორის მისი ავტომანქანა და ნივთებიც, მიუხედავად იმისა, რომ მას შეიძლება არანაირი შეხება არ ჰქონდეს“ – აღნიშნა იმნაძემ.

მან ასევე ისაუბრა იმაზეც, თუ რა უნდა ქნან  მოქალაქეებმა იმ შემთხვევაში, როცა მათ პატრული გააჩერებთ.

იურისტი განმარტავს, რისი უფლება შეიძლება ჰქონდეთ პოლიციელებს და რა შემთხვევებში ირღვევა მათი უფლებები.

„პირველ რიგში, ეს იქნება ზედაპირული შემოწმება თუ საპოლიციო კონტროლი, როცა სამართალდამცავი მოქალაქეს  თავისი იდენტიფიკაციის მონაცემების განდობას სთხოვს, მაგალითად, სახელი, გვარი, რა თქმა უნდა, მოქალაქეებმა უნდა უთხრან, მაგრამ რაც შეეხება პირადი ნივთების გაჩხრეკას, ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩხრეკას, ამის უფლებამოსილება საპოლიციო მოქმედებების დროს პოლიციას არ აქვს. მათ მხოლოდ და მხოლოდ შეუძლიათ ზედაპირული შემოწმება, ხელის ზედაპირული შეხებით ჯიბეების მოსინჯვა. მათ ჯიბეების ამოტრიალების ვალდებულებაც კი არ აქვთ, ესეც უკვე შეიძლება ჩხრეკის კატეგორიაში გადაიზარდოს. იმისთვის, რომ პოლიციელმა მოქალაქე გაჩხრიკოს, უნდა ჰქონდეს კონკრეტული საფუძვლები მის მიერ დანაშაულის ჩადენის, ან რაიმე არაკანონიერი ნივთის ფლობის თაობაზე“ – აღნიშნა იმნაძემ.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ საპოლიციო კონტროლის დროს პოლიციელმა უფლებამოსილებას გადაამეტა, ასეთ შემთხვევაში მოქალაქე სამართლებრივი დაცვის ბევრი მექანიზმით აღჭურვილი სამწუხაროდ, არ არის.

„მას შეუძლია, გენერალურ ინსპექციაში შესაბამისი შეტყობინების გაკეთება, რომ მის მიმართ კონკრეტულმა პოლიციელმა უფლებამოსილებას გადაამეტა და ამის პარალელურად შეუძლია იდავოს სამოქალაქო ადმინისტრაციული წესებით იმ ზიანის ანაზღაურებაზე, რაც მიადგა. მაგალითად, თუ უკანონოდ მოხდა მისი დაკავება და ამით მოქალაქემ განიცადა მატერიალური ზარალი, მას შეუძლია სასამართლოში მიყენებული ზარალის ანაზღაურება მოითხოვოს. ეს ეხება სამოქალაქო წესით დავას, რაც ძალიან ართულებს მოქალაქის სამართლებრივ მდგომარეობას“ – აღნიშნა იმნაძემ.

ნინო ცხადაია

იტვირთბა....