ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

ძალოვანთა ჩაკეტილი სისტემა: აღიარებს თუ არა ახალი პროკურორი შოთაძე დანაშაულს?

სირაქლემას პოზიცია ძველი სისტემის შესანარჩუნებლად

რატომ აკავებს სახელმწიფო უდანაშაულო ადამიანებს უკანონოდ? რატომ წააგო შსს-მ და საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საქმე მოქალაქის წინააღმდეგ? რატომ ასაჩივრებენ ძალოვანები სასამართლოს მიერ გამოტანილ კანონიერ გადაწყვეტილებას? როგორ უნდა დაიცვან თავი ჩვეულებრივმა ადამიანებმა, რომლებსაც არ გააჩნიათ სათანადო კონტაქტი მედიასა და არასამთავრობოებზე, რომ სახელმწიფოს მიერ არასწორი მართლმსაჯულების მსხვერპლნი არ გახდნენ? ეს ის კითხვებია, რომლებიც დღეს, სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში ისმის.

ჩვენს სტატიაში საუბარია ერთ კონკრეტულ ფაქტზე, რომელშიც იკვეთება ძალოვანი სტრუქტურების მიერ მოქალაქეზე უფლებამოსილების გადამეტების ფაქტი. საუბარია იმაზე, თუ როგორ დააკავეს ძალოვანებმა პირი და მასზე სისხლის სამართლის დევნა უკანონოდ განახორციელეს.

საქმე, რომელშიც სახელმწიფოს მიერ არაკანონიერი ქმედება იკვეთება, არასამთავრობო ორგანიზაციის, IDFI-ის დირექტორის, გიორგი კლდიაშვილის საქმეა, რომლითაც “მეტრონომი” დაინტერესდა. მისი საქმე დეტალურად ასე გამოიყურება:

2014 წლის 12 დეკემბერს, იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით (სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლი) დააკავეს IDFI-ის დირექტორი გიორგი კლდიაშვილი. მას კუთვნილი და კანონმდებლობის დაცვით გაფორმებული ცეცხლსასროლი იარაღი მაღაზიაში შეკეთების შემდგომ მიჰქონდა სახლში, თუმცა, არ ჰქონდა აღებული იარაღის გადატანის ნებართვა. გიორგი კლდიაშვილის ქმედება, როგორც იურისტები განმარტავენ, წარმოადგენდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას. მიუხედავად ამისა, მის წინააღმდეგ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა და დაკითხვის შემდეგ ის გადაიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორში.

გიორგი კლდიაშვილი 72 საათის განმავლობაში იყო უკანონოდ დაკავებული, რის შემდეგაც, 2014 წლის 14 დეკემბერს, ის წინა-სასამართლო სხდომაზე გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. 2015 წლის იანვარში, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, შეწყდა გიორგი კლდიაშვილის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა და  დადგინდა, რომ მისი ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს არ წარმოადგენდა.

2015 წლის 10 თებერვალს გიორგი კლდიაშვილმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს უკანონო დაკავებით მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. 2015 წლის 23 ივნისის სასამართლოს გადაწყვეტილებით შსს-სა და მთავარ პროკურატურას დაეკისრათ სოლიდარული პასუხისმგებლობა – 2000 ლარის ოდენობით მორალური ზიანისა და 1180 ლარის ოდენობით მატერიალური ზიანის ანაზღაურება გიორგი კლდიაშვილის სასარგებლოდ.

შსს-მ და საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში. სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი მოსმენა 2016 წლის 22 იანვარს ჩატარდა. სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მთავარი პროკურატურისა და შსს-ს სააპელაციო საჩივარი და ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში აღნიშნულია, რომ აპელანტებმა საკუთარ სარჩელში „ვერ შეძლეს გაექარწყლებინათ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითეს და ვერ წარმოადგინეს ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება“.

“მეტრონომი” გიორგი კლდიაშვილის ადვოკატს სისხლის სამართლის საქმეში, ლევან ვეფხვაძეს დაუკავშირდა, რომელიც ამბობს, რომ ეს რიგითი პროკურორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყო, პროკურორი კი დამოუკიდებელია.

“ეს იყო ერთი ბრალდების მხარე, რომელიც იყო ძალიან სუსტი. არა მხოლოდ მტკიცებულების დონეზე, არამედ სამართლებრივ დონეზე. იმიტომ, რომ საერთოდ არ იყო აქ სისხლის სამართლის ნიშნები, მაგრამ მიუხედავად ამისა, პროკურატურამ დევნა გიორგის მიმართ მაინც დაიწყო. შესაბამისად, ჩვენ ორი სტანდარტი გვქონდა საბრძოლველად. ერთი, მტკიცებულების მიმართულებით, რომ დაუშვებლად ვაცნობინეთ მტკიცებულება და მეორე ის, რომ ეს არ იყო სისხლის სამართლის საქმე – ეს იყო საერთოდ, სხვა სამართლის საქმე და დევნა არ უნდა დაწყებულიყო.

ეს იყო ერთი რიგითი პროკურორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ის აბსოლუტურად დამოუკიდებელია, თვითონ წყვეტს დაიწყოს თუ არა გამოძიება და დევნა. ჩემი აზრით, ეს იყო ერთი პროკურორის ბრალი. არც მტკიცებულებები იყო კანონიერად მოპოვებული და ეს საერთოდ, სისხლის სამართალი არ იყო”- აღნიშნა ვეფხვაძემ.

ადვოკატი ასევე ამბობს, რომ გიორგი კლდიაშვილის საქმის პროკურორი, თენგიზ ხარებავა საქმის დამთავრებიდან მალევე პროკურორის თანამდებობაზე აღარ მუშაობდა.

“ჩვენ ამ საქმესთან დაკავშირებით მაქსიმალურად ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეიძლება კანონის ფარგლებში მომხდარიყო. ვგულისხმობ, რომ ჩვენ პროკურატურის გენერალურ ინსპექციაშიც შევიტანეთ სარჩელი. მან ძალიან ზოგადი დასკვნა გასცა, პროკურორს არანაირი პასუხისმგებლობა არ დააკისრა და განმარტა, რომ ეს იყო მოსამართლის გადაწყვეტილება. თუმცა, როგორც ჩვენ გავიგეთ, არ ვიცი რატომ, მაგრამ ის პროკურორი იქ აღარ მუშაობს. ეს მალევე გავიგეთ, როცა  საქმე დამთავრდა. როგორც მასმედიის საშუალებით გავიგეთ, პროკურორმა თავად განაცხადა, რომ დასვენება მინდა და სახლში მივდივარო, მაგრამ უშუალოდ რა მოხდა, ეგ ნამდვილად არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში, გენინსპექციას არ გაუთავისუფლებია”- აღნიშნა ვეფხვაძემ.

თავად მსხვერპლს, IDFI-ის დირექტორ გიორგი კლდიაშვილს „მეტრონომი“ ესაუბრა, რომელმაც აღნიშნული საქმის შესახებ უფრო დეტალურად ისაუბრა. როგორც ის ამბობს, ახლა შსს-სა და პროკურატურას დარჩენილი აქვთ 20 დღე, რათა საკასაციო წესით გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრონ.

„თუ არ გაასაჩივრებენ, მათ რჩებათ ვალდებულება, რომ სასამართლო გადაწყვეტილება აღასრულონ. ეს რაც შეეხება ადმინისტრაციულ დავას. გარდა ამისა, ჩვენ შეტანილი გვაქვს სარჩელი სასამართლოში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული 2014 წლის 17 დეკემბრის განცხადების მოხსნის, ან უარყოფის შესახებ. ეს სამოქალაქო დავა ჯერ ჩანიშნული არ არის, უბრალოდ სასამართლომ მიიღო“ – აღნიშნა კლდიაშვილმა.

გიორგი მის დაკავებას თავის საქმიანობას უკავშირებს, რადგან დაკავებისას შსს-ს კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილემ და თანამშრომლებმა მის საქმიანობაზე დაუწყეს საუბარი, რაზეც კლდიაშვილმა განუცხადა, რომ მის საქმიანობას აღნიშნულ ფაქტთან არანაირი კავშირი არ ჰონდა.

„ჩემი დაკავება, ეს არა მარტო ჩემი აზრია, არამედ სასამართლომაც თავისი გადაწყვეტილებებით დაადასტურა, სრულიად უკანონო იყო. შესაბამისად, სასამართლომ ამ ორ უწყებას პასუხისმგებლობა დააკისრა. მე გარკვეულწილად ამას ვუკავშირებ ჩემს საქმიანობას, რადგან როდესაც დამაკავეს, იქ იყო საუბარი შსს-ს კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილისგან და თანამშრომლებისგან ჩემს საქმიანობაზე, რატომ ვსაუბრობდი მე კამპანია „ეს შენ გეხებაზე“, რატომ ვაქტიურობდი, რატომ ვსაუბრობდი იქ უკანონო მოსმენებზე და ა.შ. შემდეგ ჩამსვეს იზოლატორში, რისი აუცილებლობაც არ იყო და პირველად, აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლომ პროკურატურის ეს ქმედება ჩათვალა სრულიად უკანონოდ და მე გამათავისუფლეს ძირითად მოსმენამდე, სასამართლო დარბაზიდან, გირაოს სანაცვლოდ“ – აღნიშნავს კლდიაშვილი.

მისი თქმით,  საქმის დასრულების შემდეგ, ამ საქმის პროკურორთან, თენგიზ ხარებავასთან ერთად, თანამდებობაზე აღარ იმყოფება შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეც, რომელიც დაკავების მომენტში მის საქმიანობაზე ესაუბრებოდა.

„ის პროკურორიც, რომელიც 30 წელი პროკურატურაში მუშობდა, ამ საქმის დასრულების შემდეგ გაათავისუფლეს. გარდა ამისა, მე, პროკურატურას მივმართე შუამდგომლობით, რომ დაწყებულიყო გამოძიება პროკურორის მხრიდან, სავარაუდოდ, უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, რომ მან უკანონოდ შეადგინა დოკუმენტები. მტკიცებულებები, რომლებიც პროკურატურას წარმოდგენილი ჰქონდა, სასამართლომ არ დაუშვა. შესაბამისად გამამართლა. მე მქონდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს მტკიცებულებები არასწორად და გაყალბებით იყო შედგენილი. მათ მოგვიანებით მაცნობეს, რომ ჩაატარეს შიდა გამოძიება და არანაირი დანაშაუალი იქ არ იკვეთებოდა, შესაბამისად მათ არანაირი დისციპლინური, ან სხვა სახის პასუხისმგებლობა არ დაუკისრებიათ თავიანთი თანამშრომლებისთვის. მსგავსი განცხადება შევიტანე შსს-შიც და მათგან არანაირი პასუხი არ მოსულა ჯერ“ – აღნიშნა გიორგი კდლიაშვილმა.

მან ასევე ისაუბრა იმ ფაქტზე, რომ ცნობადობიდან გამომდინარე, მას ბევრმა ადამიანმა თუ ორგანიზაციამ დაუჭირა მხარი, მაგრამ მისი თქმით, ის რომ ჩვეულებრივი მოქალაქე ყოფილიყო და ამ საქმისთვის რეზონანსული ელფერი არ ჰქონოდა, შესაძლოა მოვლენები სხვაგვარად განვითარებულიყო.

„ფაქტი ის არის, რომ გამომდინარე ჩემი რეპუტაციიდან და საქმიანობიდან, ჩემი პიროვნებიდან, მე ძალიან ბევრი ადამიანი, ბევრი ორგანიზაცია დამიდგა გვერდით. მათ სერიოზული პროტესტი გამოხატეს ჩემ უკანონო დაკავებაზე. ამაზე იყო ძალიან დიდი მსჯელობა, ძალიან ცნობილი პიროვნებები, პარლამენტის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციები, კოალიციები, საერთაშორისო ორგანიზაციები დამიდგნენ მხარში. ჩვენ არასოდეს გვეცოდინება გარანტირებულად, რომ  სადმე გადაცდომა მოხდება. ჩვენ ამას წინასწარ ვერანაირად გავთვლით, თუ რომელ პროკურორს თავში რა მოუვა, შესაბამისად, აუცილებელია საკმაოდ ეფექტური მექანიზმების შემუშავება, უპირველეს ყოვლისა, უნდა იყვნენ კვალიფიციური პოლიციელები.

ჩემი დავა იყო პრინციპული. მე ამ საქმეს ბოლომდე მივყვები, რომ ამან იქონიოს გარკვეული მსუსხავი ეფექტი ძალოვან სტრუქტურებზე, რომ შემდგომში აღარ გაიმეორონ ისეთი გადამეტებული ძალაუფლება, რაც მოხდა ჩემს შემთხვევაში, იმიტომ, რომ მათ ფაქტობრივად უკანონოდ დამაპატიმრეს. მე და ჩემს რეპუტაციას მოადგა ძალიან სერიოზული ფსიქოლოგიური ზიანი. ხვალ, მათ შეიძლება ზეწოლა მოახდინონ ნებისმიერ ადამიანზე, მათ აქვთ საკმაოდ დიდი უფლებები, რომ ადამიანი გააჩერონ, დაკითხონ და ა.შ. თუ არ არის ამაში აქტიური ჩართულობა სამოქალაქო სექტორის მონიტორინგის, გარე მონიტორინგის და შიდა მონიტორინგის მექანიზმები გაძლიერებული, ასეთი ფაქტებისგან მოქალაქეები ნაკლებად არიან დაცული“ – ამბობს კლდიაშვილი.

მისი მეორე ადვოკატი, ადმინისტაციული სამართალდარღვევის საქმეში ნიკა სომხიშვილი, რომელსაც „მეტრონომი“ დაუკავშირდა ამბობს, რომ სისტემური პრობლემები, რაც ზოგადად ამგვარი პროცესების დროს იკვეთება, ისაა, რომ როდესაც სახელმწიფოს მხრიდან საქმე ზიანის ანაზღაურებას ეხება, ასეთ შემთხვევებში ის ჯიუტობს იმ კუთხით, რომ სამივე ინსტაციაში ასაჩივრებს ისეთ საქმეებს, რომელიც თავიდანვე წასაგებადაა განწირული.

„იციან მათაც, რომ ეს საჩივარი, რომელიც შეეხება გადაწყვეტილებების გასაჩივრებას, არ დაკმაყოფილდება, მაგრამ მიუხედავად ამისა,  მაინც ასაჩივრებენ და ბოლომდე მიყვებიან ხოლმე. ასეთი დავები ხშირად ჯერ აპელაციაში მიდის, შემდეგ უზენაეს სასამართლოში და ძალიან იწელება ხოლმე“ – აღნიშნა სიმონიშვილმა.

ის ამბობს, რომ არ იცის პროკურატურისა და შსს-ს მხრიდან დროში გაწელვის მიზეზი რა არის. შეიძლება ის, რომ არ უნდათ აუდიტის სამსახური მოედავოთ, ან უბრალოდ, პრინციპულობიდან გამომდინარე, ბოლომდე ასაჩივრებენ, მიუხედავად იმასა, რომ დაკმაყოფილებული გადაწყვეტილების კანონიერება იციან.

„ის, რომ სასამართლოს ჰქონდეს ამ კუთხით კანონის განმარტების პრობლემა, ნაკლებად არის. როდესაც სახელმწიფო იყენებს ამას და მხოლოდ და მხოლოდ დროის გაწელვის კუთხით, აქ პრობლემა ეს არის, თორემ გასაჩივრების უფლება მათ აქვთ. მე თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ისინი გადაწყვეტილებას კიდევ გაასაჩივრებენ. ამით, უბრალოდ კიდევ გაიწელება დრო. უზენაეს სასამართლოს სამი თვე აქვს, იმისათვის, რომ შეამოწმოს საჩივრის დასაშვებობა და თუ დასაშვებად ცნო, შემდეგ კიდევ სამი თვე აქვს, რომ არსებითად განიხილოს. ასევე შეიძლება, რომ  თავიდანვე არ დაუშვან საჩივარი და ასეთ შემთხვევაში უკვე  დავა დასრულდება“ – აღნიშნა სიმონიშვილმა.

პროკურორი თენგიზ ხარებავა 2015 წლის იანვარში თანამდებობიდან წავიდა. როგორც მაშინ მან ჟურნალისტებს განუცხადა,  29 წელია რაც პროკურატურაში მუშაობდა, დაიღალა და საკუთარი ნებით წასვლა გადაწყვიტა. შესაძლოა მისი წასვლა პროკურატურის მიერ მაშინ გაკეთებულ განცხადებას უკავშირდებოდეს:

“საქართველოს პროკურატურის ის თანამშრომლები, რომლებიც 2006 წელს აქტიურად იყვნენ ჩართული ზურაბ ვაზაგაშვილის საქმის პირვანდელ გამოძიებაში, პროკურატურაში უკვე დიდი ხანია რაც აღარ მუშაობენ. მას შემდეგ, რაც საზოგადოებაში გაჩნდა კითხვები, რამოდენიმე თანამშრომელმა, რომელსაც გარკვეულწილად შეხება ჰქონდა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან, პირადი განცხადებით მიმართეს მთავარ პროკურორს და გამოძიების დასრულებამდე მოითხოვეს სამსახურიდან გათავისუფლება. მთავარმა პროკურორმა მათი განცხადებები დააკმაყოფილა და ისინი გათავისუფლდნენ პროკურატურის რიგებიდან“ – ნათქვამია პროკურატურის 2015 წლის განცხადებაში.

„მეტრონომი“ ამ საკითხთან დაკავშირებით პროკურატურის პრესცენტრს დაუკავშირდა, სადაც ჩვენ მიერ დასმულ კითხვებზე განგვიცხადეს, რომ საჭიროა, პროკურატურისთვის წერილობით მიმართვა, რის შემდეგაც ისინი რამდენიმე დღეში გადაწყვეტენ გასცენ თუ არა ინფორმაცია. როგორც იურისტებისგან არის ცნობილი, როგორც წესი, პროკურატურიდან საჯარო ინფორმაციის გაცემა ყოველთვის იგვიანებს. ამიტომ ჩვენი სტატიის ოპერატიულობიდან გამომდინარე, ამ გზით წასვლა ნამდვილად არ იქნებოდა რენტაბელური. ჩვენ ასევე დავუკავშირდით პროცესში პროკურატურის მხრიდან წარმომადგენელს, ადვოკატს პაპუნა კერესელიძეს, რომელმაც გვითხრა, რომ ის ამ საქმეზე ოფიციალურ ინფორმაციას ვერ დააფიქსირებდა.

გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ აღნიშნული მასალის გამოქვეყნებას ვერ გავაჭიანურებდით, ვაქვეყნებთ პროკურატურის პოზიციის გარეშე. თუმცა, მათი მხრიდან სურვილის შემთხვევაში (რაშიც პრინციპში დარწმუნებულები არ ვართ) „მეტრონომი“ მზადაა დაუთმოს დრო და გაზეთის ადგილი ნებისმიერი ძალოვანი უწყების წარმომადგენელს.

ჩვენ ასევე, ვცადეთ დაკავშირება პროკურორ თენგიზ ხარებავასთან, რომელთანაც დაკავშირება ასევე ვერ მოხერხდა. გარდა ამ საქმესთან დაკავშირებული კითხვებისა, გვაინტერესებდა გადაიყვანეს თუ არა ის სხვა თანამდებობაზე. როგორც მას სოციალურ ქსელში  უწერია, არის პენსიონერი და დროებით უმუშევარი.

რაც შეეხება შსს-ს პოციზიას, უწყებაში „მეტრონომს“ განუცხადეს, რომ ამ ეტაპზე ეს საქმე განხილვის პროცესშია. მათი თქმით, კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილე ოთარ მირზოევის თანამდებობიდან წასვლა კი  უწყებაში საკადრო ცვლილებებს უკავშირდება.

კლდიაშვილის დაკავების შემდეგ განცხადება სახალხო დამცველის აპარატმაც გაავრცელა, რომელსაც ჩვენ დავუკავშირდით და ინფორმაცია მოვიპოვეთ.

ამ საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველი ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს, რომ მისი დაკავება მოხდა საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით, რითიც დაირღვა IDFI-ს დირექტორის თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება გარანტირებული საქართველოს კონსტიტუციით.

„პროცესის მიმდინარეობისას საქართველოს სახალხო დამცველმა მოუწოდა საქართველოს პროკურატურას გიორგი კლდიაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ, იმაზე მითითებით რომ IDFI-ს დირექტორის ქმედებები მოიცავდა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევთა კოდექსით და არა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალიწინებული დანაშაულის ნიშნებს. მიუხედავად ამისა, ბრალდების მხარეს არ შეუცვლია საქმის კვალიფიკაცია და საკითხის განხილვა სასამართლოში გაგრძელდა. აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ მსჯელობისას სასამართლომ დაადგინა, რომ გიორგი კლდიაშვილი დაკავებულ იქნა უკანონოდ, რადგან გამოირიცხებოდა დასაბუთებული ვარაუდის არსებობა ბრალდებულის შესაძლო მიმალვის თაობაზე შესაბამისად მან არ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა პატიმრობის გამოყენების შესახებ და გიორგი კლდიაშვილი გირაოს გადახდის სანაცვლოდ გათავისუფლდა სხდომათა დარბაზიდან. საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე კი სასამართლომ დაადგინა, რომ მტკიცებულებათა ნაწილი მოპოვებული იყო კანონმდებლობის დარღვევით, შესაბამისად ცნო ისინი დაუშვებელ მტკიცებულებად. ამასთან მოსამართლემ მიუთითა, რომ საქმეში არსებული ის მტკიცებულებები, რომლებიც დასაშვებად იქნა ცნობილი არ იძლეოდა სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძველს, შესაბამისად სასამართლოს განჩინებით შეწყდა დევნა IDFI-ს დირექტორის წინააღმდეგ. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სახალხო დამცველის მოწოდებისა პროკურატურამ არათუ არ გაიზიარა სასამართლოს პოზიცია, არამედ განჩინება გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოში. პროკურატურის მოთხოვნა არც ამჯერად იქნა დაკმაყოფილებული“- ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ეს საქმე ის თვალსაჩინო მაგალითია, თუ რა შედეგები მოჰყვება სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მოქალაქეების მიმართ უკანონო დაკავების ფაქტებს. ნაცვლად იმისა, რომ ზემოთხსენებულმა ორგანოებმა დაშვებული შეცდომა გაანალიზონ და გამოასწორონ, შემდეგ დაკისრებული მოვალეობა აღასრულონ (გადაიხადონ მათზე დაკისრებული მორალური და მატერიალური ზიანის ასანაზღაურებელი თანხა, რომელიც არც თუ ისე დიდია, რომ მათ ამის გამო პროცესები ასეთი დიდი დროით არ გაწელონ) ასაჩივრებენ და საქმეს აჭიანურებენ.  მსგავსი შემთხვევების აღმოფხვრის მიზნით, სათანადო ზომების მიღება სასწრაფო წესითაა განსახორციელებელი.

მანამდე კი გიორგი კლდიაშვილის ადვოკატი სისხლის სამართლის საქმეში, ლევან ვეფხვაძე მოქალაქეებს ასეთი შემთხვევებისგან თავის დაზღვევის მიზნით ურჩევს, რომ მათ კანონები ისწავლონ, ან სანამ რაიმეს ხელს მოაწერენ და რაიმეზე დათანხმდებიან, ჯერ აუცილებლად კონსულტაცია გაიარონ.

“შეიძლება ყველამ არ იცოდეს “საია”, მაგრამ არის ძალიან ბევრი ორგანიზაცია, რომელიც უფასო იურიდიულ მომსახურებას სთავაზობს მოქალაქეებს. ბევრჯერ მქონია შემთხვევა, როცა მოქალაქის ერთ ხელმოწერას ან ჩვენებას საქმე უკვე ცუდ მდგომარეობაში ჩაუყენებია. ამიტომ, სანამ რამეს გადაწყვეტენ, მანამდე კარგი იქნება რომ იურისტთან კონსულტაცია გაიარონ”- ამბობს ვეფხვაძე.

საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ შოთაძის რეპუტაციაზე, რომელიც გიორგი კლდიაშვილის ირგვლივ განვითარებული მოვლენების დროს მთავარი პროკურორის მოადგილე იყო და ახლა თავად არის მთავარი პროკურორი, პოზიტიურად ნამდვილად ვერ იმოქმედებს განვითარებული მოვლენები. თუგინდ ისიც, ამ სტატიაზე მუშაობის დროს თვალნათლივ გამოჩნდა, რომ პროკურატურა არის ჩაკეტილი სისტემა, ხოლო ის, რომ უკვე შოთაძის უწყებაც არ აპირებს გადაიხადოს ჯარიმა, არსებული ძირძველი სისტემის გაგრძელებაზე მიუთითებს. სისტემის, რომელიც სირაქლემას პოზიციას ჰგავს ძველი სისტემის შესანარჩუნებლად.

ძალოვანებმა თავად უნდა მისცენ მაგალითი საზოგადოებას, თუ საიდან დაიწყოს სამართალი და მითუმეტეს, პროკურატურის მაგალითზე, რომელიც კი არ უნდა მალავდეს, ფარავდეს საკუთარ დანაშაულს, არამედ უნდა გამოჰქონდეს სააშკარაოზე, რომ საზოგადოებამ დაინახოს, თუკი კანონის დარღვევაზე იქნება საუბარი, აქ ყველა თანაბარია. შოთაძის უწყება ისეთივე ჩარაზულია, როგორც ეს იყო ადეიშვილის დროს, რომელიც საერთოდ არ ჩნდებოდა მოსახლეობის წინაშე. მთავარ პროკურორს გვინდა შევახსენოთ მისი გუნდის წინასაარჩევნო დაპირება, რომ ყველა პროცესი გამჭვირვალე იქნებოდა და სამართლიანობის პროცესს ქრონოლოგიურად იხილავდა სრულიად საზოგადოება. არადა, ჩვენ სტატიაში მოტანილი მაგალითიდან აშკარაა, რომ შოთაძის უწყებამ უკანონოდ ჩაკეტა სხვა, იკეტება თავად, მედიას არ აკარებს იმ ინფორმაციასთან, რომელიც საზოგადოების ინტერესს წარმოადგენს და უფრო მეტიც, მისი უწყება არ აპირებს აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ერთი, კონკრეტული ადამიანის მიმართ თავად ჩაიდინა.

 

ნინო ცხადაია

გენო ჯოხიძე

იტვირთბა....