ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გიორგი კვირიკაშვილმა კურორტი “თეთნულდი” გახსნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი  გიორგი კვირიკაშვილი მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად სვანეთში იმყოფებოდა, სადაც   სამთო-სათხილამურო კურორტი “თეთნულდი” გახსნა. გიორგი კვირიკაშვილი ადგილზე გაეცნო  პროექტს  და მაშველებს გაესაუბრა. პრემიერმა ასევე დაათვალიერა  თოვლის სატკეპნი ტექნიკა და კურორტის ადმინისტრაციული შენობა. პრემიერ-მინისტრს დასრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია დარჩიაშვილმა და მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელმა სანდრო ონოფრიშვილმა. პრემიერთან ერთად კურორტის გახსნაზე იმყოფებოდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი, დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი.“ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო კურორტი არა მარტო საქართველოში, არამედ აღმოსავლეთ ევროპაში. გარდა ამისა, ვგეგმავთ, გაკეთდეს დამატებით საბაგირო, რომელიც სოფელ მულახიდან “თეთნულდის” ბაზას დააკავშირებს. ასევე აუცილებლად გაკეთდება ქუთაისიდან ცაგერი-ლენტეხის გავლით სვანეთთან დამაკავშირებელი გზა, რომელიც ქუთაისის აეროპორტიდან 2 საათის სავალზე “თეთნულდის” კურორტს დააკავშირებს”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

კურორტი ტურისტებს ოთხივე სეზონის განმავლობაში უმასპინძლებს. სათხილამურო პერიოდი კი 6-7 თვემდე გახანგრძლივდება. კურორტ “თეთნულდზე” მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება.

“თეთნულდის” მშენებლობა 2014 წლის მაისში დაიწყო და 2016 წლის იანვარში დასრულდა. კურორტი ზღვის დონიდან 2200 მეტრზე, მესტიიდან კი 15 კილომეტრში მდებარეობს.

იტვირთბა....