ახალი ამბები მთავარი სამართალი

სისხლიანი ზეწარი, ურო, და სხვა ნივთები: მაგდა პაპიძის სახლში გადაღებული გამოძიების (ფოტოები)

პროკურატურა მაგდა პაპიძის საქმის დეტალებს ასაჯაროებს. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უროზე, რომლითან პროკურატურის მტკიცებით დანაშაულის იარაღია, აღმოჩენილია მხოლოდ მაგდა პაპიძის კვალი.

ამასთანავე, პროკურატორის მტკიცებით, ბრალდებულმა პაპიძემ დანაშაულის დაფარვის მიზნით, სისხლის კვალის წაშაშლელად გაწმინდა იატაკი და ავეჯი. ნაგვის ურნიდან ამოღებულია გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი სხვა ნივთმტკიცებებიც: ომარ ქაფიაშვილის სისხლით დასვრილი ზეწარი, პირსახოცი, სხვადასხვა საოჯახო ნივთი, ტანსაცმელი, მუყაოს კოლოფები, წიგნები და რვეულები, ანუ ყველა ის ნივთი, რომელიც ოთახში ომარ ქაფიაშვილის შესაძლო მკვლელობის დროს დაისვარა სისხლით. აღნიშნული ნივთები, კვალის წაშლის მიზნით, სანაგვე ურნაში ბრალდებულმა მაგდა პაპიძემ გადაყარა.

“მაგდა პაპიძისა და ომარ ქაფიაშვილის საცხოვრებელ ოთახში, ანუ მკვლელობის უშუალო ადგილას, სისხლის კვალის წაშლის მიზნით გაწმენდილი იყო იატაკი და ავეჯი. სისხლის ლაქების აღმოსაჩენად გამოძიების მიერ გამოყენებული იქნა სპეციალური საშუალებები, რის შედეგადაც იატაკზე, ოთახში არსებულ კარადაზე, მაგიდაზე, ტუმბოზე, საწოლზე, დივანზე და ოთახის კედლებზე აღმოჩნდა ომარ ქაფიაშვილის სისხლის მრავალი კვალი.

შემთხვევის ადგილის – მაგდა პაპიძის და ომარ ქაფიაშვილის საცხოვრებელი ოთახის დათვალიერებით, სადაც აღმოჩნდა ომარ ქაფიაშვილის დიდი რაოდენობით სისხლის კვალი; ამოღებული ნივთმტკიცებებით: ურო, რომელზეც ექსპერტიზის დასკვნის თანახმად აღმოჩენილია მხოლოდ მაგდა პაპიძის დნმ-ის კვალი; გარდაცვლილის სისხლით დასვრილი სხვადასხვა საოჯახო ნივთები, ზეწრები, სისხლიანი ნაჭრები და ბალიში; სამეურნეო მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერით, სადაც ჩანს თუ როგორ გადაადგილდება მაგდა პაპიძე შვილთან ერთად და ხელში უჭირავს ურო; სამეურნეო მაღაზიის თანამშრომლის დაკითხვისა და ამოცნობის ოქმებით, რა დროსაც მაგდა პაპიძე ამოიცნო როგორც პირი, რომელმაც ურო შეიძინა; მაგდა პაპიძის დღიურის ჩანაწერით, საიდანაც დასტურდება მეუღლისა და შვილის მკვლელობის განზრახვა; სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რითაც დადგენილია ომარ და თორნიკე ქაფიაშვილის სიკვდილის დრო და მიზეზი; მაგდა პაპიძის მეგობარი მამაკაცის ჩვენებით, რომელიც მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა პაპიძის განწყობებთან დაკავშირებით, ომარ ქაფიაშვილის დედის – დარეჯან(ლილი) მინდიკაურის, მისი მეზობლების ირინა და ალა მარქაროვების ჩვენებებით, მობილური სატელეფონო კავშირის შესახებ ამოღებული ინფორმაციით და სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით (გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე საჯაროვდება მტკიცებულებათა ნაწილი), დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით დგინდება, რომ მაგდა პაპიძემ ჩაიდინა დამამძიმებელ გარემოებებში მეუღლისა და შვილის განზრახ მკვლელობა. საქმეზე გამოძიება გრძელდება და საბოლოო შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას” – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

შეგახსენებთ, მაგდა პაპიძე მეუღლისა და 5 წლის შვილის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით, 2015 წლის 20 დეკემბერს დააკავეს. ბრალდების თანახმად, პაპიძემ, თავის არეში უროს ჩარტყმით მოკლა მეუღლე ომარ ქაფიაშვილი და გაგუდა მცირეწლოვანი შვილი, რის შემდეგაც შეეცადა დანაშაულის კვალის წაშლას.

სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით დადგენილია, რომ „ომარ ქაფიაშვილის სიკვდილის მიზეზია ქალა-ტვინის ღია ბლაგვი ტრავმა, ქალას სარქველისა და ფუძის ძვლების მრავალფრაგმენტოვანი დამსხვრეული მოტეხილობითა და ქალას ღრუში სისხლჩაქცევით. გვამს ზურგზე აღენიშნებოდა თრევის შედეგად განვითარებული ნაჭდევები”.  რაც შეეხება 5 წლის თორნიკე ქაფიაშვილს, მისი სიკვდილის მიზეზია „ასფიქსია, რომელიც გამოწვეულია ცხვირ-პირის შესავლების გადაკეტვით”, ანუ გაგუდვით. პროკურატურის განცხადებით, მაგდა პაპიძისათვის ჩატარებული ფსიქიატრიული და ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ დანაშაულის ჩადენის დროს იგი იყო შერაცხადი და არ იმყოფებოდა აფექტის მდგომარეობაში.

56793421

 

 

იტვირთბა....