ნიდერლანდები მზად იქნება შექმნას ახალი, გაეროს მიერ მხარდაჭერილი ტრიბუნალი, რათა განიხილოს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის საქმე. ამის შესახებ განცხადება ორშაბათს ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა.
ევროკავშირთან ერთად, ნიდერლანდები ეძებს საერთაშორისო მხარდაჭერას და დაფინანსებას ტრიბუნალისთვის – თქვა ვოპკე ჰოექსტრამ და დასძინა, რომ ახალი სასამართლო არ უნდა ჩაერიოს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) მუშაობაში, რომელიც ასევე მდებარეობს ნიდერლანდებში.
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გასულ თვეს თქვა, რომ საჭირო იქნება ახალი ტრიბუნალი ფართო საერთაშორისო მხარდაჭერით, რათა ყველა დარწმუნებული იყოს, რომ რუსეთის შეჭრა დაუსჯელი არ დარჩება.
საერთაშორისო სამართლის მიხედვით დანაშაულის აღიარების მიუხედავად, იურიდიული ექსპერტები ამბობენ, რომ ICC-ის იურისდიქცია აგრესიაზე ვრცელდება მხოლოდ წევრ სახელმწიფოებზე და სახელმწიფოებზე, რომლებიც დათანხმდნენ მის იურისდიქციას, როგორიცაა უკრაინა, მაგრამ არა რუსეთი.
“მზარდი კონსენსუსია იმის შესახებ, რომ ჩვენ გვჭირდება სპეციალური ტრიბუნალი აგრესიის აქტის, ომის დაწყების დანაშაულის გასასამართლებლად. ამას ვერ გააკეთებს ICC”, – თქვა ჰოექსტრამ.თუმცა, ICC-ის პროკურორმა კარიმ ხანმა გასულ კვირას თქვა, რომ მისი სასამართლო საუკეთესოა აგრესიის დანაშაულებებთან დაკავშირებული სასამართლო პროცესებისთვის, და რომ წევრ ქვეყნებს შეუძლიათ გამოასწორონ „ხარვეზები, რომლებიც, როგორც ამბობენ, არსებობს“.