პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი თავდაცვის კოდექსში დაანონსებულ ცვლილებებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, როგორც იქნა მთავრობამ გაიღვიძა. ელისაშვილს მიაჩნია, რომ ყველა ახალგაზრდამ უნდა გაიაროს დაწყებითი საბრძოლო მომზადების პროგრამა.
„ძლივს, ძლივს, როგორც იქნა, მთავრობამ გაიღვიძა. თავდაცვის კოდექსი მუშავდებოდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში, უშუალოდ ვიყავი ჩართული, როგორც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი. კარგია, რომ ბოლოს და ბოლოს მიხვდნენ, რომ ეს აუცილებელი, სწორია. სტუდენტები არ უნდა მიდიოდნენ ყარაულებად არც სახელმწიფო დაცვის პოლიციაში და მით უმეტეს სასჯელაღსრულებაში. ყველა ახალგაზრდამ უნდა გაიაროს დაწყებითი საბრძოლო მომზადების პროგრამა. ყველამ უნდა გაიაროს ათეულის, ოცეულის, ასეულის და ბატალიონის დონეზე მომზადება. ისეთ რეგიონში და ისეთ გარემოში ვართ, იარაღის ხმარება ყველამ უნდა იცოდეს. საბრძოლო მომზადება უნდა გაიაროს მხოლოდ და მხოლოდ თავდაცვის ძალებში, არანაირი გამონაკლისები რელიგიური ნიშნით. „გირჩის“ ის რაღაც მავნებლობა იყო და ეს მავნებლობა უნდა დასრულდეს. ჩვენ ისეთ რეგიონში ვცხოვრობთ, ამ ქვეყანაში ყველამ უნდა იცოდეს იარაღის ხმარება. მიმაჩნია, ამ ეტაპზე უნდა იყვნენ ბიჭები, მაგრამ თანდათან ქალებმაც გაიარონ საბრძოლო მომზადება, როგორც ფინეთში, ისრაელშია და როგორც ყველა მსგავსი გამოწვევების მქონე ქვეყანაშია“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.