ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდმა გამოაქვეყნა ინფორმაცია სხვადასხვა ქვეყანაში 30 კორუმპირებული პოლიტიკური ფიგურის, ადამიანის უფლებების დამრღვევებისა და კონფლიქტებთან დაკავშირებულ სექსუალურ ძალადობაში დამნაშავე პირებისათვის სანქციების დაწესებაზე.
სასანქციო სიაში რუსეთის ძალოვანი და სამხედრო სტრუქტურების 5 თანამშრომელიც მოხვდა.
კერძოდ, შემაკავებელი ზომები დააწესეს ვალენტინ ოპარინის მიმართ, რომელიც არის იუსტიციის მაიორი და რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საგამოძიებო კომიტეტის სამხედრო საგამოძიებო დეპარტამენტის 534-ე განყოფილების გამომძიებელი. ასევე, სანქციები დაუწესდა როსტოვის ოლქის პროკურატურის დეპარტამენტის ხელმძღვანელს ოლეგ ტკაჩენკოს. ბრიტანეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ ისინი ხელს უშლიდნენ წამების შესახებ საჩივრების შეტანას და ტკაჩენკომ მტკიცებულებების მოსაპოვებლად წამება გამოიყენა.
სანქციების ქვეშ მოხვდნენ ასევე რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თანამშრომელი ოკუპირებულ ყირიმში ანდრეი ტიშენინი და უფროსი დეტექტივი ოკუპირებულ ნახევარკუნძულზე არტურ შამბაზოვი. მათ 2015 წელს აწამეს უკრაინელი აქტივისტი ალექსანდრე კოსტენკო.
სანქციები ასევე დაუწესდა რუსეთის არმიის პოლკოვნიკს, 90-ე სატანკო დივიზიის მეთაურს, რამილ იბატულინს. აღნიშნული სატანკო დივიზია უკრაინაში რუსეთის უკანონო სრულმასშტაბიანი უკანონო შეჭრის დაწყების დღიდან ფრონტის ხაზზე იმყოფებოდა.