ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დაღუპული მეომრების ფოტოები მერიამ 9 აპრილის მემორიალიდანაც გადაიტანა – რა განმარტებას აკეთებს მერია

თბილისის მერიამ უკრაინაში დაღუპულ ქართველ სამხედროთა ფოტოსურათები თავისუფლების მოედნიდან და 9 აპრილის მემორიალიდან დროებით გმირთა მოედანზე გადაიტანა. დედაქალაქის მთავრობა ამ ცვლილებასთან დაკავშირებით განმარტებით განცხადებას ავრცელებს.

„გვინდა, ვაცნობოთ საზოგადოებას, რომ უკრაინაში გარდაცვლილ ქართველ მეომართა ფოტოსურათები, რომელიც საახალწლო დღესასწაულისთვის განკუთვნილ სივრცეში იყო განთავსებული, დროებით გადატანილია გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალთან.

ახალ წელს ხვდებიან და ქალაქებს ნაძვის ხეებით რთავენ საომარ მდგომარეობაში მყოფ უკრაინაშიც კი. ამ ფონზე, ცალკეული პოლიტიკოსების მცდელობა, თბილისელებს წაართვან ახალი წელი, ნაძვის ხეს შემოავლონ შავი ლენტები და დაღუპული მებრძოლების ფოტოსურათები განათავსონ სადღესასწაულო სივრცეში, არანაირ მორალურ ჩარჩოში არ ჯდება.

აქედან გამომდინარე, თბილისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინაში გარდაცვლილ მებრძოლთა ფოტოსურათები საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან გადაეტანა. ამით, პირველ რიგში, პატივს მივაგებთ დაღუპულთა ხსოვნას და თბილისელებსაც მიეცემათ ახალი წლის სათანადოდ აღნიშვნის შესაძლებლობა. ახალ წელს სიხარულით ელის ყველა, განსაკუთრებით, პატარები. დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე და რუსთაველის გამზირი უნდა იყოს ადგილი, სადაც ადამიანები ახალ წელს ბედნიერებას და სიხარულს დაიბედებენ,“ – წერს მერია.

მერვე თვეა, თბილისში, 9 აპრილის მემორიალთან, უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ფოტოებს ტოვებენ. ყველაფერი დაიწყო მარტში, როცა პარლამენტთან პატივი მიაგეს 2022 წელს რუსეთის აგრესიისას დაღუპული პირველი ქართველი მებრძოლების ხსოვნას. პროცესი გაგრძელდა და მემორიალზე რუსეთის მიერ წარმოებული ომის მსხვერპლთა პორტრეტებმა იმატა“ , – აღნიშნულია განცახდებაში.

იტვირთბა....