მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში, სავარაუდოდ, დაეცა. გიული ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილს სახეზე დალურჯება აღენიშნებოდა.
რაც შეეხება მესამე პრეზიდენტის ზოგად ჯანმრთელობის მდგომარეობას, ოჯახის წევრების ინფორმაციით, ის კვლავ მძიმეა და დაუყოვნებლივ საჭიროებს საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას.
“გავიგე თითქოს, რომ დაეცა, თუმცა თვითონ არაფერი უთქვამს, რატომღაც მიმალავს. გუშინ საღამოს რომ ვიყავი უკვე აღარ ჰქონდა, რაღაცები დამადესო. წნევა ჰქონდა მაღალი და საერთოდ არ აქვს მაღალი წნევა, შეიძლება მაგის ბრალი იყო, შეიძლება საერთო სისუსტის. ჩემი მოლოდინი არის, რომ სასამართლომ ობიექტური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ყველა ამ დიაგნოზზე დაყრდნობით. ეს ძალიან სასწრაფოა”, – თქვა გიული ალასანიამ.
ამერიკელი ექსპერტების მიერ ჩატარებული კვლევების დასკვნა 2 დეკემბერს გასაჯაროვდა. ტოქსიკოლოგიურ დასკვნაში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში დიდი რაოდენობით ვერცხლისწყალი და დარიშხანია აღმოჩენილი. დასკვნის ავტორი დევიდ სმიტი აღნიშნავს იმასაც, რომ ნივთიერებები მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში ციხეში შესვლის შემდეგ მოხვდა.
ამ დასკვნის საფუძველზე ადვოკატები სასამართლო სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობას დააყენებენ. სხდომა მომდევნო კვირაში ჩაინიშნება.