ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ტრანსნაციონალური გამოძიების ფარგლებში ოთხი ქვეყნის ტერიტორიაზე სპეციალური ღონისძიებები ჩატარდა. ირკვევა, რომ ჩხრეკა ჩატარდა ვაკეში, აქსის თაუერში მდებარე ოფისებშიც, რომელიც ბიზნესმენ იოსებ მგელაძის მფლობელობაშია. თავის მხრივ, იოსებ მგელაძე თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ბიზნესპარტნიორია.
“საქართველოს პროკურატურის და 7 ქვეყნის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის მიერ, ერთდროულად სამი ქვეყნის – საქართველოს, ალბანეთის და ჩრდილოეთ მაკედონიის ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი ღონისძიება ჩატარდა.
ფართომასშტაბიან ღონისძიებაში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის 60 და საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების 300-მდე თანამშრომელი მონაწილეობდა.
ღონისძიების ფარგლებში, განხორციელდა ხუთი ე.წ. ქოლცენტრის, ათეულობით ფიზიკური პირის, მათი საცხოვრებელი ბინების, ავტომანქანების და სამუშაო ადგილების ჩხრეკა. ამოღებულია ასეულობით ელექტრონული მატარებელი, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა. ათეულობით ობიექტიდან გამოთხოვილია ელექტრონული ინფორმაცია. ამავდროულად ყადაღა დაედო სავარაუდოდ დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ქონებებს და საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ თანხას“, – განაცხადეს გენერალურ პროკურატურაში დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.